კალათბურთი

15:30 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძე მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა

სასიხარულო ამბავი – საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ მძიმე ტრავმა მოიშუშა და პირველი მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველ ფორვარდს იძულებით დაახლოებით წელიწადნახევარი გაუცდა და ამ პერიოდში “მორაბანკ ანდორადან” ესპანურსავე “გიპუზკოა ბასკეტში” გადაბარგდა.

ბურჯანაძე ახალი გუნდის განაცხადში პირველად 12 სექტემბრის მატჩში გამოჩნდა, თუმცა, მაშინ მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია. იმ შეხვედრაში “გიპუზკოა ბასკეტმა” მადრიდულ “ფუენლაბრადასთან” 60:69 წააგო.
აი, “სარაგოსასთან” მოგებულ (91:87) მატჩში კი ბექა პირდაპირ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 8 ქულის ჩაგდებაც მოახერხა.
“გიპუზკოა ბასკეტს” მომდევნო საკონტროლო შეხვედრა 20 სექტემბერს “სან პაბლო ბურგოსთან” ელის და იმედია, რომ ქართველი ლეგიონერი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება.
ცხადია, ბურჯანაძის გამოჯანმრთელება კარგი ამბავია საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელსაც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კიდევ 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი.
თავად ბექა მოედანზე ნანატრ დაბრუნებას ასე გამოეხმაურა: “ჩემთვის დიდებული დღე იყო. თითქმის წელიწადნახევრის მერე მოედანზე პირველად გავედი და საკონტროლო მატჩში მონაწილეობა მივიღე. მინდა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც რთულ პერიოდში გვერდით მედგა, დიდი მადლობა გადავუხადო. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს დღე დამდგარიყო”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11713