ფეხბურთი

2:17 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: „სევილია“ სენსაციურად დამარცხდა

ლა ლიგის მეოთხე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. „სევილია“ „სანჩეს პისხუანზე“ „ხეტაფეს“ დაუხვდა და სენსაციური მარცხი განიცადა.

ანდალუსიელებმა ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარეს, მთელი მატჩის განმავლობაში კარში ზუსტად დარტყმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს და აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარაა, რომ წააგეს.

მატჩის ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ორივე შემთხვევაში თავის გამოჩენა ანხელმა მოახერხა: მე-3 წუთზე მოლინას მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა და ეპიზოდი სათანადოდ დაასრულა, ხოლო 38-ე წუთზე მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო - 0:2.

„ვილიარეალი“ გასვლაზე „ლეგანესს“ დაუპირისპირდა და კარლოს ბაკას გოლით იმარჯვა, რომელმაც 65-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და „ყვითელ წყალქვეშა ნავებს“ მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა 49-ე წუთზე პენალტი გააფუჭეს: კარილიომ ააცილა.

„ესპანიოლმა“ „კორნელია ელ პრატზე“ სერხიო გარსიას გოლით „ლევანტე“ დაამარცხა და მეორე საშინაო გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „ალავესმა“ იბაის მიერ 93-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, გასვლაზე „ვალიადოლიდს“ მოუგო.

ვალიადოლიდი - ალავესი 0:1 (0:0)

გოლი: იბაი (93)

ესპანიოლი - ლევანტე 1:0 (0:0)

გოლი: ს.გარსია (52)

ლეგანესი - ვილიარეალი 0:1 (0:0)

გოლი: ბაკა (65)

49-ე წუთზე კარილიომ (ლ) პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)

სევილია - ხეტაფე 0:2 (0:2)

გოლები: ანხელი (3; 38)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101816