ავტოსპორტი

1:27 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერი „ფერარიში“ რაიკონენს შეცვლის

გადაწყდა - მომავალ სეზონში „ფერარიში“ სებასტიან ფეტელს თანაგუნდელად შარლ ლეკლერი ეყოლება. 20 წლის მონაკოელი წითლებში კიმი რაიკონენს შეცვლის, რომელიც „ზაუბერს“ დაუბრუნდება, სადაც 2001 წელს დაიწყო კიდეც ფ1-ში მისი კარიერა.

ლეკლერი ფორმულა 2-ის 2017 წლის სეზონის ჩემპიონია. მიმდინარე სეზონი მისთვის სადებიუტოა და მან უკვე მოასწრო ყურადღების მიქცევა, რაშიც აშკარად გაუმჯობესებული „ზაუბერი“ დაეხმარა. მართალი, ახალ გარემოსთან ადაპტაცია თავიდან გაუჭირდა, მაგრამ ლეკლერი ახლა უკვე ის ძალაა, რომელიც ხშირად ახერხებს კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გასვლას და ქულების მოპოვებასაც (უკვე 13 დააგროვა) რეგულარულად ახერხებს. მისი საუკეთესო შედეგი ბაქოში დაფიქსირდა, სადაც რბოლა მე-6 ადგილზე დაასრულა.

„რბოლებში, რომლებში მონაწილეობაც მიიღო, მან სრულად გამოიყენა თავისი შესაძლებლობები. ის აგროვებს ქულებს მანქანით, რომელიც რბოლებს ქულებში ვერ უნდა ამთავრებდეს. ის აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“, - ამბობს ლეკლერის მომავალი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი.

მონაკოელის მიმართ საქებარ სიტყვებს არც მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი იშურებს: „მას აქვს იმის პოტენციალი, რომ ფორმულა 1-ში ბევრს მიაღწიოს. თქვენ ამას ყველა ბავშვზე ვერ იტყვით, რომლებიც აქ წინა წლებში მოსულან“.

მოკლედ, ლეკლერი გახდბა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი, ვისაც „ფერარის“ წევრობის პატივი ერგო. ამასთან, ის იტალიური საჯინიბოს პირველი მონაკოელი მრბოლია. და არის „ფერარის“ ახალგაზრდა მრბოლთა აკადემიის (რომელიც 2009 წლიდან მუშაობს) პირველი კურსდამთავრებული, ვისაც მარანელოელთა გუნდში გამოსვლის საშუალება მიეცემა.

0.107907