ფეხბურთი

22:25 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიქსუ პაატელაინენი: "თერთმეტმეტრიანი არ იყო, ქართველმა გააფორმა!"

ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა საქართველოსთან (0:1) მატჩი შეაფასა. 51 წლის ფინელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და შეგირდები შეაქო.

პაატელაინენმა უკმაყოფილება გამოთქვა მსაჯის გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ თერთმეტმეტრიანი, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა, დასანიშნი არ იყო:

“თამაში ზუსტად ისე წარიმართა, როგორი გეგმაც გვქონდა. მსურს, ჩემი გუნდი შევაქო თავდადებისთვის, გვქონდა ორი მომენტი, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. ჩვენ საქართველოს ნაკრები თითქმის მთელი თამაშის განამვლობაში გავაკონტროლეთ. ვწუხვართ, რომ ასეთი გოლი გავუშვით, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებაზე საუბარი არ მინდა.

იმ შემთხვევაში თუ ყველა დანარჩენ თამაშს მოვიგებთ, მაშინ შანსი გვაქვს. ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ფავორიტია, რადგან ძალიან კარგად დაიწყო, ჰყავს კარგი და გამოცდილი ფეხბურთელები ისევე, როგორც მწვრთნელი. თუმცა, მთლიანობაში თანაბარი ჯგუფია და შანსი ანდორის ნაკრებსაც გააჩნია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდება.

ძალიან რთულია ჩემთვის შედარება. დავიწყოთ იმით, რომ ფინეთი და ლატვია ძალიან განსხვავდებიან. საქართველოს მაშინაც სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავდა და ახლაც ასეა. ისე კი, ჩემთვის ნამდვილად რთულია, მაშინდელი და დღევანდელი საქართველოს ნაკრების შედარება.

ვფიქრობ, თერთმეტმეტრიანი არ იყო. ჩემი აზრით, ქართველმა ფეხბურთელმა გააფორმა და მსაჯს უფრო მეტი ყურადღებით უნდა ემოქმედა. კიდევ ვიმეორებ, ვფიქრობ, პენალტი არ ყოფილა. რაც შეეხება ყვითელ ბარათებს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო არბიტრმა და ახლა ნამდვილად არ მსურს ამ საკითხზე საუბარი.

ლატვია უფრო კარგად თამაშობს მაშინ, როდესაც დაცვიდან გვიწევს თამაშის აწყობა, ვიდრე პირველ ნომრად. ანდორასთან ამიტომაც იყო რთული თამაში, ხოლო დღეს თამაში სწორედ ამიტომ იყო ადვილი და კიდევ ერთხელ მინდა შევაქო ჩემი ფეხბურთელები, რომლებმაც დავალებები კარგად შეასრულეს”, - განაცხადა პაატელაინენმა.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს, ხოლო ლატვიას – ერთი.

0.140244