ძიუდო

21:20 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ: სომეხი ძიუდოისტები აზერბაიჯანში არ მიდიან

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ, რომელიც 20-27 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გახლავთ დაგეგმილი, სკანდალი მწიფდება. დღევანდელი მდგომარეობით, მეზობელ ქვეყანაში ჩასვლას არ აპირებს სომხეთის ეროვნული ნაკრები, რომელიც აღნიშნულის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების არარსებობას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბული ვითარებაა, რაც ტერიტორიულ დავას უკავშირდება. ჯერ კიდევ 1988 წლიდან მოყოლებული ქვეყნები მთიანი ყარაბახის რეგიონისთვის იბრძვიან, რომელმაც აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სომხეთისა და რაც მთავარია, რუსეთის ხელშეწყობით, სტატუს-ქვოს დღემდე ინარჩუნებს.

აღნიშნულის გამო, მეზობლებს შორის, ვითარება სპორტულ ასპარეზზეც არაერთხელ დაძაბულა, ახლა კი, მორიგი დაპირისპირების მომსწრენი ვართ. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება უკვე გააკეთა სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

“სომხეთის ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაემგზავრება. ქვეყანა, სადაც ტურნირი იმართება, უარს ამბობს სომხური დელეგაციისთვის უსაფრთხოების ოფიციალური გარანტიები წარმოადგინოს”.

არსებულ ვითარებას გამოეხმაურა ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, რუსი სერგეი სოლოვეიჩიკიც: “თუკი პრობლემა არ მოგვარდა, ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ძიუდო გაერთიანების საშუალებაა, სპორტსმენები კი პოლიტიკის მიღმა უნდა იყვნენ. ჩვენ ერევანში ევროპის ჩემპიონატი ჩაგვიტარებია და მაშინ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ტატამზე აზერბაიჯანელი ძიუდოისტებიც გვეხილა. მაშინ ამ ქვეყნის ჰიმნიც აჟღერდა და დროშაც ფრიალებდა. იგივე იყო ბაქოშიც, როდესაც ევროპული თამაშები გაიმართა. ვფიქრობ, პრობლემის მოგვარების გარკვეული რესურსი კიდევ არსებობს, თუმცა, დრო ცოტა რჩება”.

ცნობისთვის, როგორც 2016 წლის ოლიმპიადაზე, ასევე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სომხეთის ძიუდოისტთა ნაკრები მედლის გარეშე დარჩა, თუმცა, მის რიგებში ძლიერი სპორტსმენები მაინც არიან. მათგან ფერდინანდ კარაპეტიანი უნდა გამოვარჩიოთ. ის 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ და ამასთან, წლეულსვე, ეკატერინბურგისა და დიუსელდორფის გრანდ სლემებზე, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს აღებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112273