ფეხბურთი

10:45 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება: ფრთხილი ტაქტიკა და ინდივიდუალიზმის ფასი

საქართველოს ნაკრები უკვე თბილისშია და დღეიდან ლატვიის ნაკრებთან მატჩისთვის იწყებს მზადებას. იქამდე, “ჯვაროსნებმა” ასტანაში, ყაზახეთი მშრალად დაამარცხეს და პირველი ტურის შემდეგ უკვე ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

WORLDSPORT.GE ტრადიციულად, ნამატჩევს წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს:

გიორგი ლორია 5.5 – ვლადიმირ ვაისმა უთამაშებლობის მიუხედავად კარის დაცვა გიორგი ლორიას ანდო. გამოცდილ კიპერს სათამაშო პრაქტიკის არქონა ეტყობოდა კიდეც. პირველ ტაიმში გამოსვლაზე ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და რომ არა, გიორგი ნავალოვსკის გმირობა, გოლი გარდაუვალი იყო. ამ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, სხვა ლაფსუსი არ ჰქონია. მეორე ტაიმში, როდესაც 1:0 იყო ანგარიში ახლო მანძილიდან არ გაატანინა მეტოქეს და ეს აქტივში უნდა შევიტანოთ.

ოთარ კაკაბაძე 5.5 – კაკაბაძისგან ბევრად კარგი თამაშები გვახსოვს და თანაც, ბოლო პერიოდში. ოთარის საუკეთესი მატჩი მართლაც არ ყოფილა, შეტევაში ნაყოფიერად ვერ ერთვებოდა და რამდენჯერმე ცუდი პასიც გააკეთა, რომელსაც ყაზახთა შეტევები მოჰყვა. პირველი ტაიმის ბოლოს შეტევაში ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ იჩქარა, პასს დარტყმა ამჯობინა და ცუდად დაარტყა.

სოლომონ კვირკველია 6.5 – არც კვირკველიასთვის ყოფილა საუკეთესო დღე. რამდენჯერმე პოზიციური შეცდომა დაუშვა, რამაც გამოიწვია ის, რომ ყაზახებმა მეორე სართულზე აჯობეს. თუმცა, იყო ეპიზოდები, როდესაც გუნდი უსიამოვნებას აარიდა. მთლიანობაში მისგან მეტ დამაჯერებლობას ვართ მიჩვეულნი.

გურამ კაშია 8 – ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა ვიცე-კაპიტანმა. ყოველთვის იყო იქ, სადაც საჭირო იყო. დაცვაში გურამი გაუვალი გახლდათ და მეტოქე შემტევისთვის შანსი არ მიუცია. დროულად აზღვევდა როგორც კვირკველიას, ისე ნავალოვსკის. და კიდევ, საგოლე შეტევა მან დაიწყო. კაკაბაძემ ფლანგიდან ცენტრის მიმართულებით ცუდი პასი გააკეთა, რაც მასპინძელთა სახიფათო კონტრშეტევას მოასწავებდა. მაგრამ კაშია იქვე გაჩნდა და ვარდნაში მეტოქეს დაასწრო, თანაც ყაზაიშვილს ზუსტი პასი გაუკეთა. ვაკომ გიორგი ჩაკვეტაძე მოძებნა და ანგარიშიც გაიხსნა.

გიორგი ნავალოვსკი 7.5 – ერთ-ერთი საუკეთესო. თავიდან ჩავარდნა ჰქონდა, რამდენჯერმე პოზიცია დაკარგა და მე-6 წუთზე გააფრთხილეს კიდეც. მაგრამ, მერე გაიხსნა და თან როგორ... გოლთან იყო ძალიან ახლოს, არ გაუმართლა, პირისპირ გავიდა, მაგრამ ორმა მცველმა გამოიტანა კარის ხაზიდან. მალევე გიორგი ლორიას შეცდომა თავად გამოასწორა და საკუთარი ხაზიდან აკრობატულ ნახტომში გუნდი გადაარჩინა. ულამაზესი ეპიზოდი გამოვიდა. გიორგის გმირობა კი ნამდვილად იყო გოლის ტოლფასი. არც მეტი, არც ნაკლები.

ჯაბა კანკავა 6.5 – კაპიტანი ბრძოლობდა და დაცვას ნაყოფიერად ეხმარებოდა. ბევრჯერ მოხვდა ყაზახებისგან ფეხებში, მნიშვნელვან მომენტებში ბურთის დაჭერასაც ახერხებდა.

ნიკა კვეკვესკირი 7 – მეორე ტაიმში ერთი ლაფსუსი მოუვიდა, რასაც სახიფათო იერიში მოჰყვა ჩვენს კართან. დანარჩენ მომენტებში კი შეუდარებლად ირჯებოდა და გუნდს დირიჟორობდა. ნიკა გამორჩეული იყო თავისი გუნდის რიგებში და არაერთხელ გაამწვავა თამაში. რაც მთავარია კომბინაციუ ფეხბურთს არ ერიდებოდა და ბურთის კონტროლსაც კარგად ახერხებდა.

გიორგი მერებაშვილი 5.5 – გიორგიმ ბევრი იბრძოლა, დაცვაში ჩამოდიოდა, ბურთთან ძალიან ხშირად იყო, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ვერ ივარგა და კარგი შეტევის განვითარება ვეღარ მოხერხდა. ერთხელ ახლოს იყო გოლთან, მაგრამ დარტყმას მოტყუება ამჯობინა მეკარის და ეს არ გამოდგა გამართლებული. პირველი ტაიმის ბოლოს კაკაბაძე დიდებული პასით ხელსაყრელ სიტუაციაშიც გაიყვანა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მერებაშვილი კლუბში ძირითადად მარცხენა ფლანგზე მოქმედებს და ამჯერად, მარჯვნივ თამაში ცოტა გაუძნელდა. მთლიანობაში ვაისის გადაწყვეტილება გასაგებია. მან არაბიძეს და პაპუნაშვილს მერებაშვილი ამჯობინა – გამოცდილი და ფიზიკურად ბევრად გამძლე.

ვაკო ყაზაიშვილი 6 – ეს არ იყო ვაკოს საუკეთესო თამაში. მეორე ტაიმში დაახლოებით 5-ჯერ მიყოლებით დაჯარიმდა მოედნის ცენტრში ორთაბრძოლებისას. თუმცა პასებიც ბლომად არიგა და შეტევის გამწვავებას სცდილობდა. მეორე გოლში დიდი წვლილი დაიდო, მან დაარტყა, მეკარემ აუღო, რასაც ავტოგოლი მოჰყვა. მთლიანობაში ყაზაიშვილს მეტი შეუძლია და უახლოეს თამაშებში გვჯერა, რომ ამას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.

დავით ხოჭოლავა შ.გ – მოედანზე 84-ე წუთზე დაცვის ხაზის გასამაგრებლად გამვოვიდა. ბუნებრივია, 6 წუთის გამო შეფასების გარეშე დარჩა.

გიორგი ჩაკვეტაძე 8.5 – მეორე მატჩი ეროვნულ ნაკრებში, მეორე გოლი. პირველი ოფიციალური მატჩი, პირველი გოლი. ის ქართული ფეხბურთის ბრილიანტია და არ უნდა გაჩერდეს, პირიქით, უნდა მოუმატოს. თავიდან ცოტა შებოჭილი გახლდათ და თამაშს ჩვეულად ვერ ამწვავებდა. მერე, ნელ-ნელა გაიხსნა. გიორგი ნავალოვსკი დიდებული პასით მეკარესაც შეუტია. აი, მეორე ნახევარში გიორგი თამაშიდან დიდი ხნის განმავლობაში იყო გამოთიშული. თუმცა, 69-ე წუთზე გაიბრწყინა. მისი ზრაპრული გოლი დავიწყებას, რომ არ მიეცემა, ფაქტია. ნებისმიერი რანგის ფეხბურთელი მოაწერდა ამ გოლს ხელს, ნებისმიერი რანგის შეხვედრაში. გიორგიმ მეორე გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა. სწორედ მან დაიწყო შეტევა და ყაზაიშვილი მოძებნა. გვილიაც ეხსნებოდა, მაგრამ ვაკოზე უფრო სწორი და გონუვრული გაგრძელება იპოვა, რამაც შედეგი გამოიღო. მერე შეცვალეს, ვაისი კი ჩაეხუტა...

თორნიკე ოქრიაშვილი შ.გ – ოქრიაშვილი დაბრუნდა. ის ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუმცა, ამ ჯერზე, 15 წუთში მისი თამაშის შეფასება ნამდვილად არ იქნება მართებული.

გიორგი ქვილითაია 6 – ძალიან ბევრი იშრომა, ძალიან ბევრ იბრძოლა. გიორგი იმ მოთამაშეთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც მომენტი უნდა შეუქმნა, თვითონ ვერ შექმნის. ამიტომაც, მას გოლის გატანის შანსი პრაქტიკულად არ ჰქონია. არ დაგვავიწყდეს, რომ ტრავმა დიდი ხნის მორჩენილი არ აქვს და საუკეთესო კონდიციებში არაა. მთლიანობაში კარგი შეხვედრა ჩაატარა.

ვაკო გვილია შ.გ – ვაკო გვილიას გამოჩენას ძირითად შემადგენლობაში ველოდით, მაგრამ ვაისი სხვაგვარად ფიქრობდა. ის დრო კი, რომელიც მოედანზე გაატარა, შესაფასებლად ნამდვილად არ გამოდგება.

ვლადიმირ ვაისი 7 – ვლადიმირ ვაისს ჰქონდა ამხანაგური მატჩები მოგებული, მაგრამ არ ჰქონდა ოფიციალური. ეს სადებიუტო გამარჯვება გამოდგა. ვაისმა გუნდი მეორე ნომრად ათამაშა და აშკარა იყო, რომ ფრთხილობდა. საბოლოოდ, შეგირდებმა გაუმართლეს ინდივიდუალურმა ოსტატობამ ბევრი რამ გადაწყვიტა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი შემადგენლობაც კარგად შეარჩია. მაგალითად ყაზახებს ნაცნობი საყრდენი დუეტი, კანკავა – კვეკვესკირი დაუპირისპირა და მოგებულიც დარჩა. მთლიანობაში როგორც უნდა იყოს, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, თანაც სადებიუტო გამარჯვებულებს...

Loading...
0.144094