ფეხბურთი

20:38 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ბიჭის წარმოდგენა და 3 ქულა!

პირველი კარგია, პირველი გადასარევია, პირველი ფანტასტიკურია! საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გახსნა და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო.

ძალიან გვეშინოდა ყაზახეთის და ეს გასაგებია, მაგრამ, გამარჯვება ახლა უფრო ფასეულია და უფრო სასიხარულოა. გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესირებს. საქართველოს ნაკრებმა თამაში სტუმრად მოიგოდა ეს 4 წელი არ ჰქონდა გაკეთებული. საქართველოს ნაკრებმა წნეხსაც გაუძლო და ვლადიმირ ვაისმა პირველი ოფიციალური გამარჯვებაც მოგვიტანა. შესანიშნავია, ქება და ქება, სხვა არაფერი გვეთქმის!

თამაში არ დაიწყო სასიამოვნოდ. გაგვიჭირდა შესვლა და საწყის წუთებში დაბნეულება იგრძნობოდა. ყაზახებიც სცდილობდნენ ჩვენს საჯარიმოსთან ხიფათის შექმნას, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დიდად გვანერვიულეს. სამაგიეროდ, ნელ-ნელა, საქართველოს ნაკრებმა “ასტანა არენას” ალღო აუღო და თამაშიც დაიწყო. პატარა გამწვავებაზეც იგრძნობოდა, რომ შეეძლო ვლადიმირ ვაისის გუნდს მეტოქის დამარცხება. კლასში სხვაობაც იგრძნობოდა. თუმცა, პირველ ტაიმში ერთი საგოლე მომენტი გვქონდა. მაგრამ, ისეთი, გოლი რომ გარდაუვალი ჩანდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მისთვის ჩვეული, მახვილგონივრული გადაცემით მეკარეს პირისპირ გიორგი ნავალოვსკი შეატოვა. გიორგი მცველია, უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდა. დაიბნა, ბოლოს მაინც მოარტყა ბურთს ფეხი, რომელიც კარისკენ მიდიოდა, მაგრამ მცველმა ხაზიდან გამოიტანა. მაგარი შანსი იყო. მალევე, ნავალოვსკი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, ისევ კარის ხაზზე, ოღონდ საკუთარი კარის. გიორგი ლორია შეცდა გამოსვლისას უხეშად, ყახაზმა ფორვარდმა დაარტყა, მაგრამ გიორგიმ მარკატელა დარტყმით გადაგვარჩინა. ეს, გატანილ გოლს უდრიდა. არც მეტი, არც ნაკლები.

პირველ ტაიმში დანარჩენი ტაქტიკური ბრძოლა იყო, თამაში ნაკლებად. მეორე ნახევარიც პირველი იდენტურად მიმდინარეობდა. ერთხელ გიორგი მერებაშვილი იყო ახლოს გოლთან, მეკარესთან პირისპირ. მაგრამ ვერ ივარგა, დარტყმას მოტყუება ამჯობინა და არ გამოდგა სწორი არჩევანი.

ამასობაში ერთი კაცის წარმოდგენის დრო ახლოვდებოდა. ეს კაცი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე გახლდათ. მასზე დიდ იმედს ვამყარებთ. არ გვინდა, ზედმეტი ქებით, ვაწყინოთ, არ გვინდა, რომ ტალანატი დაიკარგოს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. გიორგიმ დახატა და გიორგიმ თამაში მოგვაგებინა. ისტორიული თამაში.

ჩაკვეტაძემ 69-ე წუთზე ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მოედნის შუისკენ შეიწია და გაისროლა. გაისროლა ცხრიანში. იქ, სადაც ნენად ერიჩი კი არა, ჯიჯი ბუფონიც უძლური იქნებოდა. ფანტასტიკა იყო, წარმოუდგენელი გოლი. გოლი, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. პირველი გოლი ერთა ლიგის ისტორიაში! მაგარია, მაგარია, რომ ის ქართველის აქტივშია და ის ქართველი გიორგი ჩაკვეტაძეა. აღსანიშნავია, რომ საგოლე შეტევა გურამ კაშიას ჩინებული თამაშით დაიწყო, რომელმაც მოედნის ცენტრში არაზუსტი პასის შემდეგ მეტოქეს ვარდნაში დაასწრო, შეტევა ყაზაიშვილმა გააგრძელა და ჩაკვეტაძემ დაასრულა. დავწინაურდით, თამაში წავიყვანეთ. ამას მოჰყვა შეცდომა დაცვაში და გიორგი ლორიამ გადაგვარჩინა.

1:0 არ იყო საიმედო ანგარიში. მეორეც საჭირო იყო და მეორეც გავიტანეთ. და ვინ იყო მთავარ როლში?! რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძე. მან გაარღვია მოედნის ცენტრში მასპინძელთა დაცვა. კარგი სიტუაცია იყო, მარცხნივ გვილია ეხსნებოდა, მარჯვნივ – ყაზაიშვილი. გიორგიმ მეტოქეებს აჩვენა პასს გვილიას აძლევდა, მაგრამ ყაზაიშვილისკენ გაუშვა, დიდებულად იმოქმედა. ვაკომაც არ დააკლო, მცველი უსაქმოდ დატოვა, კუთხეშიც დაარტყა, მაგრამ ბრავო ერიჩს მოიგერია. მოიგერია, მაგრამ გაგვიმართლა და იქვე მდგომ მალის მოხვდა ბურთი. ავტოგოლი გავიდა. გაგვიმართლა და არ გაუმართლათ ყაზახებს, მაგრამ შეტევა იყო დიდებული და გოლით უნდა დასრულებულიყო. ასე უფრო სამართლიანი გახლდათ. ასე უფრო იყო ფეხბურთი.

თამაშის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა. საქართველომ მშვიდად შეინარჩუნა ანგარიში და მოიგო. მოიგო პირველი ოფიციალური თამაში ვლადიმირ ვაისმა, რომელმაც ძალიან კარგად წარმართა თამაში. საქართველოს ნაკრები თბილისში სამი ქულით მოდის.

9 სექტემბერს, “დინამო არენაზე” მეორე მნიშვნელოვანი მატჩია, ლატვიასთან. რომელიც, მოსაგებია და რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თუ გვინდა, რომ ასტანაში მიღწეული წარმატება წყალში არ გადავყაროთ. ახლა მთავარია, მიწაზე დავრჩეთ და მთელი ფიქრებით ერთა ლიგის მეორე ტურზე ვიყოთ. ასე უკეთესი იქნება!

ყაზახეთი – საქართველო 0:2 (0:0)

ასტანა, “ასტანა არენა”

მაყურებელი: 28 736

ყაზახეთი (4-5-1): ერიჩი; ბეისებეკოვი, პოსტნიკოვი, მალი, შომკო; ჟუკოვი, ისლამხანი (ჟაინუტდინოვი 81), კუატი (ტურისბეკი 76), მუჟიკოვი, მურთაზაევი (სეიდაჰმეტი 88); შჩეტკინი

მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კვეკვესკირი, კანკავა; მერებაშვილი, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 75); ქვილითაია (გვილია 65)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (74, ა.გ)

გაფრთხილება: კუატი (45) – ნავალოვსკი (6)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ჰალილ უმუთ მელერი (თურქეთი)

0.153072