ფეხბურთი

16:32 | 4.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდის საწყისი მიზანი ერთა ლიგის ქვეჯგუფში გამარჯვებაა, ხოლო დანარჩენს მომავალი აჩვენებს.

გარდა ამისა, ვაისმა ისაუბრა გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელებსა და მეკარეზე. სლოვაკმა დააანონსა, რომ ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ „ჯვაროსანთა“ კარს გიორგი ლორია დაიცავს.

„ამ ეტაპზე ვამჯობინე გამოცდილი ფეხბურთელების გამოძახება. გასაგებია, რომ ოქრიაშვილსა და მჭედლიძეს დიდი ხანი ტრავმა ჰქონდათ, არ უთამაშიათ, სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და შესაძლოა ბოლომდე სათამაშოდ მზად არ იყვნენ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ სარგებელი მოუტანონ გუნდს, განსაკუთებით, მეორე თამაშში. ამ ეტაპზე ასეთი კლასის მოთამაშეები უფრო გამოგვაგდება, ვიდრე ის ფეხბურთელები, რომლებიც არ გამოვიძახე.

ჩვენი მიზანია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იგივე მიზანი აქვთ დასახული სხვა გუნდებსაც. ახლა, მთავარია, რომ მზად ვიყოთ ყაზახეთთან მატჩისთვის. ჩვენ მხოლოდ გუშინ დავიწყეთ ვარჯიში, მაშინ, როდესაც ყაზახები უკვე 1 კვირაა შეკრებას გადიან. თანაც, სტანიმირ სტოილოვის განკარგულებაში ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც დიდი ხანია ერთად თამაშობენ. თუმცა, ჩვენ ფავორიტად ვითვლებით და მიზანიც ქვეჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.

ხელოვნურ მინდორზე თამაში საბაბი არ იქნება. მართალია, ბევრს უჭირს ასეთ საფარზე თამაში და მითუმეტეს, როდესაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვთ. თუმცა, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურ საფარზე არიან გაზრდილები და ყველანაირ საფარზე აქვთ ნათამაშები. ოქრიაშვილმაც მითხრა, რომ მზადაა ასტანაში ითამაშოს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ყველაზე კარგად ყაზახეთის ნაკრებს ვიცნობ, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას სტოილოვზეც. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჩვენს ფიზიკურ მომზადებაზე, ტაქტიკურ მონახაზზე, სტანდარტულების დროს თამაშზე. რაც შეეხება ტექნიკურ არსენალს, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენს გუნდს უპირატესობა აქვს.

როგორც იცით, გიორგი მაკარიძემ ზურგის ოპერაცია გაიკეთა და დიდი ხნით გამოგვაკლდა. გიორგი ლორიას გარდა ჩვენ გვყავს როინ კვასხვაძე და ლაზარე კუპატაძე, რომლისთვის ეს დიდი შანსია. თუმცა, ამჟამად ჩვენი პირველი მეკარე გიორგი ლორიაა, რომელსაც ვესაუბრე და მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მისი გამოცდილების და კლასის გვჯერა.

თავდამსხმელებს რაც შეეხება, რთული სიტუაციაა. თუ ფორვარდად ვაკო ყაზაიშვილს ჩავთვლით, მის გარდა კლუბში სტაბილურად არავინ არ თამაშობს. თამაშამდე დრო ჯერ კიდე დარჩენილია, შევაფასებთ სიტუაციას და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ნაკრები ყაზახეთში ხვალ გაემგზავრება და 6 სექტემბერს, ასტანაში, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს. სამი დღის შემდეგ კი "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.111071