ფეხბურთი

22:04 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიამ ისევ გაიტანა! (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა გიორგი ქვილითაიამ! მეექვსე ტურში "გენტმა" სტუმრად "სერკლ ბრიუგე" ადვილად 3:0 დაამარცხა და მესამე გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა.

გიორგი მოედანზე 85-ე წუთიდან გამოჩნდა იერემჩუკის ნაცვლად და მიუხედავად მწირი სათამაშო დროისა, შანსი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მეკარის გადაცემით იხეირა, მცველს ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ივარგა. ქვილითაიამ ბელგიის ჩემპიონატში მეორე თამაში ჩაატარა და უკვე ორი გოლი აქვს გატანილი. ნიშანდობლივია, რომ ხსენებულ ორ შეხვედრაში 24 წლის ფორვარდი მოედანზე ჯამში 8 წუთის განმავლობაში იყო და ბუნებრივია, 2 გოლი მართლაც ფასეული შედეგია (გარდა ამისა "ბორდოსთან" ევროპა ლიგაზეც ითამაშა).

ამავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო და თანაგუნდელთა შორის გამორჩეულიც გახლდათ. "გენტმა" კი ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო 13 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

აქვე გეტყვით, რომ აწ უკვე განვლილი უიქ-ენდი ერთობ ნაყოფიერი გამოდგა ქართული ლეგიონისთვის. გიორგი ქვილითაიას გარდა, გოლები გაიტანეს ლუკა ზარანდიამ, გიორგი აბურჯანიამ, ვაკო ყაზაიშვილმა, საბა ლობჟანიძემ და გიორგი ხარაიშვილმა, ხოლო გიორგი მერებაშვილმა საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115182