ავტოსპორტი

1:59 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენი იტალიის დიდი პრიზის პოულზე

„ფერარის“ კიმი რაიკონენმა იტალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი წრით მოიგო. მარანელოელთა ორივე მრბოლმა, სასტარტო მოწინავე რიგის ორივე პოზიცია დაისაკუთრა, ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი კი მხოლოდ მესამე პოზიციას დასჯერდა.

გამარჯვებულს პოულის ჯილდო, რომელიც „პირელის“ აქვს დაწესებული - საბურავის მოდელი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკ შუმახერმა გადასცა.

ფინელმა პილოტმ მონცას წრე წუთსა და 19.119 წამში გაიარა, მისმა საშუალო სიჩქარემ კი 263.587 კმ/სთ-ს მიაღწია. წინა რეკორდი კოლუმბიელ ხუან პაბლო მონტოიას ეკუთვნოდა, რომელმაც 2004 წლის რბოლის კვალიფიკაციაზე, მონცას ერთი წრე „უილიამსის“ მანქანით, წუთსა და 19.525 წამში გაიარა. მონტოიას ეს დრო დღეს რაიკონენის გარდა, ფეტელმა და ჰამილტონმაც გააუმჯობესეს.

ეს იყო რაიკონენის პირველი პოული მონაკოს შარშანდელი კვალიფიკაციის შემდეგ და კარიერაში მე-18. „ფერარიმ“ კი საშინაო რბოლის კვალიფიკაცია 2010 წლის შემდეგ (ფერნანდო ალონსო) პირველად მოიგო. რაიკონენს, ვინც ახლა 38 წლისაა, ფორმულა 1-ის რბოლა 2013 წლის შემდეგ (ლოტუსი) არ მოუგია. ის ფ1-ის ყველაზე ხნიერი პილოტია, ვინც პოულის მოგება 1994 წლის შემდეგ შეძლო. 1994 წელს სეზონის ბოლო ეტაპის, ავსტრალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში 41 წლის ნაიჯელ მენსელმა გაიმარჯვა. კიდვ ერთი საინტერესო ფაქტი - „ფერარის“ პილოტებმა მონცაზე რბოლის სტარტზე პირველი რიგი ბოლოს 2000 წელს დაიკავეს. მაშინ ეს მიხაელ შუმახერმა და რუბენს ბარიკელომ შეძლეს.

პოულის მფლობელის ვინაობა კვალიფიკაციის ბოლო წამებზე გაირკვა. ჯერ ჰამილტონმა დააფიქსირა საუკეთესო დრო, მაგრამ რამდენიმე წამში მას ფეტელმა აჯობა. და მაშინ, როცა გერმანელმა გამარჯვების აღსანიშნად, რადიოში თავისიანებს გასძახა - „იეს!“, ფინიშის ხაზი რაიკონენმა გადაკვეთა, რომელმაც თანაგუნდელს 0.161 წამით აჯობა. ეს რომ გაიგო, გუნდს მიაძახა, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთო.

„რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო ჩემი სუფთა წრე. ჩემი აზრით, უკეთ გავლაც შემეძლო. ბევრგან დრო დავკარგე. და გამიმართლა, რომ მეორე დრო მაქვს და არა მესამე“, - განაცხადა ფეტელმა და უარი თქვა იმის განმარტებაზე, რაც თავის გუნდს წაგების შემდეგ უთხრა.

აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციაზე ეგრეთ წოდებული წამყვანის პოზიციაზე ფეტელი იყო, რაიკონენი კი მის უკან, გაუხშოებულ სივრცეში მოძრაობდა, რაც მას სიჩქარის გაზრდის საშუალებას აძლევდა. ფეტელის თქმით, ის და ფინელი პოზიციებს მორიგეობით ცვლიან და ამჯერად წინ ყოფნამ მას მოუწია. ოღონდ, მისი უკმაყოფილების მიზეზი ეს არ ყოფილა.

მართალია, ყველაზე ცუდი დრო „მაკლარენის“ სტოფელ ვანდოორნს ჰქონდა, მაგრამ სტარტზე მის უკან სამი პილოტი - დანიელ რიკიარდო, ნიკო ჰულკენბერგი და მარკუს ერიკსონი განლაგდება. ავსტრალიელს ძრავი შეუცვალეს და ამის გამო, პელოტონის კუდში განლაგდება. ჰულკენბერგს კი ის სასჯელი გამოჰყვა, რომელიც სტიუარდებმა სპა-ს რბოლის დასაწყისში, მისი მიზეზით მომხდარი დიდი ავარიის გამო მიუსაჯეს.

რაც შეეხება ერიკსონს, მეორე თავისუფალი პრაქტიკის დასაყისში მომხდარმა ავარიამ (როცა მისი სიჩქარე 300 კმ/სთ-ზე მეტი იყო), მისი „ზაუბერის“ შასი გაანადგურა. ახალ შასიზე გადასვლის გამო, ის სტარტზე ბოლო დადგება. თუმცა მთავარი ისაა, რომ იმ ავარიას უვნებლად გადაურჩა.

იტალიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:19.119
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:19.280
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:19.294
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:19.656
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:20.615
  6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:20.936
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:21.041
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რეისინგ პოინტი) 1:21.099
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:21.350
  10. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:21.627
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:21.669
  12. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:21.732
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:22.568
  14. სერხიო პერესი (მექსიკა,რეისინგ პოინტი) 1:21.888
  15. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:21.889
  16. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:21.934
  17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:22.085
  18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) დროის გარეშე
  19. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) დროის გარეშე
  20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:22.048
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.194373