ფეხბურთი

14:55 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მადლობა მხარდაჭერისთვის" - კაკაბაძე "ხიმნასტიკს" დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრებისა და აწ უკვე შვეიცარიული “ლუცერნის” მცველი ოთარ კაკაბაძე ტარაგონას “ხიმნასტიკს” სპეციალური წერილით დაემშვიდობა:

“დღეს ჩემთვის სენტიმენტალური დღეა. ვემშვიდობები “ნასტიკს”, კლუბს, რომელიც დამეხმარა პროგრესსა და გაზრდაში ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ გვუსრდა ლა ლიგაში აღზევება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. მინდა, ამისთვის გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. მეორეს მხრივ, მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას, თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომლებმაც ჩემი ესპანეთში ყოფნის პერიოდი გაალამაზეს. იმედი მაქვს ერთ დღეს ისევ დავბრუნდები აქ. წარმატებებს ვუსურვებ “ნასტიკს” მიმდინარე სეზონში და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ემილიო ვიკეირას. ის იყო ადამიანი, რომელიც მენდო და ყოველთვის მეხმარებოდა ამ ლამაზ ეტაპზე.

დიდი სალამი ოთარ კაკაბაძისგან”, - დაწერა ქართველმა მცველმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძე “ხიმნასტიკში” 2016 წელს გადავიდა, ხოლო 2017 წლის იანვრიდან ივნისამდე იჯარით დანიურ “ესბიეგრში” ირჯებოდა.საბოლოო ჯამში კატალონელთა მაისურით ქართველმა ფეხბურთელმა 49 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კაკაბაძემ “ლუცერნთან” კონტრაქტი დღეს გააფორმა და შვეიცარიულ გუნდს ბედი მომდევნო სამი წლით დაუკავშირა.

სტატისტიკა
0.298736