ავტოსპორტი

0:57 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელმა ბელგიის დიდი პრიზი მესამედ მოიგო

სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა საზაფხულო არდადეგების შემდგომი პირველი რბოლა, რომელსაც ბელგიის სპა ფრანკორშანმა უმასპინძლა. ფეტელმა პირველივე წრეზე, კემელის სწორზე შეძლო ლუის ჰამილტონის ჩამოტოვება და აქედან მოყოლებული, სრულად აკონტროლებდა რბოლას. ამ მოგებით, მან ჰამილტონთან ჩამორჩენა 17 ქულამდე (24-დან) შეამცირა.

ფეტელის გასწრება, რომლითაც მან ჰამილტონი ჩამოიტოვა, სპას ტრეკის მდიდარ ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ორუჟიდან გამოსვლისას უკვე ჩანდა, რომ „ფერარის“ პილოტი გასწრებას ეცდებოდა. მართალია, პირველ წრეზე DRS-ის გამოყენების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ „მერსედესის“ მიერ უკან დატოვებული გაუხშოებული ჰერით ისარგებლა და კლასიკური სლიპ სტრიმით ჩამოიტოვა მეტოქე.

უფრო მეტიც, ლეს კომბსის S-მდე ორივეს გასწრება ერთდროულად „რეისინგ პოინტის“ (ყოფილი ფორს ინდიას) ორივე პილოტმაც სცადა. მიზანთან განსაკუთრებით ახლოს ესტებან ოკონი იყო, რომელიც ფეტელის „ფერარის“ გაუსწორდა კიდეც, მაგრამ მოსახვევის წინ არახელსაყრელ ტრაექტორიაზე იყო და ამის გამო, შედარებით ადრე დაამუხრუჭა. შედეგად, ვერც ფეტელს გაასწრო, ვერ..ჰამილტონს და თანაგუნდელმა სერხიო პერესმაც ჩამოიტოვა...

ფეტელის გასწრების გარდა, რბოლის პირველი წრე, დიდი ავარიითაც დასამახსოვრებელია. ის ნიკო ჰულკენბერგმა გამოიწვია, რომელმაც გვიან დაამუხრუჭა და უკნიდან ფერნანდო ალონსოს დაეჯახა. ესპანელის „მაკლარენი“ ჰაერში აიჭრა და შარლ ლეკლერის „ზაუბერს“ თავზე გადააფრინდა. და რომ არა კოკპიტის დამცავი რკალი, შესაძლოა მონაკოელი მრბოლისთვის ტრავმაც მიეყენებინა. სამივესთვის რბოლა იქვე დასრულდა.

მაგრამ მათ გარდა სხვებიც დაზარალდნენ: ალონსოს მანქანა დანიელ რიკიარდოს „რედ ბულსაც“ მისწვდა და უკან ფრთა მოსტეხა. ავსტრალიელს ესეც არ აკმარეს და მოსახვევიდან გამოსულს, კიმი რაიკონენმა წინა ფრთაზე გადაუარა, რითაც თავადაც დაზარალდა. შედეგად, კიმი გამსკდარი უკანა მარჯვენა საბურავით, რიკიარდო კი ფრთებმომტვრეული გაეშურნენ ბოქსებისკენ. მართალია, ორივემ შეძლო ტრეკზე დაბრუნება, მაგრამ საბოლოოდ ვერცერთმა ვერ დაასრულა რბოლა.

რა თქმა უნდა, ასეთი მასობრივი ავარიის შემდეგ, პელოტონს სათავეში უსაფრთხოების მანქანა ჩაუდგა. რესტარტი მე-5 წრეზე შედგა და ჰამილტონმა მაშინვე შეუტია. მაგრამ ფეტელმა შეძლო პოზიციის შენარჩუნება. ამ მომენტზე ნარბოლევს ჰამილტონმა თქვა, რომც დავწინაურებულიყავი, ფეტელი მერე მაინც გამასწრებდაო. ჩემპიონტის ლიდრმა ერთხელაც გაიბრძოლა. ეს პიტ სტოპის შემდეგ მოხდა, რომელიც მან ფეტელზე ერთი წრით ადრე შეასრულა. თუმცა ტრასაზე დაბრუნებული გერმანელი, მასზე წამნახევრით წინ აღმოჩნდა. აქედან მოყოლებული, მისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლა მხოლოდ უიღბლობას შეეძლო, რომელმაც ბრძოლაში ჩარევა არ ისურვა.

მესამე ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, რითაც მისი რბოლის საცქერლად მისული 60 000 ჰოლანდიელი ფანი გაახარა. რა თქმა უნდა, მათ მაქსის გამარჯვება უფრო ესიამოვნებოდათ, მაგრამ სპას სწრაფ ტრასაზე, „რედ ბულის“ დახვეწილ აეროდინამიკას, „მერსედესის“ და „ფერარის“ ძრავებთან „რენოს“ აგრეგატის 70-ცხენისძალიანი დეფიციტის გაბათილება არ შეუძლია. ამიტომ, ჰოლანდიელები ჯერჯერობით, თავიანთი პილოტის კვარცხლბეკზე ასვლასაც სჯერდებიან.

კარგად იასპარეზა ვალტერი ბოტასმაც, რომელმაც სასტარტო მე-17 პოზიციიდან, მეოთხე ადგილამდე გაიკაფა გზა. ის ვერც სტარტზე სერგეი სიროტკინთან მცირე შეჯახებამ შეაჩერა (რისთვისაც სტიუარდბმა 5 წამით და 2 საჯარიმო ქულით დასაჯეს). საჯარიმო 5 წამი მისი რბოლის დროს ფინიშის შემდეგ დაემატა, თუმცა ამის მიუხედავად, სერხიო პერესი მაინც მეხუთეზე დარჩა.

ფეტელმა მიმდინარე სეზონში მეხუთე, კარიერაში კი 52-ე გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთით მეტია მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, ფრანგი ალენ პროსტის კარიერის მიღწევაზე. პროსტს რომ გადაასწრო, ამის შესახებ ნარბოლევს, მარტინ ბრანდლთან ინტერვიუსას გაიგო და ცოტა დაიბნა კიდეც, თუმცა შემდეგ „გონს მოვიდა“ და მაყურებელს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

რბოლის მოკლე ვიდეო მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=GXg1sGWpLlQ

ბელგიის დიდი პრიზი

სპა ფრანკორშანი, დისტანცია 308.052 კმ (7004 მ, 44 წრე)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:23:34.476
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 11.061
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 31.372
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:03.605
  5. სერხიო პერესი (მექსიკა,რეისინგ პოინტი) 1:11.023
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რეისინგ პოინტი) 1:19.520
  7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:25.953
  8. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:27.639
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:45.892
  10. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1 წრე
  12. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1 წრე
  13. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  14. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
  15. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 16 წრე
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 36 წრე
  18. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 44 წრე
  19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 44 წრე
  20. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 44 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:46.286 (32-ე წრე, 237.231 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 231 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 214; 3. კიმი რაიკონენი - 146; 4. ვალტერი ბოტასი - 144; 5. მაქს ფერსტაპენი - 120; 6. დანიელ რიკიარდო - 118; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 52; 8. კევინ მაგნუსენი - 49; 9. ფერნანდო ალონსო - 44; 10. სერხიო პერესი - 40; 11. ესტებან ოკონი - 37; 12. კარლოს საინსი - 30; 13. პიერ გასლი - 28; 14. რომენ გროჟანი - 27; 15. შარლ ლეკლერი - 13; 16. სტოფელ ვანდოორნი - 8; 17. მარკუს ერიკსონი - 6; 18. ლანს სტროლი - 4; 19. ბრენდონ ჰარტლი - 2; 20. სერგეი სიროტკინი - 0

გუნდური ჩემპიონატი

1. მერსედესი - 375 ქულა; 2. ფერარი - 360; 3. რედ ბული - 238; 4. რენო - 82; 5. ჰაასი - 76; 6. მაკლარენი - 52; 7. ტორო როსო - 30; 8. ზაუბერი - 19; 9. რეისინგ პოინტი - 18; 10. უილიამსი - 4

0.128909