ავტოსპორტი

20:15 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ბელგიის დიდი პრიზის პოულზე

ბელგიის დიდი პრიზით, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი განახლდა. საკვალიფიკაციო რბოლა, რომლის დასკვნით ნაწილშიც, მრბოლებს სველ ტრასაზე მოუწიათ ასპარეზობამ, ლუის ჰამილტონმა მოიგო. ეს ბრიტანელის მეექვსე პოულია მიმდინარე სეზონში და 78-ე კარიერაში. საინტერესოა, რომ სპა ფრანკორშანზე წინა სამი რბოლა პოულიდან არის მოგებული და სამივეში გამარჯვება „მერსედესის“ პილოტებმა იზეიმეს.

საზაფხულო არდადეგების შემდეგ, „მერსედესმა“ და „ფერარიმ“ განახლებული ძრავები მოამზადეს. თუმცა კვალიფიკაციამდე მათ შორის უფრო სწრაფები მარანელოელები იყვნენ - სამივე თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო დრო მათ ჰქონდათ. და კვალიფიკაციაშიც თავიდან ასე იყო.

მაგრამ რბოლის დასკვნით ნაწილში, საქმეში წვიმა ჩაერია. ტრასა, განსაკუთრებით კი მისი რამდნმე მოსახვევი, ძლიერ დასველდა. სარბოლოდ გამოსულმა პილოტებმა ამის გამო, უმალვე ბოქსებისკენ იბრუნეს პირი, სადაც საშუალო წვიმის საბურავებზე გადავიდნენ. როცა ჯერ კიმი რაიკონენმა, შემდეგ კი სებასტიან ფეტელმა, ერთმანთის მიყოლებით, საუკეთესო დრო დააფიქსირეს, ჰამილტონმა შეცდომა დაუშვა და სწრაფი წრე გააფუჭა.

პოულის მფლობელის ვინაობა, ბოლო სწრაფ წრეებზე უნდა გარკვეულიყო. ჰამილტონს ერთი ცდაღა ჰქონდა, მაგრამ მის საქმეს ის გარემოება აიოლებდა, რომ წვიმა მალე შეწყდა და ტრასამაც სწრაფად იწყო შრობა. შესაბამისად, დროებიც ადვილად უმჯობესდებოდა. ჰამილტონმა შეძლო და თავის ბოლო სწრაფ წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა. ფეტელმა კი თავისი შანსი ვერ გამოიყენა და მეორე ადგილს დასჯერდა.

მაშინ, როცა სტარტზე პირველ რიგში ადგილებს ჩემპიონობისთვის მებრძოლი პილოტები დაიკავებენ, მეორე რიგში ახალი გუნდის - „რეისინგ პოინტ ფორს ინდიას“ პილოტები - ესტებან ოკონი და სერხიო პერესი დადგებიან. სერიოზული კრიზისის შემდეგ, ამ გუნდის პილოტთა კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გასვლაც კი მიღწევა იყო, წვიმის დახმარებით კი მათ პელოტონის სათავეში მოიკალათეს და ალბათ არც რბოლაში დათმობენ პოზიციებს.

რაიკონენი მხოლოდ მეექვსე დროს დასჯერდა. მას რომენ გროჟანმაც აჯობა. მას კი „რედ ბულის“ პილოტები მოჰყვნენ. ათეულში ავსტრიული გუნდის მომავალი პილოტი, პიერ გასლიც შევიდა. უნდა ითქვას, რომ „ტორო როსოს“ მეორე პილოტ ბრენდონ ჰარტლის მე-11 დრო ჰქონდა, რაც იმის აშკარა ნიშანია, რომ „ჰონდამ“ კრიზის დაძლია და თანდათან უახლოვდება იმ დონეს, რომელსაც მისგან „მაკლარენი“ სამი სეზონი ამაოდ ელოდა.

უოკინგელთა პილოტებმა კვალიფიკაციის მეორე ნაწილში გადასვლაც კი ვერ მოახერხეს. სამწუხაროა, მაგრამ პელოტონის კუდში ერთ დროს დაუმარცხებელი გუნდები - „მაკლარენი“ და „უილიამსი“ აღმოჩნდნენ. თუმცა ბოლო ადგილიდან რბოლას ისინი მაინც არ დაიწყებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „მერსედესის“ ვალტერი ბოტასს და „რენოს“ ნიკო ჰულკენბერგს, ახალი აგრეგატების გამოყენება უწევთ, რითაც დადგენილ ლიმიტს არღვევენ. და ამიტომ, რბოლას ბოლო რიგიდან დაიწყებენ.

ბელგიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:58.179
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:58.905
  3. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რეისინგ პოინტი) 2:01.851
  4. სერხიო პერესი (მექსიკა,რეისინგ პოინტი) 2:01.894
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2:02.122
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 2:02.671
  7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 2:02.769
  8. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 2:02.939
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2:04.933
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:43.844
  11. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:43.865
  12. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:44.062
  13. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:44.301
  14. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:44.489
  15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:44.917
  16. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:44.998
  17. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:45.134
  18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:45.307
  19. 19. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) დროის გარეშე
  20. 20. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121445