ავტოსპორტი

4:32 | 24.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ფორს ინდიას“ ბაზაზე ახალი გუნდი - „რეისინგ პოინტი“ იასპარეზებს

საზაფხულო არდადეგების დროს, ფორმულა 1-ში დიდი ცვლილება მოხდა - მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის აღარაა „ფორს ინდია“, რომელიც მისივე ბაზაზე, ახალი მფლობელის მიერ ჩამოყალიბებულმა „რეისინგ პოინტ ფორს ინდიამ“ შეცვალა. ინდურ გუნდს აქამდე მოპოვებული ყველა ქულა გაუუქმდა, ახალი გუნდი კი გამოსვლას ნული ქულით დაიწყებს.

მსოფლიო ჩემპიონატში ახალი გუნდის გამოსვლა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ხანგრძლივი განხილვის შემდეგ დაამტკიცა. ახალი გუნდის დარეგისტრირება იმ კონსორციუმმა ისურვა, რომელმაც „ფორს ინდია“ შეისყიდა და გუნდი გაკოტრების რეჟიმიდან დაიხსნა. კონსორციუმს „უილიამსის“ კანადელი მრბოლის, ლანს სტროლის მამა, ლოურენს სტროლი უძღვება.

„ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენი მომავალი გაურკვეველი იყო. 400 სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დადგა. ახლა კი გუნდს ინვესტორთა ძლიერი კონსორციუმის მხარდაჭერა აქვს, რომელსაც ლოურენს სტროლი ხელმძღვანელობს. მას ჩვენი, როგორც გუნდის, ჩვენი გამოცდილების და პოტენციალის სჯერა“, - განაცხადა „რეისინგ პოინტის“ შეფმა ოტმარ შაფნაუერმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორს ინდიას“ აქამდე 59 ქულა აქვს მოპოვებული, რითაც კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფებოდა. „რეისინგ პოინტი“ კი ნულით ქულით ბოლო ადგილიდან დაიწყებს გამოსვლას. ამგვარად, მე-6 ადგილზე „მაკლარენი“ გადავიდა, რომლის ანგარიშზეც 52 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118531