ფეხბურთი

11:50 | 23.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" VS "ლუდოგორეცი" - ერთი ნაბიჯი ნამდვილ ევროპამდე

ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროსარბიელზე დროის მოცემულ მონაკვეთში არცთუ ისე ხშირად გვანებივრებს მატჩებით. მოკლედ, დღეს, ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი იქნება.

საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” ევროპა ლიგის პლეი-ოფში ბულგარეთის ჩემპიონ “ლუდოგორეცს” დაუხვდება. თავიდან იმას გეტყვით, რომ იმერლები თავის ისტორიაში საუკეთესოდ ასპარეზობენ ევროსარბიელზე და პლეი-ოფში პირველად მოხვდნენ. აი, რაც შეეხება “ლუდოგორეცს”, მისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც კი არაა უცხო და ამის შესახებ ადრეც გიამბეთ.

ორივე გუნდი დღევანდელ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ეს ინფორმაცია კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა თავად დაადასტურეს. კახა ჩხეტიანიც და პაულო აუტუორიც რთულ თამაშს ელოდებიან და გულშემატკივარს ბოლომდე დახარჯვას ჰპირდებიან”

“როდესაც გუნდი მოედანზე გადის, მას ერთი მიზანი აქვს – გამარჯვება. ჩვენც ასე ვითამაშებთ საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. მეტოქეს რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, მაგრამ ჩემი გუნდი მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის“, - განაცხადა აუტუორიმ.

“რაც უნდა ვისაუბროთ, ეს თამაში განსხვავდება სხვა მატჩებისგან თავისი მნიშვნელობით. როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. განსაკუთრებულად ვემზადებით და ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია და 100%-ით მზად ვართ, რომ სიხარული მოვუტანოთ საქართველოს“, - თქვა კახა ჩხეტიანმა.

ქუთაისის “ტორპედო” ბოლო პერიოდში ოდენ ევროსარბიელზე თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ლიგა თითქმის ერთი თვეა განახლდა, ქუთათურთა ყველა მატჩი გადაიდო. მიზეზი? – ევროტურნირები. ეს, თითქოს უცნაური მიზეზია, თანამედროვე ფეხბურთში ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თამაშობენ, მაგრამ ვაი, რომ საქართველო შორსაა თანამედროვე ფეხბურთისგან. როგორც უნდა იყოს, “ტორპედო” ევროპა ლიგის პლეი-ოფშია და შიდა ჩემპიონატში უთამაშებლობა მაინც ეპატიება. აი, მისი ვიზავი “ლუდოგორეცი” კი ევროსარბიელს უპრობლემოდ უთავსებს ბულგარეთის ჩემპიონატს, სადაც 5 ტურის თავზე 10 ქულა აქვს მოპოვებული. სხვათა შორის, პაულო აუტუორის გუნდისთვის “ტორპედოსთან” მატჩი ბოლო 11 დღის განმავლობაში მეოთხე იქნება! მოკლედ, “ლუდოგორეცი” დატვირთვებსა და ფიზიკურ პრობლემებს არ უჩივის.

ახლა, ქართულ გუნდებზე და ევროპა ლიგის პლეი-ოფზეც ვთქვათ: ბოლოს ამ ეტაპზე თბილისის “დინამომ” ითამაშა. ეს ორი წლის წინ, თუმცა სალონიკის პაოკთან უშანოსდ წააგო. იქამდე, 2013-2014 წლების სეზონში გორის “დილა” და თბილისის “დინამო” იყვნენ ახლოს ჯგუფურ ეტაპთან, მაგრამ პლეი-ოფში ორივე დამარცხდა. გორელები ვენის “რაპიდთან”, თბილისლები – ლონდონის “ტოტენჰემთან”. “დილას” 2012-2013 წლების სეზონშიც ერთი ნაბიჯი დააკლდა. გორელებმა პლეი-ოფამდე დიდებულად ითამაშეს, მაგრამ იქ ხელი მოეცარათ. არადა, პორტუგალიურ “მარიტიმუსთან” მატჩებს დიდი იმედით ვხვდებოდით. სამწუხაროდ, ორი მატჩის ჯამში ისევ უიმედო მარცხი გამოვიდა – 0:3.

ყველაზე წარმატებული და დრამატული მაინც 2011-2012 წლების სეზონი გამოვიდა. “დინამო” მართლაც ერთ ნაბიჯში იყო ჯგუფურ ეტაპთან. ათენში აეკ-თან 0:1 წააგო, ხოლო შინ ჩამორჩენა უკვე მე-2 წუთზე ჰქონდა აღმოფხვრილი. საბოლოოდ, “დინამო” აეკ-თან თბილისური მატჩის დამატებით დროში გამოვიდა დამარცხებული. როდესაც ეიდურ გუდიონსენმა პენალტი გაიტანა და ორი მატჩში ჯამში ბერძნებმა 2:1 იმარჯვეს. იმავე სეზონში “ზესტაფონი” პლეი-ოფში ბელგიურ “ბრიუგეს” დაუპირისპირდა. თბილისში იმერლებმა არაფერი დათმეს (3:3), ხოლო ბელგიაში ვერას გახდნენ – 0:2.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში კი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართულმა გუნდმა ჯგუფში შესვლა მოახერხა, 2004-2005 წლების სეზონში დაფიქსირდა. “დინამომ” სამი ეტაპი გაიარა წარმატებით. დაამარცხა რა, ბორისოვის “ბატე”, პრაღის “სლავია” და კრაკოვის “ვისლა”. გია გეგუჩაძის მაშინდელმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაში ჩაატარა და ოთხივე წააგო – “სოშოსთან”, “ნიუკასლთან”, “სპორტინგთან” და “პანიონისთან”.

ვნახოთ, იმედია, ქუთაისის “ტორპედო” მოახერხებს იმ ყინულის გადნობას, რასაც ქართული საკლუბი ფეხბურთი და ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი ჰქვია. შეხვედრა დღეს, “მიხეილ მესხზე” 20:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირ ტრანსლაცია “სილკ უნივერსალის” ეთერში იქნება, ხოლო მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ 4 ლარი ღირს – მხარი დავუჭიროთ “ტორპედოს” ქართული ფეხბურთისთვის!

0.132799