ავტოსპორტი

4:36 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულში“ რიკიარდოს ადგილს გასლი დაიკავებს

ფორმულა 1-ში მალე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდება. უფრო სწორედ, ის უკვე გამოჩნდა, თუმცა არა ისეთ გუნდში, რომელიც მას შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შესაძლებლობას მისცემდა. ლაპარაკია „ტორო როსოს“ ფრანგ პიერ გასლიზე, რომელიც მომავალი სეზონიდან, „რედ ბულში“ გადავა და იქ, „რენოში“ წასული დანიელ რიკიარდოს ადგილს დაიკავებს.

22 წლის გასლი, 2013 წლიდან „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის წევრია. ფორმულა 1-ში მისი დებიუტი შარშან, „ტორო როსოში“ შედგა. ავსტრიული გუნდიდან რიკიარდოს წასვლამ კი მას დაწინაურების შანსი მისცა. გასლი ამბობს, რომ „რედ ბულში“ გადასვლით ოცნება აუსრულდა. ავსტრიულ გუნდში ის „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის კიდევ ერთი პილოტის, ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენის თანაგუნდელი იქნება.

„რედ ბული ყოველთვის ჩემპიონობისთვის და გამარჯვებისთვის ბრძოლას ცდილობს. და ეს სწორედ ისაა, რაც მსურს. მე რეალურად კონკურენტუნარიანი ვარ და ყოველთვის საუკეთესო ადგილისთვის ვიბრძვი“, - ამბობს გასლი.

ამგვარად, „რედ ბულს“ გუნდში ეყოლება მინიმუმ ერთი ისეთი პილოტი, რომელსაც „ჰონდასთან“ მუშაობის გამოცდილება აქვს - გასლიმ ეს გამოცდილება „ტორო როსოში“ მიიღო. „რედ ბული“ იაპონურ ძრავზე მომავალი სეზონიდან გადადის და იმედი აქვს, რომ ეს გუნდის ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

„ერთი წელიც არაა, რაც პიერი ფორმულა ერთში, „ტორო როსოს“ მანქანით გამოჩნდა და თავიდანვე მიიქცია ჩვენი ყურადღება. ეჭვსგარეშეა, რომ ის ძალიან ნიჭიერი მრბოლია, რომლის კარიერაზეც რედ ბული ადრეული ასაკიდანვე ზრუნავს“, - განაცხადა „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148607