ძიუდო

13:20 | 13.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძიუდოისტების 10 მედალი რუმინული ტატამიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა და გოგონათა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა 25 ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს შორის.

10 მედლიდან 6 ვაჟების ანგარიშზეა. ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ზაურ კენჭაძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) ჩემპიონები გახდნენ. მძიმე წონაში სულაც ქართული ფინალი შედგა და ზაალიშვილმა ამირან წიქორიძეს აჯობა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გიორგი ნიაზაშვილმა ფინალში ავსტრიის სახელით მოჭიდავე ვახიდ ბორჩაშვილთან წააგო. ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალს გიორგი ჭოხონელიძე დაეუფლა, რომელიც უკრაინის დროშის ქვეშ გამოდიოდა. 73 კილოგრამში ალეკო მამიაშვილმა დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.

საქართველოს ქალთა ახალგაზრდული ნაკრები რუმინულ ტატამზე 5 სპორტსმენით გავიდა და მათგან 4-მა მედალი მოიპოვა. 3-მა კი სულაც ფინალში იჭიდავა. ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდნენ და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდნენ, ხოლო ნატალია ყიფშიძე (48 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

0.129282