ძიუდო

20:46 | 12.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლი და ორი ბრინჯაო უნგრეთიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის გრან პრი სამი მედლით ჩაამთავრა. ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მიერ პარასკევს მოპოვებულ ბრინჯაოს დღეს უშანგი მარგიანმა (90 კგ) ვერცხლი მიამატა, ხოლო ადამ ოქრუაშვილმა (+ 100 კგ) - ბრინჯაო.

სამდღიანი ტურნირის მესამე დღეს მამაკაცებში საპრიზო სამეულები ბოლო სამ წონით კატეგორიაში – 90, 100 და +100 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს ნაკრებს სამივე წონაში ორ-ორი მონაწილე ჰყავდა და ექვსი ჩვენებურიდან ფინალურ ბლოკამდე მხოლოდ ორი მივიდა.

მსოფლიოს მოქმედმა პრიზიორმა უშანგი მარგიანმა შეჯიბრება ეგვიპტელ ჰატემ აბდ ელ ახერთან დაჭიდებით და "ოქროს დროში” აღებული ვაზარით გახსნა. ვაზარითვე სძლია ჰოლანდიელ იასპერ სმინკსაც. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში იპონ-იპონ ჩამოიშორა ბელარუსი იაჰორ ვარაპაიუ და პირველ ნომრად განთესილი სერბი ალექსანდრ კუკოლი. საჩემპიონო ბრძოლაში კი მასპინძელთა ჯილას – კრისტიან ტოტს დაეჭიდა და ვაზარით დამარცხდა.

ადამ ოქრუაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, ჰოლანდიელ როი მეიერთან მარცხით - ქართველ მძიმეწონოსანს მეოთხე წუთის დასაწყისში გაფრთხილებების ლიმიტი ამოეწურა. ამ შეხვედრამდე ოქრუაშვილმა ორი სუფთა გამარჯვება მოიპოვა – ჯერ ეკვადორელ ფრედი ფიგეროასთან, ხოლო შემდეგ - ეგვიპტელ აჰმედ ვაჰიდთან.

ბრინჯაოს გზაზე ადამ ოქრუაშვილმა რუსი ძიუდოისტები დაამწუხრა. ტამერლან ბაშაევს ვაზარით აჯობა. რუსლან შახბაზოვს კი "ოქროს დროში” შესრულებული სუფთა გდებით.

დღეს საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მოულოდნელი წარუმატებლობა ვარლამ ლიპარტელიანის (100 კგ) წარუმატებლობა იყო. გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილი უხვტიტულა ქართველი ძიუდოისტი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა საკმაოდ სუსტ მეტოქესთან - შვეიცარიელ პატრიკ მოსერთან. 100 კილოგრამში ქართული დროშის ქვეშ კონკურენციაში ონისე სანებლიძეც ჩაება და მეორე წრეში წააგო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან – იაპონელ აარონ ვოლფთან. გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) გრან პრის მერვედფინალიდან გამოეთიშა, ჩეხ დავიდ კლამერთან წაგებით. ლევან მატიაშვილი (+100 კგ) კი პირველსავე წრეში დამარცხდა სერბ ზარკო კულუმთან.

ძიუდო

ბუდაპეშტის გრან პრი

10-12 აგვისტო

კაცები

60 კგ

1 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

2 ალბერტ ოგუზოვი (რუსეთი)

3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

5 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

66 კგ

1 კენზო ტაგავა (იაპონია)

2 მუჰამედ აბდელმავგუდი (ეგვიპტე)

3 ბოგდან იადოვი (უკრაინა)

3 დენის ვიერუ (მოლდოვა)

73 კგ

1 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)

2 მასაში ებინუმა (იაპონია)

3 არტურ მარგელიდონი (კანადა)

3 ფრიგის შზაბო (უნგრეთი)

81 კგ

1 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

2 კენია კოჰარა (იაპონია)

3 საგი მუკი (ისრაელი)

3 რობინ პაჩეკი (შვედეთი)

90 კგ

1 კრისტიან ტოთი (უნგრეთი)

2 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 ალექსანდრ კუკოლი (სერბეთი)

3 ივან ფელიპე სილვა მორალეში (კუბა)

100 კგ

1 აარონ ვოლფი (იაპონია)

2 კარლ-რიჩარდ ფრეი (Gერმანია)

3 იევგენის ბოროდავკო (ლატვია)

3 პეტერ პალჩიკი (ისრაელი)

+100 კგ

1 კოკორო კაგუერა (იაპონია)

2 შტეფან ჰეგი (ავსტრია)

3 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3 როი მეიერი (ჰოლანდია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112729