ფეხბურთი

1:02 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლუცერნის" ფანები მწვრთნელს: "ვაკო გვილია ძირითადში!"

ვაკო გვილია ძირითადში! ეს “ლუცერნის” ქომაგების მოწოდებაა შვეიცარიული გუნდის მთავარი მწვრთნელის, რენე ვეილერის მისამართით. ქართველი “ლუცერნს” მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა და უმალვე შეძლო კარგი თამაშით ქომაგების გულის მოგება.

გვილია გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და აწ უკვე ყოფილი თავკაცი გერარდო სეოანე მუდმივად ენდობოდა. თუმცა, ეს უკანასკნელი ივნისში ვეილერმა ჩაანცვლა, რომელიც ფიქრობს, რომ გვილიას ადგილი სასტარტოში არაა.

“ლუცერნს”, რომელმაც გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა, ახლა კატასტროფული სტარტი აქვს: ორი ტური, ორი მარცხი – “ქსამაქსთან” 0:2 და “თუნთან” 1:2. პირველ მატჩში ქართველი სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა, ხოლო “თუნთან” ოდენ 64-ე წუთიდან გამოჩნდა მინდორზე. “ლუცერნის” თამაშიც ამ მომენტიდან შეიცვალა.

ამასობაში, სოციალურ ქსელში ფანები ვეილერს აკრიტიკებენ და გვილიას ძირითად შემადგენლობაში ითხოვენ. ვერ ვიტყვით, რომ სოციალურ ქსელში “ლუცერნის” პოსტი კომენტარებით მდიდარია, მაგრამ რაც არის, უმეტესად გვილიას შესახებ. აი, რას წერენ შვეიცარიელი ქომაგები:

Iirs Fischer – გვილია ძირითადში!

Buholzer Walter – მხოლოდ ის მაინტერესებს, გვილია რატომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში?!

Kevin Sieber - ვფიქრობ, ბატონმა ვეილერმა ასევე დაინახა, რომ გვილიას გამოჩენით გამოჩნდა ფეხბურთი! იმედი მაქვს, მომავალში ძირითადში ითამაშებს, რადგან ის “ლუცერნის” ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია!

Dominique Bernet – 20 წუთი ვაკო = 20 წუთი ფეხბურთი.

Lukas Muhlethaler - კუსტოდიო ძირითადში და გვილია სათადარიგო სკამზე?

Isabella Stocker-Bucher – რატომ არაა სასტარტოში გვილია?!

ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს რენე ვეილერი ქომაგების რჩევას. “ლუცერნს” მომდევნო შეხვედრა 4 აგვისტოს, “ლუგანოსთან” ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124896