სხვა

18:52 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი - საქართველოს ნაკრების საპატიო მარცხი ევროპის ჩემპიონატზე

ბარსელონაში სტარტი აიღო ევროპის 2018 წლის ჩემპიონატმა წყალბურთში, რომლის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ასპარეზობს. რევაზ ჩომახიძის გუნდი პირველ ტურში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

მადიართა ქვეყანაში წყალბურთი ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული სპორტის სახეობაა, შესაბამისად, უნგრეთი აშკარა ფავორიტი იყო. სენსაცია არ მომხდარა, საქართველოს ნაკრები დამარცხდა – 5:12.

არადა, ქართველი წყალბურთელები კარგა ხანს მედგრად დაუდგნენ მრისხანე მეტოქეს და მეტიც, აღნიშნულ შეხვედრაში მეორე წუთზე ანგარიში ბექა ქავთარაძის გოლით გაიხსნა. მერე უნგრეთმა მოახერხა ზედიზედ სამი გოლის გატანა, მაგრამ კარგა ხნის განმავლობაში საქართველო მეტოქესთან ორბურთიან ჩამორჩენას სტაბილურად ინარჩუნებდა.

მესამე პერიოდის ბოლო წუთამდე ანგარიში 5:7 იყო. აი, დასკვნითი მეოთხედი კი, უნგრეთმა გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა შედეგიანი შეტევის განვითარება ვერაფრით მოახერხა და მარცხი იწვნია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ უნგრეთს ისტორიაში მეორედ გაუტანა 5 გოლი და ისიც ვთქვათ, რომ ამავე გუნდთან ერთი წლის წინ 3:14 წააგო. დღეს, სხვაობა უფრო ნაკლები გამოდგა და რაც მთავარია, თამაშის ხარისხიც არ ყოფილა ურიგო.

A ჯგუფში ჩომახიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 ივლისს, გერმანიის ნაკრებთან ჩაატარებს, ხოლო ბოლო ტურში კიდევ ერთ ფავორიტ იტალიასთან მოსინჯავს ძალებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ ასპარეზობს.

საქართველო – უნგრეთი 5:12 (1:3, 2:2, 2:3, 0:4)

გოლები: 1:0 ქავთარაძე, 1:1 ბატორი, 1:2 ერდელი, 1:3 ბედო, 1:4 კოვაში, 2:4 ცრეპულია, 2:5 კოვაში, 3:5 ბითაძე, 4:5 რურუა, 4:6 მანჰერში, 4:7 ბატორი, 5:7 ცრეპულია, 5:8 ვამოსი, 5:9 ზალანკი, 5:10 ბატორი, 5:11 ზალანკი 5:12 ვამოსი

მატჩის სტატისტიკა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112118