ავტოსპორტი

3:10 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს შეუძლია „მერსედესში“ ხუთი წლით დარჩეს

„მერსედესის“ ბოსი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ მხოლოდ მისი ნება რომ იყოს, ლუის ჰამილტონს გუნდში კიდევ ხუთი წლით დატოვებს. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს სამქიმიანებთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება, თუმცა მალე ალბათ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის შესაბამისადაც, მასში 2020 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება.

„ის 33 წლის არის და ვფიქრობ, წინ კიდევ ხუთი, ძალიან წარმატებული სეზონი აქვს. ამას სტატისტიკა ამბობს. პირდაპირ ვამბობ, თუ ორი წლის შემდეგაც ჩვენს შორის ასეთი დამოკიდბულება იქნება, ალბათ ისევ გავაგრძელებთ“, - ბრიტანეთის დიდი პრიზის დღეებში, რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა გერმანული გუნდის ავსტრიელმა მენეჯერმა.

ფორმულა 1-სა და მის გუნდებს შორის მიმდინარე კონტრაქტი 2020 წლის სეზონის ბოლოს მთავრდება. მაშინვე იწურება წამყვანი პილოტების უმეტესობის კონტრაქტები. ამის შემდეგ, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, ძრავების ტექნიკური რეგლამენტი და არავინ იცის, ახალი რეგლამენტის დროს, რომელი გუნდი შეძლებს დაწინაურებას.

პრესაში უკვე ვრცელდბა ინფორმაცია, რომ ახალი კონტრაქტით, ჰამილტონი სეზონში 40 მილიონ სტერლინგს (დაახლოებით 53.1 მილიონი დოლარი) მოითხოვს. ვოლფის განწყობა ისეთია, რომ „მერსედესი“ ამ მოთხოვნაზე თანახმაა. ის ამბობს, რომ ფული პრობლემა არაა. თუმცა არც კონტრაქტის გაფორმებას ჩქარობს. შესათანხმებელია მხოლოდ პირად სპონსორების ყოლის და იმიჯის გამოყენების პირობები.

საინტერესოა, რომ ფ1-ის მიღმა, ჰამილტონი სამოდელო საქმით და მუსიკით არის გატაცებული. მან ტომი ჰილფიგერის სახლისთვის, საკუთარი კოლექცია შეიმუშავა. სხვათა შორის, ჰილფიგერის სახლი ამჟამად გუნდის სპონსორიცაა. გარდა ამისა, გარცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰამილტონმა კრისტინა აგილერას ახალი ალბომის გამოშვებაში დაიდო წილი.

ვოლფი ამბობს, რომ ჰამილტონი არის „სუპერვარსკვლავი მანქანაში“ და არაა გასაკვირი, რომ თავისებური მოთხოვნებიც აქვს: „გამორჩეულ პიროვნებებს ყველაფერზე საკუთარი მოსაზრებები აქვთ. მაგრამ ტრასაზეც ძლიერები არიან. გამარჯვების წყურვილი და ამბიციები ხშირად სირთულეებს ქმნის. მაგრამ ჩვენ სწორედ ასეთები გვინდა. ზედმეტად წესიერი, თავშეკავებული ჩვენთვის არაა. ჩვენ გვინდა ბიჭი, რომელიც გამარჯვებებს და ტიტულებს მოგვიტანს. ამიტომ მე ვაკმაყოფილებ მის მოთხოვნებს“.

0.111227