ავტოსპორტი

2:57 | 9.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელმა გაიმარჯვა, ჰამილტონმა ბოლოდან მეორე ადგილამდე მიაღწია

სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლა, რომელიც საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ამ მოგებით, „ფერარის“ პილოტმა თავის მთავარ მეტოქე ლუის ჰამილტონს, სილვერსტოუნზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაში შეუშალა ხელი და რაც მთავარია, ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა.

ფეტელმა, ვინც შესანიშნავი სტარტით, რბოლის პირველივე მოსახვევიდან ხელთ იგდო ლიდერობა, ჰამილტონი, ვინც პოულ პოზიციაზე იდგა, მეორე მოსახვევში კი ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, კლასიფიკაციაში რვა ქულით ჩამოიტოვა. ფეტელისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 51-ე (ამ სეზონში მე-4) გამარჯვებაა, რითაც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ ალენ პროსტს გაუტოლდა.

ფეტელს ბრიტანული ეტაპის დღეებში კისერი გაუცივდა და ტკივილ გამაყუჩებელიც კი დასჭირდა. თუმცა სტარტზევე მოზღვავებულმა ადრენალინმა ტკივილი დაავიწყა. მან იოლად აუარა გვერდ ჰამილტონს და პირველ მოსახვევში ლიდერის პოზიციაში შევიდა. ჰამილტონს თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმაც გაასწრო და კიმი რაიკონენიც უკან მოიტოვებდა, მაგრამ „ფერარის“ პილოტს ხელი ბოტასმა შეუშალა. მან მეორე მოსახვევში სცადა ჰამილტონის გასწრება, მაგრამ მეტისმეტად გვიან დაამუხრუჭა და მეტოქეს დაეჯახა. ამან ჰამილტონის „მერსედესი“ დაატრიალა, კიმიმ კი უვნებლად გააგრძელა გზა, თუმცა მსაჯებმა ინციდენტში მისი ბრალი (ნარბოლევს ეს თავადაც აღიარა) დააფიქსირეს და ბოქსებში 10-წამიანი გაჩერებით დააჯარიმეს.

ჰამილტონს კი, სანამ ტრასას დაუბრუნდებოდა, მთელმა პელოტონმა ჩაუქროლა და მას რბოლის დაწყებამ ბოლო ადგილიდან მოუწია. თუმცა მე-11 წრეზე უკვე მეექვსე იყო. კიმიმ თავისი ჯარიმა პირველ პიტ სტოპზე მოიხადა, მალე კი შარლ ლეკლერი გაჩერდა, რომლის ავტომობილის საევაკუაციოდაც, ტრასაზე ყვითელი დროშები ააფრიალეს. ფეტელი მაშინვე პირველ სტოპზე შევიდა. იქიდან დაბრუნებული კი მეორე იყო, ჰამილტონზე ორი წამით წინ. თუმცა მალე ბოქსში ბოტასმაც შეუხვია და ფეტელს ლიდერობა დაუბრუნა. ბოტასმა ახალი რეზინით იოლად გაასწრო ჰამილტონს, რომელსაც გუნდმა განსხვავებული ტაქტიკა შეურჩია.

ჰამილტონმა თავისი პიტ სტოპი ხუთი წრით გვიან შეასრულა, მალე კი მარკუს ერიკსონის ავარიის გამო, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ფეტელმა და მაქს ფერსტაპენმა ამით ისარგებლეს და პიტ სტოპი შეასრულეს, „მერსედესმა“ კი ბოტასის ბოქსში შეყვანისგან თავი შეიკავა. ამ დროს ფინელი პილოტი ლიდერი იყო, მაგრამ ფეტელმა ახალი რეზინის უპირატესობა მიიღო. რაც მთავარია, მას პიტ სტოპზე დაკარგული დრო, უსაფრთხოების მანქანის წყალობით აუნაზღაურდა.

რესტარტზე რაიკონენსა და ფერსტაპენს შორის საინტერესო პაექრობა გაიმართა. ფინელმა რესტარტზევე შეძლო გასწრება, თუმცა ჰოლანდიელმა პასუხი არ დაუგვინა. რაიკონენმა ისევ შეუტია, მაგრამ ამჯერად მიზანს ვერ მიაღწია. ამასობაში კი კარლოს საინსი და რომენ გროჟანი დაეჯახნენ ერთმანეთს და ტრასაზე ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

„მერსედესმა“ ბოტასს ბოქსებში კვლავ არ უხმო. და ამით რბოლის ბედი, ფეტელის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ფინელი მრბოლი რამდენიმე წრე ახერხებდა ლიდერის პოზიციის დაცვას, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა. ეს 47-ე წრეზე მოხდა, რის შემდგაც ფეტელს ხელი ვეღარავინ შეუშალა. მალე ბოტასს ჰამილტონმა და რაიკონენმაც გაასწრეს.

რბოლის შემდეგ, ჰამილტონი ტრასაზე სახელდახელო ინტერვიუზე არ გამოვიდა. ამაზე მოგვინებით თავი იმართლა, ისე დავიღალე, ფეხზე ძლივს ვიდექი და ასე ფანების წინაშე ვერ წარვსდგებოდიო. მისი გამარჯვების სანახავად მისულ 140 000 მაყურებელს კვარცხლბეკიდან გადაუხადა მადლობა.

„ეს ამ სეზონის საუკეთესო რბოლა იყო, რომელიც საუკეთესო ქომაგების წინაშე ჩატარდა და ვწუხვარ, რომ მათ გამარჯვება ვერ მივუძღვენი. მაგრამ არ დავნებდები, დამიჯერეთ, არ დავნებდები. ჩემმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. მათგან (ფერარისგან) საინტერესო ტაქტიკა ვიხილეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ბრძოლაში გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ჰამილტონმა.

რაიკონენმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა: „მესამე მოსახვევში ბორბალი დამებლოკა და ეს იმით დამთავრდა, რომ ლუისს დავეჯახე. ის დატრიალდა. ჩემი შეცდომა იყო. ჯარიმა დავიმსახურე“.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი, დისტანცია 306.198 კმ (5.891 კმ, 52 წრე)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:27:29.784
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2.264
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 3.652
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 8.883
  5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 9.500
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 28.220
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 29.930
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 31.115
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 33.188
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 34.129
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 34.708
  12. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 35.774
  13. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 38.106
  14. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 48.113
  15. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 6 წრე
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 15 წრე
  17. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 15 წრე
  18. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 21 წრე
  19. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 34 წრე
  20. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 51 წრე

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:30.696 (47-ე წრე, 233.831 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 171 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 163; 3. კიმი რაიკონენი - 116; 4. დანიელ რიკიარდო - 106; 5. ვალტერი ბოტასი - 104; 6. მაქს ფერსტაპენი - 93; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 42; 8. ფერნანდო ალონსო - 40; 9. კევინ მაგნუსენი - 39; 10. კარლოს საინსი - 28; 11. ესტებან ოკონი - 25; 12. სერხიო პერესი - 23; 13. პიერ გასლი - 19; 14. შარლ ლეკლერი - 13; 15. რომენ გროჟანი - 12; 16. სტოფელ ვანდოორნი - 8; 17. ლანს სტროლი - 4; 18. მარკუს ერიკსონი - 3; 19. ბრენდონ ჰარტლი - 1; 20. სერგეი სიროტკინი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. ფერარი - 287 ქულა; 2. მერსედესი - 267; 3. რედ ბული - 199; 4. რენო - 70; 5. ფაასი - 51; 6-7. მაკლარენი და ფორს ინდია - 48; 8. ტორო როსო - 20; 9. ზაუბერი - 16; 10. უილიამსი - 4

Loading...
0.121134