ფეხბურთი

15:49 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: "იუვენტუსი" ბავშვობიდან მომწონდა"
პორტუგალიელმა ტურინში სახლი შეარჩია

კრიშტიანუ რონალდუ ტურინის “იუვენტუსთან” ერთ ნაბიჯშია. ესპანური და პორტუგალიური გამოცემები დარწმუნებულნი არიან, რომ 33 წლის შემტევს იტალიის ჩემპიონთან მხოლოდ და მხოლოდ დრო აშორებს – უახლოეს საათებში ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას ელიან.

როგორც ცნობილი გახდა, კრიშტიანუს აგენტი ჟორჟე მენდეში ფლორენტინო პერესს შეხვდა, სადაც საბოლოოდ აუწყა, რომ მისი კლიენტი მადრიდიდან მიდის.

ამასობაში, იტალიურ მედიაში რონალდუს ახალი სახლის ფოტოები ვრცელდება, რომელიც ტურინში მდებარეობს და რომელშიც, ადრე, ზინედინ ზიდანი და ფაბიო კანავარო ცხოვრობდნენ, როდესაც ისინი “იუვეს” ღირსებას იცავდნენ.

აპენინზე კრიშტიანუს სამი თვისწინანდელი კომენტარიც ამოქექეს, რომელშიც პორტუგალიელი “იუვენტუსის” შესახებ საუბრობს:

“იუვენტუსის” ქომაგების აპლოდისმენტები ჩემი კარიერის ერთ-ერთი დაუვიწყარი მომენტია. ასეთი ისტორიული სტადიონი, რომ აპლოდისმენტებს გიძღვნის, ბედნიერებაა. ბავშვობიდან მომწონდა “იუვე” და მის თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი. მინდა, მადლობა გადავუხადო იუვენტინიოებს, მადლობა”, - ამბობდა რონალდუ, როდესაც ტურინელმა გულშემატკივრებმა “იუვენტუსის” კარში გატანილი მაკრატელას შემდეგ ტაში დაუკრეს.

დღეს, "რეალმა" 2018-2019 წლების საშინაო მაისურები წარადგინა, თუმცა სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში კრიშტიანუ რონალდუ არ ჩანს და ეს იმის ფონზე, რომ გუნდის მთავარი სახე სწორედ პორტუგალიელი გახლდათ ბოლო წლების განმავლობაში.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: რონალდუ აქამდეც ახლოს იყო ტურინულ გრანდში გადასვლასთან. 2002 წელს, როცა ჯერ კიდევ “სპორტინგის” ღირსებას იცავდა, ყველაფერი შეთანხმებული ყოფილა. ტურინელები და ლისაბონელები ბარტერს გეგმავდნენ, რონალდუ “იუვენტუსში”, მარსელო სალასი – “სპორტინგში”. თუმცა, ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა, რადგან ჩილელმა ფორვარდმა პორტუგალიაში თამაშზე უარი თქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115882