ავტოსპორტი

22:18 | 1.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა „რედ ბულს“ მისივე ტრასაზე გაამარჯვებინა

მაქს ფერსტაპენის გამრჯვებით დასრულდა მისი გუნდის, „რედ ბულ რეისინგის“ საშინაო, ავსტრიის დიდი პრიზის რბოლა, რომელიც „მერსედესისთვის“ კრახით და ორივე ჩათვლაში ლიდერობის დაკარგვით დასრულდა. ფერსტაპენისთვის ეს ამ სეზონში პირველი გამარჯვებაა, რასაც წინ უძღოდა ჯერ კანდაში დაკავებული მესამე ადგილი, ერთი კვირის წინ კი საფრანგეთში დაკავებული მეორე ადგილი.

სულ კი 20 წლის ჰოლანდიელისთვის ეს ფ1-ის კარიერაში მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა, რითაც მის საქომაგოდ ავსტრიაში ჩასული ათასობით თანამემამულე ძლიერ გაახარა. ფერსტაპენმა ფინიშთან წამნახევრით მიასწრო კიმი რაიკონენს, ვისაც თავის მხრივ, ამდნვეთი ჩამორჩა მისი თანაგუნდელი და ახლა უკვე ისევ ჩემპიონატის ლიდერი სებასტიან ფეტელი.

რბოლა ძალიან საინტერესო გამოდგა: კიმი რაიკონენმა, რომელიც როგორც ჩანს, აშკარად გამოაფხიზლა ხმებმა იმის შესახებ, რომ „ფერარი“ მის ადგილზე მონაკოელი შარლ ლეკლერის მიწვევას აპირებს, ბრწყინვალე სტარტი აიღო. წამში ის ორ „მერსედესს“ შორის ჩადგა. მათგან ჰამილტონი შიდა ტრაექტორიაზე იყო და ამან ფინელთან პაექრობაში გაამარჯვებინა. მისი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი კი, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო, გარე ტრაექტორიის გამო დაიჩაგრა. მას რაიკონენის გარდა, ფერსტაპენმაც გაასწრო.

მოკლედ, რაიკონენმა ერთი პოზიციით წინ წაიწია და მაშინვე ჰამილტონსაც შეუტია, მაგრამ ზედმეტად მოინდომა და ტრასის მიღმა აღმოჩნდა. ის მალევე დაუბრუნდა ტრასას და იმედენი მოახერხა, რომ პოზიციაც შეინარჩუნა. ფერსტაპენი არ გატყდა და ისევ შეუტია, მაგრამ კვლავ ამაოდ. მათი ჭიდილით კი ბოტასმა იხეირა, რომელმაც მის წინ მოძრავი ორი მანქანის უკან დარჩენილი გაუხშოებული ჰაერით ისარგებლა და ერთ მოსახვევში ორივე უკან ჩამოიტოვა. მომდევნო მოსახვევში, კიმის ფერსტაპენმაც გაასწრო, რომელიც მანევრისას წინა მარჯვენა ბორბლით, მეტოქის მანქანის უკანა მარცხენა ბორბალს ოდნავ დაეჯახა და ამით წონასწორობა დააკარგვინა.

სხვათა შორის, კარგი სტარტი აიღო ფეტელმაც, მაგრამ პირველ მოსახვევს ისიც გარე ტრაექტორიიდან მიადგა, თან რომენ გროჟანმა მცირე მუჯლუგუნი უთავაზა და გერმანელმა რამდენიმე პოზიცია დაკარგა. თუმცა საბოლოოდ, „მერსედესის“ პილოტების უიღბლობით იხეირა და ფინიშს მესამემ უწია.

„მერსედესის“ ვარამი კი მე-15 წრეზე დაიწყო, როცა ბოტასის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი დაზიანდა. ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმი ჩაირთო, რა დროსაც „რედ ბულის“ და „ფერარის“ პილოტებმა ბოქსებს მიაშურეს. სამქიმიანებმა კი ჰამილტონს არ უხმეს. საბოლოოდ, როცა რბოლის ნორმალური რეჟიმი აღდგა, ჰამილტონი მეორეზე მყოფ ფერსტაპენს მხოლოდ 13 წამს უგებდა...

21-ე წრეზე დანიელ რიკიარდომ რაიკონენს სლიპ სტრიმით გაასწრო და მესამეზე გადაინაცვლა. 25-ე წრეზე პირველი სტოპი ჰამილტონმაც შეასრულა და ტრასაზე დაბრუნებული, ფეტელის წინ, მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდა. შუა რბოლაში თავი იჩინა ახალმა პრობლემამ - საბურავების დაბუშტვამ. პირველად ეს პრობლემა თავს რიკიარდოს დაატყდა, რომელსაც რაიკონენმა 38-ე წრეზე გაასწრო. იქვე ავსტრალიელმა ბოქსებს რეზინის შესაცვლელად მეორედ მიაშურა.

მალე საბურავები ჰამილტონსაც დაუზიანდა და მისი ტემპიც დაეცა. 50-ე წრეზე ჰამილტონი ბოქსში მეორედ შევიდა. 54-ე წრეზე რიკიარდო გაჩერდა - მის მანქანაზე გამოსაბოლქვი სისტემა დაზიანდა. კიდევ 10 წრე და მისი ბედი ჰამილტონმაც გაიზიარა. ბრიტანელმა თავისიანებს რადიოთი შეატყობინა, რომ სიმძლავრე დაკარგა და მათაც გაჩერება ურჩიეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მის აგრეგატზე საწვავის მიწოდების სისტემაში წნევა დაეცა.

რბოლის მიწურულს, მარცხენა უკანა საბურავის დაბუშტვა ფერსტაპენის მანქანაზეც დაიწყო, მაგრამ მან შეძლო ტემპის შენარჩუნება და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. რაიკონენმა და ფეტელმა კი მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. „მერსედესისთვის“ ბოლო 33 რბოლაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქულის აღებაც კი ვერ შეძლო. ეს ბოლოს ესპანეთის 2016 წლის დიდ პრიზზე მოხდა, როცა ჰამილტონი და ნიკო როსბერგი ერთმანეთს პირველივე წრეზე დაეჯახნენ.

„საოცარია, ძალიან გამიჭირდა საბურავების მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მივაღწიე. შეუდარებელია „რედ ბულ რინგზე“, უამრავი ჰოლანდიელი ქომაგის წინაშე გამარჯვება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ქულებში ჩამორჩენის შემცირება. ძალიან კარგი დღე მქონდა და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებ“, - ნარბოლევს განაცხადა ფერსტაპენმა.

თავისი გამარჯვება ფეტელმაც მოიპოვა, ვინც ავსტრიის შემდეგ, ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა. ის ახლა უკვე ერთ ქულას უგებს ჰამილტონს, ვისთანაც საფრანგეთის შემდეგ 14 ქულას აგებდა. მისმა „ფერარიმ“ კი „მერსედესს“ 10 ქულით გაუსწრო.

ავსტრიულ რბოლაში თავი ისახელა „ჰაასმა“ და მისმა პილოტებმაც - გროჟანმა მეოთხე ადგილი დაიკავა, კევინ მაგნუსენმა კი - მეხუთე. ორივე მანქანით ქულები ამ სეზონში პირველად აიღო „ზაუბერმა“. ფერნანდო ალონსომ კი, ვინც სტარტი პიტლეინიდან აიღო, ფინიშს მერვემ მიაღწია.

ავსტრიის დიდი პრიზი

შპილბერგი, რედ ბულ რინგი, დისტანცია 306.452 კმ (4.318 კმ, 71 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:21:56.024
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1.504
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 3.181
  4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  5. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  9. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1 წრე
  10. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  12. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1 წრე
  13. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  14. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 2 წრე
  15. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 6 წრე
  16. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 9 წრე
  17. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 17 წრე
  18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 18 წრე
  19. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 58 წრე
  20. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 60 წრე

უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი - 1:06.957 (71-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 146 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 145; 3. კიმი რაიკონენი - 101; 4. დანიელ რიკიარდო - 96; 5. მაქს ფერსტაპენი - 93; 6. ვალტერი ბოტასი - 92; 7. კევინ მაგნუსენი - 37; 8. ფერნანდო ალონსო - 36; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 34; 10. კარლოს საინსი - 28; 11. სერხიო პერესი - 23; 12. ესტებან ოკონი - 19; 13. პიერ გასლი - 18; 14. შარლ ლეკლერი - 13; 15. რომენ გროჟანი - 12; 16. სტოფელ ვანდოორნი - 8; 17. ლანს სტროლი - 4; 18. მარკუს ერიკსონი - 3; 19. ბრენდონ ჰარტლი - 1; 20. სერგეი სიროტკინი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. ფერარი - 247 ქულა; 2. მერსედესი - 237; 3. რედ ბული - 189; 4. რენო - 62; 5. ჰაასი - 49; 6. მაკლარენი - 44; 7. ფორს ინდია - 42; 8. ტორო როსო - 19; 9. ზაუბერი - 16; 10. უილიამსი - 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.287785