„მერსედესის“ პილოტების გამარჯვებით დასრულდა ავსტრიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელშიც საუკეთესო დრო ვალტერი ბოტასმა დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში ეს მისი პირველი პოულ პოზიციაა და მეორე „რედ ბულის“ ტრეკზე, სადაც შარშან პოულიდან მოიგო.
ფინელ მრბოლს მეტრზე ოდნავ მეტით ჩამორჩა ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი, რომელიც 14 ქულით უსწრებს სებასტიან ფეტელს. გერმანელმა კვალიფიკაცია მესამე დროით დაასრულა, მაგრამ ნარბოლევს მსაჯებმა აღმოაჩინეს, რომ მან ხელი შეუშალა კარლოს საინსს და ამისათვის სამი ადგილით ჩამოაქვეითეს.
„გარანტიას გაძლევთ, რომ გამარჯვებაზე ჩემზე მეტად მოშიებული არავინ არის. ასე რომ, მოსაგებად მზად ვარ. მთელი კვირაა, მანქანის მზადბის პროცესში, სულ უფრო უკეთეს შედეგებს ვაღწევთ. ის კარგად დავაბალანსეთ და ამის წყალობით, ის კარგად იმართება“, - განაცხადა ბოტასმა, ვისაც ამ სეზონში ოთხი მეორე ადგილი აქვს.
მას შემდეგ, რაც ავსტრიული ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარს დაუბრუნდა, იქ მხოლოდ „მერსედესის“ მრბოლები იგებენ. გერმანულმა გუნდმა ამ რბოლისთვის გაუმჯობესებული აეროდინამიკა მოამზადა, რამაც წარმატება დიდწილად განაპირობა.
პრაქტიკებსა და კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილში, ყველაზე სწრაფი ჰამილტონი იყო, მაგრამ ბრიტანელმა პირველ ცდაზე მცირე შეცდომა დაუშვა და მეორე დროს დასჯერდა. ბოტასი პირველი იყო და მან მეორე ცდაზე საკუთარი დრო კიდევ უფრო გააუმჯობესა. ჰამილტონი მას მხოლოდ 0.019 წამით ჩამორჩა, რაც „მერსედესის“ განცხადებით, 4.318-კილომეტრიან ტრეკზე, 1.3 მეტრის ტოლფასია.
„ფერარის“ პილოტებმა მეორე რიგის ორივე ადგილი მონადირეს, მაგრამ ფეტელის დაქვეითების გამო, მესამეზე კიმი რაიკონენმა გადაინაცვლა, მეოთხეზე კი მაქს ფერსტაპენი დადგება, რომლის საქომაგოდაც შტირიას დაახლოებით 20 000 ჰოლანდიელი ფანი ეწვია.
მესამე რიგში კი რომენ გროჟანი და ფეტელი დადგებიან. ფრანგს წინა რვა რბოლაში ქულაც არ აქვს აღებული, არადა კვალიფიკაციებშიც და რბოლებშიც არაერთხელ გამოავლინა თავისი და „ჰაასის“ სისწრაფე. ჯერჯერობით, მას იღბალთან ერთად, საკუთარი ჭარბი ტემპერამენტიც არ სწყალობს. მხოლოდ მეშვიდ დროს დასჯერდა დანიელ რიკიარდო, ვისაც გაუღიმარს იშვითად ნახავთ, მაგრამ საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ სწორედ ასეთი იყო.
ავსტრიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:03.130
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:03.149
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:03.464
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:03.660
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:03.840
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:03.892
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:03.996
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:04.051
- კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:04.725
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:05.019
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:04.845
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:04.874
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:04.979
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:05.058
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:05.286
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:05.271
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:05.279
- სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:05.322
- ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:05.366
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:05.479