ფეხბურთი

0:37 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია უდანაკარგოდ და პრაგმატიზმის გარეშე (+VIDEO)

აფიშა, მოლოდინი არ გამართლდა: ინგლისისა და ბელგიის ნაკრებთა მატჩი არცთუ სანახაობრივი გამოვიდა და ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. პრინციპში, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ორივე გუნდს პლეი-ოფში თამაში უკვე გაფორმებული ჰქონდა და მთავარმა მწვრთნელებმა შემადგენლობა გადაახალისეს.

ამრიგად, ინგლისმა და ბელგიამ ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით დაიწყეს თამაში და ასეც დაასრულეს. ფრის შემთხვევაში ინგლისი გადიოდა პირველ ადგილზე, ხოლო ბელგიას ოდენ 3 ქულა მოუტანდა ამ პოზიციას. სიმართლე რომ ვთქვათ, გამარჯვების სურვილი 90 წუთში დიდად არცერთ გუნდს ეკუთვნოდა და ამას ახსნა მოეძებნება:

მოკლედ, ასეთი მდგომარეობა იყო: ამ ჯგუფის პირველადგილოსანი პლეი-ოფის საწყის ეტაპზე კოლუმბიას უნდა შეხვედროდა, თუმცა მთლიანობაში ბადე ბევრად მარტივად მოსჩანდა: ესპანეთი, ხორვატია – ამ ორი გუნდის გამორჩევა შეიძლება ხსენებულ ბადეში.

აი, მეორეადგილოსანს, მერვედფინალში უფრო “ტკბილი ლუკმა” ელოდა იაპონიის სახით, მაგრამ მერე, მდგომარეობა ერთობ უმძიმდებოდა, რადგან ბადის ამ ნაწილში არიან პორტუგალია, არგენტინა, საფრანგეთი და ბრაზილია. შესაბამისად, მეორეადგილით გამსვლელი გუნდისთვის ფინალამდე გზა გაცილებით ადვილი გასავლელი უნდა გამოდგეს, ვიდრე პირველი.

ჰოდა, პირველ ადგილზე ბელგიის ნაკრები გავიდა. ბელგია, რომელმაც მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში თამაშს მოუმატა. ყოველშემთხვევაში, იმდენად, რომ ინერტული ინგლისი დაემარცხებინა. ერთადერთი გოლი კი მართლაც ლამაზი გამოვიდა. 51-ე წუთზე ადნან იანუზაიმ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა და პიკფორდის კარი შორუელ კუთხეში დიდებული დარტყმით დალაშქრა.

“წითელი ეშმაკები” იაპონიას ხვდებიან 1/8 ფინალში, ხოლო წარმატების შემთხვევაში, მეოთხედფინალში ბრაზილია – მექსიკის წყვილის გამარჯვებული ელოდება. აი, ინგლისი თუ კოლუმბიას გასცდება, მერე შვედეთი – შვეიცარიიდან საუკეთესოს დაუპირისპირდება. დრო გამოაჩენს ვის უფრო არგო ჯგუფურ ეტაპზე პირველმა ადგილმა.

აქვე, ბელგიამ სამივე თამაში მოიგო, ხოლო ინგლისის ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშში გაუშვა მინიმუმ 1 გოლი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 29 ივნისი დასვენების დღეა, ხოლო მერვედფინალები შაბათს, საფრანგეთი – არგენტინას მატჩით დაიწყება.

ინგლისი – ბელგია 0:1 (0:0) VIDEO

კალინინგრადი, “კალინინგრად სთედიუმი”

მაყურებელი: 33 973

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი; ჯონსი, სტოუნსი (მაგუაირი 46); კეჰილი; ალექსანდერ-არნოლდი (უელბეკი 79), ლოფტუს-ჩეკი, დაიერი, დელფი, როუზი; ვარდი, რაშფორდი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

ბელგია (3-4-2-1): კურტუა; დენდოკერი, ბოიატა, ვერმაელენი (კომპანი 74); შადლი, ტილემანსი, დემბელე, ტ. აზარი; იანუზაი (მერტენსი 86), ფელაინი; ბატშუაი

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლი: 0:1 იანუზაი (51)

გაფრთხილება: ტილემანსი (19), დენდოკერი (33)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (1) – 15 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ადნან იანუზაი (ბელგია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.337204