ფეხბურთი

0:28 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია უმატებს!

ბრაზილიის ნაკრები არ შეცდა და ტიტეს გუნდი მერვედფინალშია. თანაც, დამაჯერებლად, კითხვების გარეშე. სამხრეთ ამერიკელებმა სერბეთის ნაკრები, რომელთანაც ქულაც გაიყვანდა პელი-ოფში ადვილად და ლამაზი ფეხბურთით მოიგო – 2:0.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ “სელესაო” თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ცალსახაა, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. შვეიცარიასთან არადამაჯერებ მატჩს, კოსტა რიკასთან გამართული ფეხბურთი და სერბეთთან ფეერიული თამაში მოჰყვა.

გადასარევ ფორმაშია ფილიპე კოუტინიო, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე თავისი გუნდი რიგებში ცალსახად საუკეთესო იყო. ამჯერად კოუტინიომ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ პაულინიოს საგოლე პასით დაუხატა. ეს 36-ე წუთზე მოხდა, როდესაც “ბარსელონას” შემტევმა სერბთა მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა და პაულინიოც დიდოსტატურად გაისარჯა. იქამდე, თანაბარი თამაში იყო, მაგრამ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ტიტეს ბიჭები გოლს მაშინ გაიტანდნენ, როცა მოინდომებდნენ, რადგან სერბეთი, რომელსაც უცილობლივ 3 ქულა სჭირდებოდა, თამაშს ვერ ამწვავებდა და ასე გაილია პირველი ტაიმი.

მეორე ნახევარში იყო 10 წუთიანი მონაკვეთი, როდესაც ბრაზილიელთა კართან მეტ-ნაკლებად ჩამოცხა, მაგრამ გოლი არ გავიდა. სამაგიეროდ, დაინახეს ბრაზილიელებმა, რომ ერთბურთიანი უპირატესობა არაფრის გარანტი იყო, მოუმატეს და მალე მიზანსაც უწიეს. ნეიმარის კუთხურს ტიაგო სილვამ თავი შეაგება. მერეც ჰქონდათ ბრაზილიელებს მომენტები, მაგრამ გოლი ვეღარ შეაგდეს, სერბებს კი თამაშის სურვილი აღარ ჰქონდათ.

შედეგად, ბრაზილია ზედიზედ მე-13-ედ გავიდა ჯგუფიდან მუნდიალზე და მერვედფინალში მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება. სერბეთმა კი ბარგი უკვე ჩაალაგა და მალე სამშობლოს დაუბრუნდება.

სერბეთი – ბრაზილია 0:2 (0:1) VIDEO

მოსკოვი, “ატკრიტიე არენა”

მაყურებელი: 44 190

სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი; რუკავინა, მილენკოვიჩი, ველიკოვიჩი, კოლაროვი; მატიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი; ტადიჩი, ლიაიჩი (ჟივკოვიჩი 75), კოსტიჩი (რადონიჩი 82); მიტროვიჩი (იოვიჩი 90)

მწვრთნელი: მლადენ კრსტაიჩი

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო (ფილიპე ლუისი 10); პაულინიო (ფერნანდინიო 66), კოუტინიო (რენატო აუგუსტო 80), ნეიმარი; გაბრიელ ჟესუსი

მწვრთნელი: ტიტე

გოლები: 0:1 პაულინიო (36), 0:2 ტიაგო სილვა (68)

გაფრთხილება: ლიაიჩი (33), მატიჩი (48), მიტროვიჩი (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (1) – 13 (6) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:9 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)

მატჩის საუკეთესო ფეხბუთელი: პაულინიო (ბრაზილია)

0.117903