ავტოსპორტი

3:00 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ რაიკონენის ლეკლერით შესაცვლელად მზადაა

ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ.კომ-ის“ ინფორმაციით, „ფერარი“ მზადაა, კიმი რაიკონენის ადგილზე, მომავალი სეზონისთვის მონაკოელი ამომავალი ვარსკვლავი შარლ ლეკლერი მიიწვიოს. რაიკონენს, ვისაც ოქტომბერში 39 წელი შეუსრულდება, იტალიურ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი, ამ სეზონის ბოლოს დაუმთავრდება და დიდი ალბათობით, მას აღარ გაუგრძელებენ.

ფინელი პილოტი „სკუდერიას“ ბოლო ჩემპიონია. მას ეს ტიტული 2007 წელს, „მაკლარენის“ ფერნანდო ალონსოსთან და ლუის ჰამილტონთან პაექრობაში მოიპოვა. შარშან მას სერჯო მარკიონემ კონტრაქტი გაუგრძელა, თუმცა დესერტად ისიც მოახსენა, რომ მისგან სტაბილურობას ელის და სავარაუდოდ, ეს სეზონი ბოლოა იმისათვის, რომ კიმიმ სტაბილურობა გამოავლინოს.

რაიკონენმა ეს სეზონი მართლაც კარგად დაიწყო - პირველი ოთხი რბოლიდან სამი კვარცხლბეკზე დაასრულა. ამასთან, მისი დროები ახლოს იყო თანაგუნდელ სებასტიან ფეტელისასთან. მაგრამ ბოლო ორ რბოლაში (მონაკო და კანადა) კვარცხლბეკამდე ვერ მიაღწია, როცა ფეტელმა ერთი მოიგო და მეორეზე მეორე ადგილი დაიკავა და რაც მთავარია, ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა.

„მოტორსპორტ.კომ-ის“ ინფორმაციით, „ფერარის“ კიმის ადგილზე, „რედ ბულიდან“ დანიელ რიკიარდოს გადმობირება სურდა, ვისაც ამ სეზონის ბოლოს ასევე უმთავრდება მიმდინარე კონტრაქტი. მაგრამ ავსტრალიელის გადაბირება ძალიან ძვირად უჯდებოდა, რაც ფეტელის მაღალ ანაზღაურებასთან კომბინაციაში, მარანელოში მეტისმეტად ჩათვალეს.

ამიტომ არჩევანში ორი ვარიანტი დარჩა: ისევ რაიკონენი, ან ფორმულა 1-ის 20 წლის ახალბედა ლეკლერი, ვინც „ფერარის“ პარტნიორ „ზაუბერში“ კარგი გამოსვლებით მიიქცია ყურადღება. მონაკოელმა პილოტმა ბოლო ოთხი რბოლიდან, სამში ქულების აღება შეძლო, რაც მაჩანჩალა „ზაუბერის“ მანქანით გმირობის ტოლფასია.

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ცნობილია, რომ „ფერარი“ ყოველთვის გამოცდილ და ჩამოყალიბებულ პილოტებს იწვევს. რაიკონენის ანგარიშზე, 277 დიდი პრიზის რბოლაში ასპარეზობაა, რომელთაგან 137-ში „ფერარის“ მანქანით იაპარეზა. ლეკლერისთვის კი ამ უქმეების საფრანგეთის დიდი პრიზი კარიერაში მერვე იქნება.

სხვათა შორის, ლეკლერი „ფერარის“ ახალგაზრდა მრბოლთა აკადემიის პილოტია. ფ1-ში მოსვლამდე მას მიყოლებით GP3-ის და ფორმულა 2-ის ტიტულები აქვს მოპოვებული. „ზაუბერში“ მისი მოწყობა სწორდ იტალიური კომპანიის დამსახურებაა, რომლის რებრენდირებული (ალფა რომეოს სახელით) ძრავებითაც შვეიცარიული გუნდი ასპარეზობს.

მონრეალში ა თემაზე დასმულ კითხვას ლეკლერმა ასეთი პასუხი გასცა: „ამაზე მხოლოდ მეღიმება, მაგრამ მეორე მხრივ, ამჟამად „ფერარიში“ ჩემი გადასვლა არარეალურად მოჩანს. როცა მომავალ სეზნზე ფიქრის დრო მოვა, შეიძლება ამაზეც ვიფიქრო. იმედია, ამ ადგილის დაკავების შესაძლებლობა მომეცემა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113667