ფეხბურთი

18:35 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაროკომ ითამაშა, პორტუგალიამ - მოიგო (+VIDEO)

პორტუგალიის ნაკრებს მაროკოს ნაკრების დასამარცხებლად კრიშტიანუ რონალდუს კინკილა გოლი ეყო. ეს მატჩის დასაწყისშივე მოხდა. მე-4 წუთზე ლუზიტანელებმა კუთხური გაითამაშეს და რონალდუმ და კოსტას აჯობა, თავით შეაგდო და ანგარიში გახსნა. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო პორტუგალიელთა ერთადერთი ნათელი ეპიზოდი მთელ თამაშში და ლოგიკურია, რომ ერთადერთი გოლიც.

ბედად, მაროკოს ნაკრებმა თავისი ბევრი შანსი გაანიავა და ევროპის ჩემპიონმა სამი ქულა მოიპოვა. აღვნიშნოთ, რომ რონალდუმ მეოთხე გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. სხვათა შორის, კრიშტიანუ 1966 წლის შემდეგ პირველი პორტუგალიელი გახდა, რომელმაც ერთ მუნდიალზე მარჯვენა და მარცხენა ფეხებით, ამასთან თავით მოახერხა გოლის გატანა. 1966 წელს იგივე ჟოზე ტორესმა გააკეთა. გარდა ამისა, რონალდუმ ეროვნული გუნდის მაისურით 85-ე გოლი გაიტანა და ევროპულ ნაკრებებში ასეთი შედეგიანობით არასდროს არავის უთამაშია – რეკორდი დღეს გატანილი გოლით დაამყარა.

მაროკოს ნაკრები კი ის გუნდია, რომელმაც ორ თამაშში ფეხბურთი ითამაშა, მეტოქეებს თამაშის ხარისხით აჯობა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, ორჯერვე დამარცხდა და უქულოდაა. ასევე, პირველი ნაკრებია მიმდინარე მუნდიალზე, რომელმაც პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

ისე, რა უცნაურია, ერვე რენარის გუნდის კარში ირანმა და პორტუგალიამ ფაქტობრივად ვერ დაარტყეს (ჯამში 4 დარტყმა მაროკოს კარში). მიუხედავად ასეთი მინიმალური სტატისტიკური მონაცემისა, აფრიკული ნაკრები მუნდიალს ემშვიდობება.

არადა, ჰქონდათ შანსი მაროკოელბს და თანაც არაერთხელ. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის, როდესაც მარტო მეჰდი ბენატიას 4-ჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ რად გინდა, კაპიტანმა ვერცერხელ ივარგა. საგოლე მომენტი ჰქონდა ზიეჩსა და ბელანდასაც, თუმცა, შანსი გაანიავეს. მაროკო მეტად სახიფათოდ სტანდარტული სიტუაციების დროს უტევდა. პორტუგალიამ კი, პრაგმატულ სტილში გაიმარჯვა.

შეგვიძლია ასე ვთქვათ, მაროკომ ითამაშა, პორტუგალიამ – მოიგო. თუმცა, რა გასაკვირია, ორი წლის წინ, სანტუშის გუნდმა სწორედ ასეთ სტილში ტრიუმფამდე მისვლა შეძლო...

პორტუგალია – მაროკო 1:0 (1:0) VIDEO

მოსკოვი, “ლუჟნიკი”

მაყურებელი: 78 011

პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიუ; სოარეში, პეპე, ჟოზე ფონტე, გერეირო; ბერნარდო სილვა (ჟელსონი 59), კარვალიო, მოუტინიო (ადრიენ სილვა 86), ჟოაო მარიო (ბრუნო ფერნანდეში 70); გუედეში, რონალდუ

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

მაროკო (4-2-3-1): მუნირი; დირარი, ბენატია, და კოსტა, ჰაკიმი; ელ აჰმადი (ფაჯრი 86), ბუსუფა; ამრაბატი, ბელანდა (კარსელა-გონსალესი 75), ზიეჩი; ბუტაიბი (ელ კააბი 70)

მწვრთნელი: ერვე რენარი

გოლი: 1:0 რონალდუ (4)

გაფრთხილება: ადრიენ სილვა (90) - ბენატია (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები:L10 (2) – 16 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მარკ გეიგერი (აშშ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

0.414235