ფეხბურთი

17:10 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქის წარდგენა: "დუნაისკა სტრედა" ახლო ხედით
"დუნაისკა სტრედა"

“დინამო” თბილისი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დუნაისკა სტრედას” შეხვდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოტენციურ მეტოქეებს შორის, სლოვაკური გუნდი ყველაზე არასასურველი იყო. სხვა თუ არაფერი, სლოვაკეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია...

ვეცდებით ეს გუნდი უფრო ახლო ხედით წარმოგიდგინოთ:

ისტორია

“დუნაისკა” ასწლოვან ისტორიას ითვლის და 1904 წელს დაარსდა. მიუხედავად ამისა, კლუბი დიდი წარმატებებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და მისი საუკეთესო შედეგი სლოვაკეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი იყო. ერთხელ დაეუფლა ჩეხოსლოვაკეთის თასს. ტიტულების მხრივ, ესაა და ეს.

სტადიონი

“დუნაისკა სტრედას” საშინაო სტადიონს “მოლ არენა” ეწოდება. საკმაოდ პატარა, მაგრამ მყუდრო და თანამედროვე სტადიონია, რომელიც 9 901 მაყურებელს იტევს.

“დუნაისკა” ევროპაში

რაც შეეხება ევროპულ ასპარეზს. ბუნებრივია, რომ “დუნაისკა” არც ევროტურნირებზე თამაშითაა განებივრებული. პირველად ასეთი რამ 1987-1998 წლების სეზონში მოხდა, როდესაც თასების თასზე ორი ეტაპი ითამაშა. ჯერ ლიმასოლის აელ-ი დაამარცხა (0:1, 5:1), ხოლო მეორე ეტაპზე ბერნის “იანგ ბოიზთან” ვერაფერს გახდა (2:1, 1:3).

1988-1989 წლების სეზონში უეფას თასზე ჩაერთო და შვედური “იოსტერსი” დაამარცხა (0:2, 6:0). შემდეგ კი, თვით მიუნხენის “ბაიერნთან” მოუწია გარჯა და გერმანულ გიგანტთან შანსი არ ჰქონია (1:3, 0:2).

მესამედ და ჯერჯერობით ბოლოჯერ, ევროსარბიელზე “დუნაისკამ” 1993-1994 წლების სეზონში ითამაშა, თუმცა წარუმატებლად. პირველივე ეტაპზე “ზალცბურგთან” დამარცხდა (0:2, 0:2).

აწმყო

გასული სეზონი სლოვაკური გუნდისთვის ერთობ წარმატებული გამოდგა და ფორტუნა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. “დუნაისკამ” 32 თამაშში 57 ქულა დააგროვა (16 მოგება, 9 ფრე, 7 წაგება, 46:32 ბურთების ბალანსი) და ჩემპიონ “სპარტაკს” 7 ქულით ჩამორჩა. საგულისხმოა, რომ ამ გუნდს იტალიელი მარკო როსი წვრთნიდა, მაგრამ ორი დღის წინ აპენინელმა უნგრეთის ნაკრები ჩაიბარა და სლოვაკური გუნდი ჯერჯერობით თავკაცის გარეშეა.

კონტიგენტი

შემადგენლობას რაც შეეხება – ძირითადი ბირთვი სლოვაკი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. განსაკუთრებული სახელებით არავინ გამოირჩევა და არიან ლეგიონერებიც. მათ შორის ერთი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს – ერიკ დევისი პანამის ნაკრების რიგებში. სხვა მხრივ ლეგიონერები არიან კოტ დივუარიდან სულეიმან კონე და ისუფ ბაიო, კონგოელი ივეს პამბუ და ჩემი პატრიკ მაცეი. აქვე უნდა ვახსენოთ სერბი მარკო დივკოვიჩი და უკრაინელები, ანდრეი ლიაშენკო და მაქსიკ ტრეტიაკოვი.

ვნახოთ, “დუნაისკა სტრედას” ბარიერი რამდენად დაძლევადი აღმოჩნდება “დინამოსთვის”. ამ გუნდებს შორის, პირველი მატჩი სლოვაკეთში 12 ივლისს, ხოლო მეორე შეხვედრა ერთი კვირის თავზე თბილისში შედგება.

Loading...
სტატისტიკა
0.268207