ავტოსპორტი

5:26 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ მომავალი სეზონიდან „ჰონდას“ ძრავებზე გადავა

„რედ ბულ რეისინგმა“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: მომავალი სეზონიდან „ჰონდას“ აგრეგატებით იასპარეზებს. ამგვარად, ავსტრიულმა გუნდმა დაასრულა 12-წლიანი თანამშრომლობა „რენოსთან“, რომლის ძრავებითაც, მსოფლიო ჩემპიონის ოთხი ტიტული და კონსტრუქტორთა ამდენივე პირველობა აქვს მოგებული.

„რედ ბულსა“ და ფრანგულ კომპანიას შორის პარტნირობა 2007 წელს დაიწყო და მისი პიკი, სებასტიან ფეტელის მიერ ზედიზედ მოპოვებული ოთხი ტიტული გახდა. თუმცა ჰიბრიდული აგრეგატების ეპოქაში, მისი ძრავები კონკურენციას ვერც „ფერარის“ და მითუმეტეს, ვერც „მერსედესის“ ძრავებს ვერ უწევს. ამის გამო, „რედ ბულსა“ და „რენოს“ შორის ურთიერთობა ისე გამწვავდა, რომ ავსტრიული საჯინიბო ძრავებს „TAG-ჰოიერის“ მარკით ღებულობდა.

„ეს მრავალწლიანი შეთანხმება, რომელიც „ჰონდასთან“ გავაფორმეთ, „ასტონ მარტინ რედ ბულ რეისინგისთვის“ ახალი ფაზის დასაწყისია. ჩვენ ვიბრძოლებთ არამხოლოდ ცალკეულ რბოლებში გამარჯვებებისთვის, არამედ ჩემპიონის ტიტულებისთვის, რაც ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი მიზანი. „ჰონდას“ თანამშრომლობას „რედ ბულის“ ფორმულა 1-ის გუნდებთან, უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, - ამბობს „რედ ბულ რეისინგის“ შეფი კრისტიან ჰორნერი.

„ჰონდა“ პირველი იაპონური საავტომობილო კომპანიაა, რომელმაც ფორმულა 1-ში გამოსვლები დაიწყო. ეს 1964 წელს მოხდა, ოთხი წლის შემდეგ, რაც ავტომობილების წარმოებას მოჰკიდა ხელი. 1968 წელს კომპანიამ დიდი პრიზების არენა დატოვა. 1980-იანებში კი ძრავების მწარმოებლის სტატუსით დაბრუნდა და „უილიამსთან“, „ლოტუსთან“ და „მაკლარენთან“ ერთად, არაერთი რბოლა მოიგო, „უილიამსთან“ (ორჯერ) და „მაკლარენთან“ (ოთხჯერ) ერთად კი მსოფლიო ჩემპიონის ექვსი ტრიტული მოიგო, რის შემდეგაც ისევ წავიდა.

მორიგი დაბრუნბა გუნდ BAR-თან ერთად შედგა 2000 წელს. ამჯერადაც „ჰონდა“ გუნდის“ პარტნიორი იყო და მას ძრავებით ამარაგებდა. 2006 წელს ეს გუნდი სრულად გამოისყიდა და საკუთარი სახელით გააგრძელებინა გამოსვლა. მაგრამ 2009 წლის სეზონის წინ, გუნდი კონსორციუმს მიჰყიდა, რომელსაც როს ბრაუნი ხელმძღვანელობდა. გუნდს სწორედ „ბრაუნი“ დაერქვა და მისი მანქანით ჯენსონ ბატონმა მსოფლიო ჩემპოიონის ტიტული 2009 წელსვე მოიპოვა.

მალე ბრაუნმა გუნდი „მერსედესს“ მიჰყიდა, „ჰონდა“ კი ფ1-ში 2015 წელს ისევ დაბრუნდა. ამჯერად ისევ ძრავის მიმწოდებლის რანგში. მისი პარტნიორი „მაკლარენი“ გახდა, რომელმაც სამწლიანი ფიასკოს შემდეგ, „რენოს“ ძრავებზე გადასვლა ამჯობინა. „ჰონდას“ ძრავებით გამოსვლას კი „რედ ბულის“ იტალიური გუნდი „ტორო როსო“ დათანხმდა. ფაქტობრივად, ეს იყო ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც, „რედ ბულ რეისინგისთვის“ საჭიროების შემთხვევაში, არჩევანის საშუალების შექმნა იყო. და ავსტრიულმა კომპანიამაც არჩევანი „ჰონდას“ სასარგებლოდ გააკეთა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140699