ფეხბურთი

2:06 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გმირი ჰარი! (+VIDEO)

ინგლისის ნაკრების გმირი ჰარი კეინია. სწორედ კაპიტანს უნდა უმადლოდეს “სამი ლომი” მსოფლიოს ჩემპიონატი სამი ქულით რომ დაიწყო. არადა, გარეთ საუთგეიტის გუნდი ტუნისთან გამოკვეთილი ფავორიტი იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მიმდინარე მუნდიალი ფავორიტებს არ აღიარებს.

დასაწყისი კი დიდებული იყო: ალბიონელები შეტევაში კრეატიულად და სწრაფად მოქმედებდნენ, რასაც საგოლე მომენტების შექმნაც მალევე მოჰყვა. მატჩის საწყის 10 წუთში ტუნისელთა მეკარემ მუზ ჰასენმა ორჯერ ძალიან მაგარი ბურთი გამოაძრო და ინგლისს გოლი წაართვა. 23 წლის კიპერი იგივეს გაკეთებას მე-11 წუთზეც შეეცადა, როცა ჯონ სტოუნსის თავური სასწაულებრივ მოიგერია, მაგრამ მცველებმა ყველაფერი წყალში ჩაუყარეს, ჰარი კეინი მარტო დატოვეს და კაპიტანმა შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ჩინებულად მოთამაშე ჰასენმა მხარი დაიზიანა (ორი კვირის წინ, ჯერ კიდევ თურქეთთან სპარინგში დაიშავა) და თამაში ვერ გააგრძელა. ინგლისი კი აგრძელებდა შეტევებს, უბრალოდ რეალიზაციის პროცენტი ძალიან დაბალი იყო.

საპასუხოდ, ტუნისი ღირებულს ვერაფერს ქმნიდა, მაგრამ კაილ უოლკერმა შექმნა. “სიტის” უკანახაზელმა ტუნისელი შემტევი უწყინარ სიტუაციაში წააქცია საჯარიმოში და მსაჯმა პენალტი დანიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის გოლად გადაქცევა სასიმ მოახერხა და ანგარიშიც გათანაბრდა. საინტერესოა, რომ ინგლისის ნაკრებმა მუნდიალზე თამაშიდან (პენალტების სერიაში არა) თერთმეტმეტრიანი 1998 წლის შემდეგ პირველად გაუშვა (ბოლოს ეს გაბრიელ ბატისტუტას გაეკეთებინა). საუთგეიტის ბიჭებმა ისევ შეუტიეს და ანტრაქტამდე შეეძლოთ მოვლენების სათავისოდ შეცვლა. ყველაზე ახლოს გოლთან ლინგარდი იყო, რომელსაც ხელი ძელმა შეუშალა. ალბიონელები რომ დიდებულად მოქმედებდნენ პირველ ტაიმში სტატისტიკაც დაიმოწმება: საუთგეიტის ბიჭებმა კარში 6-ჯერ დაარტყეს და პირველ ტაიმში ამდენჯერ კარში ბოლოს 1996 წელს, ნახევარფინალში პორტუგალიასთან დაერტყათ.

ინგლისი მოსაგებად იყო შემართული, თუმცა 15-წუთიანმა პაუზამ გუნდზე აშკარად ცუდად იმოქმედა. მეორე ნახევარში “სამი ლომი” თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ მომენტებს ვეღარ ქმნიდა. ყველაფერი მორიგი სენსაციისკენ და ინგლისელთა მორიგი კრიტიკისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის პირველივე დამატებულ წუთზე კეინმა გადაარჩინა თავისი გუნდი. სხვათა შორის, გოლი პირველის ანალოგი გამოდგა: თუ თავდაპირველად კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა სტოუნსმა მოიგო, რომელსაც მეკარემ აჯობა და კეინმა დაამატა, ამჯერად, ისევ კუთხურის მერე, მაგუაირმა ითამაშა მეორე სართულზე კარგად, თუმცა კარში დარტყმის ნაცვლად პასი გამოუვიდა კეინზე, რომელიც სრულიად უმეთვალყურეოდ ჰყავდათ აფრიკელებს დატოვებული და გატანაც არ გასჭირვებია. სხვათა შორის, ჰარიმ ინგლისის ნაკრების მაისურით 25-ე შეხვედრაში მე-15 გოლი გაიტანა და ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ გარი ლინეკერს ჰქონია – 25 მატჩში 20 გოლი. თავის მხრივ, კეინი 2010 წლის შემდეგ გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ თამაშში ორ სხვა და სხვა მეკარეს გაუტანა. ინგლისის ნაკრებმა კი, მსაჯის დამატებულ წუთზე გამარჯვების გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა.

შექებას იმსახურებს ტუნისის ნაკრებიც, რომელიც ასე ნანატრ ქულასთა ერთ ნაბიჯში და 2 წუთში იყო. ინგლისმა კი, მძიმედ, მაგრამ მაინც გამარჯვებით დაიწყო.

ტუნისი – ინგლისი 1:2 (1:1) VIDEO

ვოლგოგრადი, “ვოლგოგრად არენა”

მაყურებელი: 41 064

ტუნისი (4-3-3): ჰასენი (ბენ მუსტაფა 15); ს. ბენ იუსუფი, მერია, ბრონი, მაალული; ბადრი, სასი, სხირი; ფ. ბენ იუსუფი, ხაზრი (ხალიფა 85), სლიტი (ბენ ამორი 74)

მწვრთნელი: ნაბილ მაალული

ინგლისი: (3-5-2): პიკფორდი; უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიე, ლინგარდი (დაიერი 90), ჰენდერსონი, დელე ალი (ლოფტუს-ჩეკი 80), იანგი; სტერლინგი (რაშფორდი 68), კეინი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გოლები: 0:1 კეინი (11), 1:1 სასი (35, პენ), 1:2 კეინი (90)

გაფრთხილება: უოლკერი (33)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 17 (7) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჰარი კეინი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.555057