ფეხბურთი

14:14 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გამოხმაურება: გერმანია გუნდური სულისკვეთების გარეშე

მსოფლიოს ჩემპიონატზე მოქმედი ჩემპიონი გერმანია წარუმატებლად ჩაერთო. “ბუნდესნაკრებმა” მოულოდნელად მექსიკის ნაკრებთან (0:1) წააგო და უქულოდაა. თუმცა, მხოლოდ შედეგი კი არა, თამაშის ხარისხი უფრო საგანგაშო გამოდგა და სპეციალისტთა კრიტიკამაც არ დააყოვნა.

მატს ჰუმელსმა თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ “მანშაფტის” დაცვის ხაზში ქაოსი სუფევდა:

“მე და ბოატენგი დაცვაში მარტო ვრჩებოდით, ხოლო მექსიკელები კონტრშეტევაზე მთელი გუნდით გადმოდიოდნენ. საჭიროა, სიმართლე ითქვას. დაცვის ფაზა კარგი არ ყოფილა, აშკარაა, რომ ბალანსი გვაკლდა, 7-8 ფეხბურთელი ხშირად შეტევაში რჩებოდა და დამსახურებულად წავაგეთ”, - თქვა ჰუმელსმა.

თანაგუნდელის მოსაზრება გაიზიარა ჟერომ ბოატენგმაც:

“ჩვენ დამნაშავეები ვართ და ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ. ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ ბალანსზე ვისაუბრეთ, მაგრამ მოედანზე ეს ერთხელაც ვერ ვაჩვენეთ”, - დასძინა ბოატენგმა.

თავის მხრივ, გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკი მიიჩნევს, რომ გუნდს მოტივაცია აკლია:

“არ არსებობდა გუნდური სულისკვეთება, შიმშილი და გამარჯვების სურვილი”, - დაწერა ბალაკმა სოციალურ ქსელში.

და ბოლოს, თავისი მოსაზრება გამოთქვა ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმაც, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთი ცუდი გერმანია დიდი ხანია არ უნახავს:

“ახლა ნაკრები დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. კარგა ხანია დიდ ტურნირებზე ასეთი სუსტი გერმანია არ მინახავს. კონცენტრაციის გარეშე, არასწორი პოზიციები და ბევრი შეცდომა. არავის უცდია დრიბლინგის შესრულება. ვფიქრობ, როისი ძირითად შემადგენლობაში უნდა თამაშობდეს, თუმცა იგივეს ვფიქრობდი სანეზე და ის სახლში დატოვეს”, - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Bილდ-ი.

გერმანიის ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 23 ივნისს, შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117433