ფეხბურთი

22:30 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პერუს დაბრუნება წარუმატებელი გამოუვიდა, დანიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

პერუს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 1982 წელს ასპარეზობდა და 36-წლიანი ლოდინის შემდეგ სამხრეთამერიკელებმა გულშემატკივრებს იმედი გაუცრუეს. რიკარდო გარეკას გუნდმა მუნდიალზე პირველი შეხვედრა დანიასთან გამართა და 0:1 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ პერუს მინიმუმ ქულის მოსაპოვებლად მომენტები საკმაოდ ბევრი ჰქონდა, ამ გუნდმა ეს ვერ შეძლო. დანიამ კი პრაგმატული ფეხბურთით და იუსუფ პოულსენის ერთადერთი გოლით სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და მერვედფინალისკენ სოლიდური ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრა პერუს უპირატესობით დაიწყო და მერვე წუთზე იოშიმა იოტუნმა შორიდან დაარტყა ძლიერად, შმეიხელს კი ბურთი ხელებში მიუვიდა. მე-13 წუთზე დანიელთა შეცდომის შემდეგ კონტრშეტევაზე ანდრე კარილიო წავიდა, მარჯვენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გასცდა და კასპერ შმეიხელს შორეულ კუთხეში დაურტყა, თუმცა "ლესტერის" მეკარემ დანია გადაარჩინა.

29-ე წუთზე კარილიომ ფარფანი პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა სიმონ კიაერი მოსკოვის "ლოკომოტივის" თავდამსხმელს ჩაუწვა და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, კრისტიან ერიქსენმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ცოცხალ კედელს მოარტყა, დამატებაზე კი ლასე შიონემ სუსტად დაარტყა და მეკარეს ბურთის მიღება არ გაუჭირდა. ერთ წუთში ტომას დელეინის შორეული გასროლის შემდეგ საჯარიმოში ბურთს იუსუფ პოულსენი ჩაუწვა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.

45-ე წუთზე პოულსენმა კრისტიან კუევა საჯარიმოში წააქცია, თუმცა მსაჯმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ვიდეორეფერის საშუალებით კი გასამა ბაკარიმ პენალტი დანიშნა. კუევამ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი არავის დაუთმო, თუმცა კარს დიდი მანძილით ააცილა და საბოლოოდ 45 წუთის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 0:0 დაფიქსირდა.

57-ე წუთზე კუევა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ცრუ მოძრაობით ერთი მეტოქე ჩამოიშორა და კარილიოს გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელს კი ფეხი დაუცდა ედისონ ფლორესმა კი არაზუსტად დაარტყა. ვერ გაიტანა პერუმ და ამის გამო დაისაჯა, ორ წუთში პიონე სისტომ დანიის ნახევრიდან კრისტიან ერიკსენს უპასა, "ტოტენჰემის" ფეხბურთელმა კი პოულსენი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და იუსუფმა ანგარიში გაათანაბრა.

გატანილი გოლის შემდეგ პერუმ შეუტია და ფლორესმა კიდევ ერთხელ დაარტყა კარში, თუმცა შმეიხელმა პოზიცია კარგად შეარჩია და ბურთი მოიგერია. სამხრეთამერიკული ნაკრების თავკაცმა რიკარდო გარეკამ უმალვე პაოლო გერერო შემოიყვანა, რომელმაც თავური დარტყმით სცადა დანიის კარის აღება, თუმცა სამხრეთამერიკელთა აქტიურობა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ალბერტო როდრიგესმა საჯარიმოს სიღრმეში თავით სცადა პასის გაკეთება, თუმცა კარის ძელთან ახლოს მყოფმა ფარფანმა და კარილიომ ვერ შეძლეს გატანა. 84-ე წუთზე კარილიომ მარჯვენა ფლანგზე მეტოქე იოლად ჩამოიტოვა, საჯარიმოში შეიჭრა და დაახლოებით პენალტის ნიშნულთან მყოფ ფარფანს უპასა, რომელმაც კვლავ ვერ ითამაშა დამაჯერებლად. ორიოდე წუთში კრისტიან ერიქსენი გავიდან მეკარესთან პირისპირ და მისი დარტყმული პერუს მეკარემ მოიგერია.

საბოლოოდ ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში დანიას ბურთი ეჭირა და მეტოქეს გასაქანი არ მისცა. მეორე 45 წუთში კი გოლის შემდეგ პერუმ შეტევები უფრო გაამძაფრა, ამ გუნდმა ყველაფერი სცადა, ორივე ფლანგიდან უტევდა, თუმცა აქტიურობა ტაბლოზე არ აისახა და რომ არა მათი მეკარის კარგი თამაში ორი ბურთის სხვაობითაც წააგებდნენ მატჩს.

პერუს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და ამ გუნდმა ბოლოს მარცხი 2016 წლის 16 ნოემბერს ბრაზილიასთან იწვნია. C ჯგუფში საფრანგეთი ლიდერობს და დიდი ალბათობით "მამლები" პირველობას არავის დაუთმობენ. მეორე პოზიციის და მერვედფინალის საგზურისთვის კი სამი გუნდია პრეტენდენტი და სკანდინავიელებმა პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულეს. მომდევნო შეხვედრას სამხრეთამერიკელები საფრანგეთთან, ხოლო დანიელები ავსტრალიასთან 21 ივნისს გამართავენ.

პერუ - დანია 0:1 (0:0)

სარანსკი, "მორდოვია არენა"

პერუ (4-2-3-1): გალესე, ადვინკულა, რამოსი, ტრაუკო, როდრიგესი, ტაპია (აკინო), კუევა, იოტუნი, ფლორესი (გერერო 62), კარილიო, ფარფანი (რუიდიასი 85)

მთავარი მწვრთნელი: რიკარდო გარეკა

დანია (4-3-3): შმეიხელი, დალსგორი, კიაერი, კვისტი (შიონე 35), კრისტენსენი (ზანკა 81), დელეინი, სისტო (ბრეითუეითი 67), პოულსენი, იორგენსენი, ერიკსენი, ლარსენი

მთავარი მწვრთნელი: ოგე ჰარეიდე

გოლი: პოულსენი (59)

გამოუყენებელი პენალტი: კუევა (45)

გაფრთხილება: ტაპია (38), დელეინი (86), პოულსენი (90+4)

სტატისტიკა: კარისკენ დარტყმა: 17(6) - 10(3); ბურთის ფლობა: 52%:48%; კუთხურები: 3:7; თამაშგარე: 5:3

მსაჯი: გასამა ბაკარი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იუსუფ იურარი პოულსენი

0.131124