ფეხბურთი

0:53 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ და ესპანეთი ერთ კვარცხლბეკზე (+VIDEO)

ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო! სოჭში, პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებებმა ისეთი თამაში აჩვენეს, სწორედაც, რომ მუნდიალს შეეფერება – 3:3.

თამაში შეგვიძლია ასე დავასათაუროთ: კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის ნაკრების ტოლ-სწორია...

ესპანეთის ნაკრებმა ორი დღის წინ შეცვლილი მწვრთნელის ამბავი არც შეიმჩნია დ ჩინებული ფეხბურთი აჩვენა, ოღონდ ეგაა, რონალდუს შეჩერება ვერ მოახერხა. სხვა მხრივ, “ფურია როხამ” მეტოქეს აჯობა და მოგებასთანაც ახლოს იყო. თამაშის დაწყება და გოლი ფაქტობრივად ერთი იყო – კრიშტიანუმ საკლუბო თანაგუნდელ ნაჩო მონრეალს ყველაფერი გააკეთებინა, რომ თამაშის წესი საჯარიმოში დაერღვია და ჯანლუკა როკიმ პენალტი უყოყმანოდ დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა გამოიყენა. მერე, ლუზიტანელები საკუთარ ნახევარზე გაამგრდნენ და კოტრშეტევაზე დაიწყეს ბედის ძიება. შანსიც მიეცათ, მაგრამ გონსალო გუედეშმა ორჯერ ვერ ივარგა. სამაგიეროდ, ივარგა დიეგო კოშტამ ივარგა და მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი შეაგდო. “ატლეტიკოს” ფორვარდმა ჟოზე ფონტეს თავგზა რამდენჯერმე აუბნია და დიდებული გოლი შეაგდო. ეპიზოდის დასაწყისში კოშტამ პეპეს წინააღმდეგ შესაძლოა იუხეშა, თუმცა, მსაჯმა და ვიდერეფერიმ თამაშის წესების დარღვევა ვერ დაინახეს. ესპანეთმა თამაშის სადავეები ხელთ კიდევ უფრო იგდო და ისკოს მალევე შეეძლო გატანა, თუმცა, ხარიხამ შეუშალა ხელი. ტაიმის ბოლოს პორტუგალიამ მეორედ იხეირა, მაგრამ გოლი თითქოს კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. ვინ გაიტანა, თუ არა კრიშტიანუ? რონალდუმ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, ხიფათს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ დავიდ დე ხეამ ბავშვური შეცდომა დაუშვა და ტაიმი პორტუგალიამ მოიგო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა და ესპანეთი მეტოქის ნახევარზე დამკვიდრებას აგრძელებდა. ამან შედეგი მალევე გამოიღო. ჯერ დიეგო კოშტამ რონალდუს დუბლს დუბლითვე უპასუხა. სამ წუთში კი ნაჩომ გაიტანა დიდებულ სტილში – საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით, ჩინებული გოლი გამოვიდა სანახავად რომ ღირს, ისეთი.

ახლა უკვე პორტუგალიას ჰქონდა შესატევი, თუმცა, ამას ვერ ახერხებდა. აშკარა იყო, რომ ფერნანდუ სანტუშის გუნდს ძალიან უჭირდა ნახევარდაცვიდან შეტევაში გადასვლა. ვერც საყრდენ ნახევარმცველებს და ვერც გარემარბეს რონალდუმდე ბურთი ვერ მოჰქონდათ. შედეგად, კრიშტიანუს უწევდა სიღრმეში ჩამოსვლა და ბუნებრივია, რომ თავდასხმაში სიცარიელე ჩნდებოდა. შეიძლება ითქვას, საკუთარი თავის აჩრდილებს წააგავნდნე ბრუნო ფერნანდეში, გონსალო გუედეში და ბერნარდო სილვა. თამაში ვერც რიკარდო კვარეჟმამ და ანდრე სილვამ გაამწვევეს. თუმცა, პორტუგალიას ხომ კრიშტიანუ ჰყავს?! 88-ე წუთზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ჯარიმა მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ეს კრიშტიანუს კარიერაში 51-ე ჰეთ-თრიქი გამოდგა და სიმბოლურია, რომ მუნდიალის ისტორიაშიც. გარდა ამისა, რონალდუმ ერთ მატჩში სამი გოლის გატანა 33 წლისა და 130 დღის ასაკში შეძლო და მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა.

ამასთან, კრიშტიანუმ ოთხ მუნდიალზე მოახერხა გოლის გატანა და ამ შედეგით მეოთხე ფეხბურთელი გახდა უვე ზეელერის, პელესა და მიროსლავ კლოზეს შემდეგ. საინტერესოა, რომ რონალდუმ წინა სამ მუნდიალზე იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც ესპანეთის ნაკრების კარში: 2006 წელს, 25 დარტყმა, 1 გოლი, 2010 წელს, 22 დარტყმა, 1 გოლი, 2014 წელს, 22 დარტყმა, 1 გოლი, 2018 წელს, 5 დარტყმა, 3 გოლი.

თავის მხრივ, ნაჩო “რეალის” პირველი ფეხბურთელია 1998 წლიდან მოყოლებული, რომელმაც ესპანეთის ნაკრების მაისურით მუნდიალზე საჯარიმოს გარედან შეაგდო. ბოლოს იგივე “ფურია როხას” დღევანდელ მწვრთნელ ფერნანდო იეროს ჰქონდა გაკეთებული (1998 წელს, ნიგერიასთან).

თამაშმა კი მოლოდინს გადააჭარბა კიდეც. ესპანეთმა ყველას დაუმტკიცა თავისი კლასი, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ ძალიან დიდია!

B ჯგუფს კი პირველი ტურის შემდეგ ირანის ნაკრები ლიდერობს, თუმცა, აზიელთა ლიდერობას რომ დიდი დრო არ უწერია, ამას დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება.

პორტუგალია – ესპანეთი 3:3 (2:1) VIDEO

სოჭი, “ფიშტ სთედიუმი”

მაყურებელი: 43 866

პორტუგალია (4-2-3-1): რუი პატრისიუ; სოარეში, პეპე, ჟოზე ფონტე, გუერეირო; მოუტინიო, კარვალია; ბერნარდო სილვა (კვარეჟმა 69), ბრუნო ფერნანდეში (ჟოაო მარიო 68), გუედეში (ანდრე სილვა 80); რონალდუ

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

ესპანეთი (4-2-3-1): დე ხეა; ნაჩო, რამოსი, პიკე, ალბა; ბუსკეტსი, კოკე; ისკო, სილვა (ვასკესი 86), ინიესტა (ტიაგო ალკანტარა 70); დიეგო კოშტა (ასპასი 77)

მწვრთნელი: ფერნანდო იერო

გოლები: 1:0 რონალდუ (4, პენ), 1:1 დიეგო კოშტა (24), 2:1 რონალდუ (44), 2:2 დიეგო კოშტა (55), 2:3 ნაჩო (58), 3:3 რონალდუ (88)

გაფრთხილება: ბრუნო ფერნანდეში (28) – ბუსკეტსი (17)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 12 (5) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

0.592957