ფეხბურთი

11:10 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერი" კვირკველიას სანაცვლოდ 17 მილიონს იხდის

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია შესაძლოა “ლესტერ სიტიში” გადავიდეს. Izvestia-ს ინფორმაციით, “მელიების” წარმომადგენლები “ლოკოს” პრეზიდენტ ილია გერკუსს შეხვდნენ და მზად არიან ქართველი მცველის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გაიღონ.

მიუხედავად ამისა, ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მაინც ძალიან მცირეა. საქმე ისაა, რომ “ლოკომოტივის” მთავარ მწვრთნელ იური სიომინს კვირკველიას გასხვისება არ სურს, ვინაიდან “რკინიგზელები” ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ინგლისური “პორტსმუთის” ყოფილმა დირექტორმა რომან დუბოვმა:

“რამდენადაც ვიცი ზამთარში “ლესტერის” ინტერესი რეალური იყო. მე მქონდა კონტაქტი ეიპლტონთან (“ლესტერის” მწვრთნელის ასისტენტი – რედ). ინგლისელთა 4 ცენტრალური მცველიდან სამი, 30 წელსაა გადაცილებული, მათი საუკეთესო პერიოდი წარსულში დარჩა და ამიტომ, კვირკველიასადმი ინტერესი საკმაოდ რეალურია. ვფიქრობ, თანხა პრობლემა არაა, რადგან “ლესტერი” ფინანსურად მძლავრი გუნდია. თუმცა ვფიქრობ, დაბრკოლება წარუმატებელი გამოცდილებაა. მათ ცსკა-დან აჰმედ მუსა 20 მილიონად შეიძინეს, მაგრამ მალევე უკან დააბრუნეს. მიმაჩნია, რომ ამ მომენტისთვის კვირკველიას “ლესტერში” გადასვლის შანსი 10%-ია”, - განაცხადა დუბოვმა.

თავის მხრივ, გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით არც 26 წლის კვირკველია ჩქარობს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სოლომონმა მოსკოველთა ღირსება ყველა ტურნირის ჩათვლით 41 მატჩში დაიცვა და 3 გოლის გატანა მოახერხა. ამასთან, რუსეთის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება “ლესტერს”, ამ გუნდის ინტერესზე ჯერ კიდევ იანვარში იწერებოდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა რამდემინე დღის წინ ჩრდილოეთ ირლანდიელი მცველი ჯონი ევანსი გაიფორმეს.

0.119343