ფეხბურთი

22:27 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "საბურთალოსთან" ჩამორჩენა შეამცირა

ეროვნული ლიგის მე-14 ტური დღეს ორი შეხვედრით დასრულდა. თბილისის “დინამო” პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს და მორიგი სამი ქულა მიითვალა. კახი კაჭარავას გუნდმა საჩხერის “ჩიხურა” დაამარცხა და ამისთვის საკმარისი ერთადერთი გოლი გამოდგა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და სწრაფი გოლი გაიტანა. ოთარ კიტეიშვილის აქტიურობის შედეგად, ბურთი დმიტრო ივანისენიას მიუვიდა, რომელიც კარის წინ უმეთვალყურეოდ იდგა და გატანა არ გასჭირვებია. დარჩენილ დროში კი ანგარიში აღარ შეცვლილა. “დინამომ” 29 ქულა დააგროვა და ლიდერ “საბურთალოსთან” ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.

თბილისური დერბი შედგა “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე, სადაც “ლოკომოტივმა” ერთპიროვნულ ლიდერ “საბურთალოს” უმასპინძლა. “რკინიგზელებმა” მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება პირველ წრეში სწორედ “საბურთალოსთან” მოიპოვეს და ამჯერადაც გაუწიეს წინააღმდეგობა.

პირველი ტაიმი უგოლოდ გაილია, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დაწინაურდა. ვაგნერ გონსალვეშმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე აქცია გოლად – 0:1. “ლოკომ” მალევე გაათანაბრა, გოლი კი ლამაზი გამოდგა. ლუკა კიკაბიძემ ბურთი მოედნის ცენტრში მოიხელთა და დრიბლინგი განახორციელა და მშვენიერი გოლი შეაგდო. ეს თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე მოხდა, თუმცა დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

“ლოკომოტივმა” ზედიზედ მეოთხე წაუგებელი მატჩი ჩაატარა, მაგრამ სამმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა. “საბურთალო” კი, დაკარგული ორი ქულის მიუხედავად, ლიდერობას ინარჩუნებს. თუმცა, მდევრები მასთან ახლა უფროს ახლოს არიან.

“ლოკომოტივი” – “საბურთალო” 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ვაგნერი (49, პენ), 1:1 კიკაბიძე (63)

“დინამო” – “ჩიხურა” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ივანისენია (9)

Loading...
0.150131