ფეხბურთი

12:05 | 11.06.2018 | ნანახია 2179 - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: აფრიკული ნაღმი
სენეგალის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 3 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D, E, F და G ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე ბოლო, H ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - სენეგალის ნაკრები.

მონაწილეობა – 2

სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს 16-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება და საერთოდაც, მეორედ ითამაშებს პლანეტის მთავარ პირველობაზე. სენეგალის ნაკრებისთვის 2002 წლის მუნდიალი ტრიუმფალური გამოდგა და მაშინ მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.

საუკეთესო შედეგი – 1/4 ფინალი (2002)

სენეგალი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად 2002 წელს მოხვდა და ფურორი მოახდინა. ყველაფერი კი სადებიუტო შეხვედრიდან დაიწყო. 31 მაისს, სეულში, მუნდიალი მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის მატჩით გაიხსნა და ბედად მისი მეტოქე ყველასთვის უცნობი სენეგალი გახლდათ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ხმაურიანი სენსაცია, რომელიც დავიწყებას დღემდე არ მისცემია, მაშინ გამოცხვა. პაპე ბუბა დიოპის 30-ე წუთზე გატანილი გოლით აფრიკელებმა თავი მთელ დუნიას გააცნეს!

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ბრუნო მეციუს გუნდმა ჯგუფური ეტაპიდან მოახერხა გასვლა. მეორე ტურში “ლომები” დაგუში, დანიის ნაკრებს დაუზავდნენ. იონ დალ ტომასონის პენალტი მეორე ტაიმის სტარტზე სალიფ დიაომ გაქვითა. მესამე, გადამწყვეტ ტურში სენეგალმა ისევ არ წააგო. მაჯერადაც ფრე, რაც ჯგუფიდან 5 ქულით მეორე ადგილზე გასვლას ნიშნადა. ეს დიდებული შედეგი იყო დებიუტანტი გუნდისთვის. უშუალოდ, ურუგვაისთან კი, მეციუს შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ 3:0 იგებდნენ. ხალილუ ფადიგას გოლითა და პაპე ბუბა დიოპის დუბლით. ნაანტრაქტევს, სამხრეთ ამერიკელებმა სამივე გოლი გაქვითეს (მორალესი, ფორლანი, რეკობა), თუმცა 3:3 სენეგალს სავსებით აკმაყოფილებდა.

პლეი-ოფისთვის აფრიკელებს სამხრეთ კორეიდან იაპონიაში გადანაცვლება მოუწიათ. 16 ივნისს, ოიტაში მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. ჰენრიკ ლარსონის მე-11 წუთზე გატანილმა გოლმა შვედეთთან მატჩში სენეგალი ვერ გატხეა. იმ დღეს ანრი კამარას ბენეფისის ჯერი იყო, რომელმაც 37-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო ძირითად დროში მეტი გოლი აღარ გასულა. დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც კამარამ “ოქროს გოლით” (104-ე წუთზე) სენეგალი მეოთხედფინალში გაიყვანა!

1/4 ფინალში ბრუნო მეციუს გმირი ბიჭები ჩემპიონატის კიდევ ერთ აღმოჩენა, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. თუ წინა ეტაპზე, “ოქროს გოლმა” სენეგალი გაახარა, ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა. ძირითადი დრო უგოლოდ გაილია, ხოლო დამატებითი დროის დაწყებიდან 4 წუთი იყო გასული, როცა ილჰან მანსიზმა შეაგდო და თამაში დასრულდა. დასრულდა სენეგალის საოცარი თავგადასავალიც. ვნახოთ, რას მიაღწევს ეს გუნდი 16 წლის შემდეგ, კონტიგენტი კი, საკმაოდ ძლიერი მოსჩანს.

გზა რუსეთამდე

სენეგალმა რუსეთამდე გზა საკმაოდ დამაჯერებლად განვლო და 2017 წლის 10 ნოემბერს, საბოლოოდ გაიფრომა მისთვის მეორე მუნდიალის საგზური. შესარჩევი ეტაპის ჯგუფში “ლომებს” მეტოქეობას ბურკინა ფასო, კაპე ვერდე და სამხრეთ აფრიკა უწევდნენ. ალიუ სისეს გუნდს პრობლემები არ შექმნია:

6 მატჩიდან 4 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და 14 ქულით ადვილად იპირველა. ცნობისთვის, მეორეადგილოსან ბურკინა ფასოს 5 ქულით აჯობა.

რუსეთში გასავლელი გზა

19 ივნისი, 2018, მოსკოვი. პოლონეთი – სენეგალი

სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს 19 ივნისს დაუბრუნდება, მოსკოვში, პოლონეთთან მატჩით. ეს გუნდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

24 ივნისი, 2018, ეკატერინბურგი. იაპონია – სენეგალი

მეორე თამაში უკვე იაპონიის ნაკრებთან შედგება. სენეგალს აზიელებთან ჩინებული მოგონებები აკავშირებთ: 3 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება. აქამდე გამართული სამივე შეხვედრა ამხანაგური ხასიათის იყო.

1987 წლის 27 მაისს, გუნდებმა 2-2 გოლი გაიტანეს, ხოლო 2001 წლის 4 ოქტომბერს, სენეგალმა ელ ჰაჯი დიუფისა და პაპე ტიაოს გოლებით მოიგო. 2003 წლის 10 სექტემბერს, სენეგალი ისევ გამარჯვებული გამოვიდა. ამჯერზე – 1:0, ერთადერთი გოლი კი პაპე ბუბა დიოპის ანგარიშზე ჩაიწერა.

28 ივნისი, 2018, სამარა. სენეგალი – კოლუმბია

სენეგალი ჯგუფურ ეტაპის ბოლო შეხვედრას კოლუმბიასთან გამართავს, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია. 4 წლის წინ, 31 მაისს, გუნდები დაზავდნენ – 2:2.

მაშინ, სამხრეთ ამერიკელებმა ტაიმი ტეოფილო გუტიერესისა და კარლოს ბაკას გოლებით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში აფრიკელებმა ორივე გოლი გაქვითეს პაპე მუსა კონატესა და ჩეიკ ნ’დოიეს ძალისხმევით.

კონტიგენტი

სენეგალის ნაკრების კონტიგენტი ძალზე სერიოზულად გამოიყურება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფრიკულ მონაწილეებს შორის, საუკეთესო შემადგენლობაც ჰყავს. დაბალანსებულია აბსოლუტურად ყველა რგოლი. ალიუ სისეს მეკარის პოზიციაზეც კი არჩევანი აქვს. აბდულაიე დიალო და ალფრედ გომისი – მათ საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება უმაგრებთ.

დაცვაში მთავარი ფიგურა კალიდუ კულიბალია “ნაპოლიდან”, რომელსაც ევროპული გრანდების რიგი უდგას. აქვე არიან, ლამინე გასამა, მუსა ვაგუე და კარა მბოჯი “ანდერლეხტიდან”. შუახაზის სოლიდურად გამოიყურება: კაპიტანი ჩეიკ კუიატე, იდრისა განა – პრემიერლიგაში გამობრძედილი ფეხბურთელები.

განსაკუთრებით ეფექტური კი, მაინც შეტევაა. თავად განსაჯეთ, სადიო მანე, რომელსაც დიდებული სეზონი ჰქონდა, კეიტა ბალდე “მონაკოდან”, მუსა კონატე, მამე დიუფი და ნიჭიერი ისმაილა სარი. აქვე არიან, მბაიე ნიანგი “ტორინოდან” და გამოცდილი მუსა სოუ. მოკლედ, სენეგალს დაკომპლექტების მხრივ არაფერი დაეწუნება და ბევრი სიურპრიზებს ელოდება ამ გუნდისგან...

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრეთ ვისზე შეგვეჩერებინა არჩევანი, კალიდუ კულიბალზე თუ სადიო მანეზე. თუმცა, უპირატესობა მაინც “ლივერპულის” შემტევს მივანიჭეთ.

26 წლის მანეს სენეგალის ნაკრებში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა და მას მერე, 52 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი, 7 თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა. ბუნებრივია, ეს მანესთვის პირველი დიდი სანაკრებო ტურნირი იქნება.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – მანემ სახელი ფრანგულ “მეცში” გაითქვა, რომლის მაისურით 2011-2012 წლების სეზონში 22 თამაშში 2 გოლი გაიტანა. შედეგად, ავსტრიულ “ზალცბურგში” გადავიდა და გუნდის ლიდერი იყო ორი სეზონის განმავლობაში.

2014-2016 წლებში მანემ უკვე “საუთჰემპტონის” ლიდერობა იტვირთა და “ლივერპულისკენ” გზა გაეხსნა. “ენფილდ როუდზე” 2016-2017 წლების სეზონში პრემიერლიგაში 27 მატჩში 13 გოლი შეაგდო.

თუმცა, აწ დასრულებული სეზონი უფრო ფეერიული გამოდგა. მანემ პრემიერლიგაში 29 შეხვედრაში 10-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები, მაგრამ გაცილებით დიდებულად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე: 13 მატჩი და 10 გოლი! მათ შორის, ფინალში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, ხოლო 1/8 ფინალში “პორტუსთან” საერთოდაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ვნახოთ, რამდენად მოახერხებს მანე სენეგალის ნაკრებშიც გაბრწყინებას მსოფლიოს ჩემპიონატზე...

მწვრთნელი

სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ალიუ სისემ მიიყვანა, რომელიც მშობლიურ ნაკრებში 2015 წლიდან მუშაობს, როდესაც გუნდი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცისგან, ალან ჟირესისგან გადაიბარა. 42 წლის სისე იქამდე დიდი სამწვრთნელო წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა, მხოლოდ სენეგალის 23 წლამდე ნაკრებში ჰქონდა ნამუშევარი. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ალიუს სენეგალი მორიგ წარმატებამდე მიეყვანა. აღსანიშნავია, რომ 2002 წლის მუნდიალი და სენეგალის ნაკრებიც სისეს სახელთან ასოცირდება.

ალიუ სისე სენეგალს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე კაპიტნობდა და ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჯამში კი, 1999-2005 წლებში ეროვნული გუნდის მაისურით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

საკლუბო დონეზე პოზიციით საყრდენი ნახევარმცველი საფრანგეთსა და ინგლისში ირჯებოდა, სადაც სხვა და სხვა დროს “ლილის”, “სედანის”, პსჟ-ს, “მონპელიეს”, “ბირმინგემ სიტის”, “პორტსმუთისა” და “ნიმის” ღირსებას იცავდა. საგულისხმოა, რომ სისეს სამწვრთნელო შტაბში 2002 წლის მუნდიალის კიდევ სამი მონაწილეა: ტონი სილვა – მეკარეების მწვრთნელი, ომარ დაფი – მეორე ასისტენტი და გუნდის კოორდინატორი – ლამინე დიატა.

სენეგალი – ტიტულები

არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:59 | 11.06.2018
lagashi (2557)

იმ სენეგალში დიუფი იყო ყველაზე საინტერესო, მეგონა სუპერვარსკვლავი გახდებოდა ისე მოხდენილად ითამაშა იმ მსოფლიოზე

13:47 | 11.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (8395)

მანე ძაან მაგარი ფეხბურთელია უნდა ულიდეროს გუნდს და ჯგუფიდან გაიყვანოს

13:27 | 11.06.2018
ტანგო საღორეში (KORBEN) (11401)

94-ში ნიგერიას ჰყავდა ბრწყინვალე გუნდი, ჩემი აზრით კოტ-დივუარზე საგრძნობლად უკეთესიც.
მერვედფინალში თითქმის მოგებული თამაში რომ არ წაეგოთ იტალიასთან, შეიძლება ფინალამდე რიკინ-რიკინით მისულიყვნენ.
ბაჯომ რო ბრაზილიასთან პენალტი გამაზა, უეჭველი ნიგერიელებთან ჩადენილმა ცოდვებმა უწიეს

13:46 | 11.06.2018
geogoli (925)

ხო 94-ში ნიგერია მაგარი გუნდი იყო სახელებით ვერა მაგრამ შედეგითაც და სანახაობრივადაც აჯობეს სპილოებს. სახელებით და საკლუბო მიღწევებით დროგბა და ტურეები აფრიკაში კი არა ევროპაშიც ბევრს უჯოკრავენ

13:10 | 11.06.2018
geogoli (925)

აფრიკელები როგორც ვაკვირდები მაშინ უფრო აღწევენ წარმატებას როცა მათგან არავინ მოელის ბევრს. აგერ ცოტა ხნის წინ კოტ-დიუვარს ისეთი ვარსკვლავური შემადგენლობა ყავდა ბარე ნახევარი ევროპა ინატრებდა იმ ვარსკვლავსებს საკუთარ ნაკრებში, მაგრამ შედეგი კი დადეს 0

13:16 | 11.06.2018
lagashi (2557)

კი, მგონი არც ერთ აფრიკულ ქვეყანას არ ჰყოლია კოტ-დიუარის ნაირი ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ზედიზედ ორ მუნდიალზე ყველაზე ცუდ ჯგუფში ხვდებოდნენ

13:45 | 11.06.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6074)

+1; ორივეჯერ სიკვდილის ჯგუფში მოხვდნენ, ჯერ არგენტინა-ჰოლანდიასთან, მერე ბრაზილია-პორტუგალიასთან

13:59 | 11.06.2018
ტანგო საღორეში (KORBEN) (11401)

ზატო 2014-ში ჩააცუეს თბილ წყალში არცთუ ძლიერ ჯგუფში ჩარჩნენ.

20:51 | 11.06.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6074)

ეგ კი, მარა 2006-ში და 2010-ში უფრო ძლიერი ნაკრები ყავდათ

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.068446