ფეხბურთი

10:31 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ამომავალი მზე
იაპონიის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 4 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D, E, F და G ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე ბოლო, H ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - იაპონიის ნაკრები.

მონაწილეობა – 6

იაპონიის ნაკრებისთვის დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში და საერთოდ, ზედიზედ მეექვსე იქნება. იაპონია მუნდიალის ფინალურ ეტაპზე პირველად 1998 წელს მოხვდა. აქედან მოყოლებული ამომავალი მზის ქვეყნის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი არ ჩატარებულა. წინა 5 გამოსვლიდან ჯგუფში სამჯერ ჩარჩა.

დებიუტი წარუმატებელი გამოდგა და აზიელებმა ჯგუფში სამივე თამაში წააგეს (არგენტინასთან 0:1, ხორვატიასთან 0:1, იამაიკასთან 1:2). პლეი-ოფში გასვლა იაპონლებმა 2006 და 2014 წლებშიც ვერ მოახერხეს. 12 წლის წინ 3 თამაშში 1 ქულის მოპოვება მოხერხდა – ხორვატიასთან 0:0. იქამდე იყო მარცხი ავსტრალიასთან (1:3) და მერე უკვე ბრაზილიასთან (1:4). იაპონიამ იგივე შედეგი აჩვენა 4 წლის წინ, როცა ჯგუფში ბოლო ადგილზე 1 ქულით გავიდა – კოტ დივუართან (1:2), საბერძნეთთან (0:0), კოლუმბიასთან (1:4).

საუკეთესო შედეგი – 1/8 ფინალი (2002, 2010)

იაპონიის ნაკრების საუკეთესო შედეგი დღემდე მერვედფინალია, რომელსაც ორჯერ უწია. პირველად ეს 2002 წელს მოხდა, როდესაც სამშობლოში ასპარეზობდა.

ჯგუფში იაპონიის ნაკრებმა 7 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. ბელგიასთან ფრეს (2:2), რუსეთთთან (1:0, სადებიუტო გამარჯვება ფინალურ ეტაპებზე) და ტუნისთან (2:0) მოგებები მოჰყვა.

“ლურჯებს” მერვედფინალში თურქეთის ნაკრები აღუდგა წინაღობის სახით. უმით დავალას მე-12 წუთზე გატანილი გოლი მასპინძლებმა ვეღარ გაქვითეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.

იაპონელებმა პლეი-ოფის პირველ სტადიას მეორედ 2010 წელს უწიეს. ჯგუფურ ეტაპზე აზიელებმა კამერუნი (1:0) დაამარცხეს, რასაც ჰოლანდიასთან ამავე ანგარიშით მარცხი მოჰყვა. ბოლო ტურში და გადამწყვეტი შეხვედრაში კი, დანიელებს მოუგეს – 3:1.

ძალზე დაძაბული და დრამატული გამოდგა მერვედფინალი. 29 ივნისს, პრეტორიაში პარაგვაისთან 120-წუთიან დუელში გოლი არ გასულა. თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. სამხრეთ ამერიკელებმა ხუთივე პენალტი ზუსტად შეასრულეს, ხოლო აზიელთაგან მხოლოდ იუჩი კომანომ ვერ მოახერხა გატანა და მისი ქვეყანა მეოთხედფინალს მიღმა დარჩა.

გზა რუსეთამდე

იაპონიის ნაკრებს, ისევე როგორც ყველა აზიურ გუნდს მუნდიალამდე ორი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოუწია. წინასწარ შესარჩევ ეტაპზე “ლურჯებს” პრობლემა არ შექმნიათ, ვინაიდან, სირიას, სინგაპურს, ავღანეთსა და კამბოჯას ადვილად აჯობა. მოიგო რა, 8-დან 7 თამაში (1 ფრე) და 22 ქულა დააგროვა.

მთავარ შესარჩევ ციკლში იაპონიის ნაკრებს გაცილებით მძლავრი მეტოქეები ჰყავდა: საუდის არაბეთი, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ერაყი და ტაილანდი.

მიუხედავად კონკურენციისა, აკირა ნიშინოს გუნდმა მაინც იპირველა. 10 მატჩი, 6 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, 20 ქულა – ეს საკმარისი გამოდგა პირველი პოზიციისთვის. ისე კი, მეორე და მესამეადგილოსნებს (საუდის არაბეთი და ავსტრალია) ოდენ ქულით აჯობა.

რუსეთში გასავლელი გზა

19 ივნისი, 2018, სარანსკი. კოლუმბია – იაპონია

იაპონია მსოფლიოს ჩემპიონატს 4 წლის შემდეგ იმ გუნდთან მატჩით დაიწყებს, რომელთანაც დაასრულა – კოლუმბია. წინა მუნდიალზე სამხრეთ ამერიკელებმა 4:1 იმარჯვეს. საერთოდ კი, იაპონია მოუგებლად თამაშობს კოლუმბიელებთან: 3 თამაში, 1 ფრე, 2 წაგება.

ზემოხსენებული 1:4 გარდა, 2007 წლის 5 ივნისს, სპარინგში უგოლოდ დაზავდნენ, ხოლო პირველი მატჩი 2003 წლის 22 ივნისით თარიღდება და გამარჯვება კოლუმბიას დარჩა, ჯოვანი ერნანდესის გოლით მოიგეს. 2014 წელს, იაპონელთაგან ერთადერთი გოლი შინჯი ოკაზაკიმ გაიტანა. საპასუხოდ კი, ხუან კუადრადომ, ჯექსონ მარტინესმა (დუბლი) და ხამეს როდრიგესმა გამოიჩინეს თავი.

24 ივნისი, 2018, ეკატერინბურგი. იაპონია – სენეგალი

მეორე თამაში უკვე სენეგალის ნაკრებთან შედგება. საინტერესოა, რომ აზიელთა ბალანსი აქაც იგივეა, რაც კოლუმბიასთან. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ აფრიკელებთან ოფიციალურ დონეზე პირველად ითამაშებს: 1 ფრე, 2 წაგება.

1987 წლის 27 მაისს, გუნდებმა 2-2 გოლი გაიტანეს, ხოლო 2001 წლის 4 ოქტომბერს, სენეგალმა ელ ჰაჯი დიუფისა და პაპე ტიაოს გოლებით მოიგო. 2003 წლის 10 სექტემბერს, იაპონია ისევ დამარცხდა. ამჯერზე – 0:1, ერთადერთი გოლი კი პაპე დიოპის ანგარიშზე ჩაიწერა.

28 ივნისი, 2018, ვოლგოგრადი. იაპონია – პოლონეთი

აკირა ნიშინოს გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პოლონეთს გაეჯიბრება. აზიელებს აქაც უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ: 6 თამაში, 2 მოგება, 4 წაგება. აღსანიშნავია, რომ 1981 წლის 25 იანვრიდან 1 თებერვლამდე ეს გუნდები ოთხჯერ გაიჯბრნენ ამხანაგურად და ოთხივე შეხვედრა ევროპელებმა მოიგეს (2:0, 4:2, 4:1, 3:0).

აი, ბოლო ორი დაპირისპირება კი, იაპონიის სასარგებლოდ დასრულდა. 1986 წლის 19 თებერვალს, 5:0. ხოლო, 2002 წლის 27 მარტს – 2:0.

კონტიგენტი

იაპონიის ნაკრების კონტიგენტი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. გუნდში არიან, როგორც შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, ისე ლეგიონერები. მათ შორის, რამდენიმე ევროპაში სახელმოხვეჭილია.

კარს ვეტერანი ეიჯი კავაშიმა დაიცავს ფრანგული “მეციდან”, ხოლო დაცვის ხაზი არცთუ ძლიერად მოსჩანს. მთავარი ფიგურები “ჰამბურგისა” და “მარსელის” ორი საკაი გახლავან – გოტუკუ და ჰიროკი. აქვე არიან ძალზე გამოცდილი იუტო ნაგატომო და “საუთჰემპტონის” უკანახაზელი მაია იოშიდა.

ნახევარდაცვის ბურთვი საინტერესოა: ვეტერანი კეისუკე ჰონდა და სხვები. გაკუ შიბასაკი, შინჯი კაგავა, მაკოტო ჰასებე (კაპიტანი), გენკი ჰარაგუჩი და ტაკაში ინუი. თავდამსხმაც სოლიდურია: შინჯი ოკაზაკი პრემიერლიგას, ხოლო იოშინორი მუტო და იუია ოსაკო ბუნდესლიგას წარმოადგენენ.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

იაპონიის ნაკრების ლიდერი და ვარსკვლავი შინჯი კაგავაა. დორტმუნდის “ბორუსიას” 29 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2008 წლის 24 მაისს, კოტ დივუართან შეხვედრაში შედგა. იქედან მოყოლებული შინჯიმ 89 თამაშში 29 გოლის გატანა მოახერხა.

ოთხი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე შეხვედრაში ითამაშა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. დამდეგი მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე კი, იაპონიას 14 მატჩში გატანილი 6 გოლით შეეწია.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება – კაგავამ კარიერა “სერეზო ოსაკაში” დაიწყო, სადაც 2006-2010 წლებში ირჯებოდა. შემდეგ კი დორტმუნდის “ბორუსიაში” გადაბარგდა. გერმანიაში ორი ჩინებული სეზონი ჩაატარა, ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და 2012 წელს “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდა.

თუმცა, ნისლიან ალბიონზე მისი კარიერა ვერ აეწყო და 2014 წელს, “დორტმუნდს” დაუბრუნდა. ბუნდესლიგის გასულ სეზონში 21 თამაშში 5 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი უგოლო მატჩი ჩაატარა.

მწვრთნელი

იაპონიის ნაკრებს აკირა ნიშინო წვრთნის, თუმცა მას წვლილი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის გაფორმებაში არ შეუტანია. ნიშინო აღნიშნულ პოსტზე მიმდინარე წლის აპრილიდან მუშაობს.

იაპონია 2015-2018 წლებში ვაჰიდ ჰალილოვიჩი ედგა სათავეში, თუმცა პოსტი დატოვა. ამიტომ, ახლა ნიშინოს შესახებ ვისაუბრებთ. 63 წლის იაპონელი სპეციალისტი, რომელსაც სამშობლოს მიღმა არასდროს უმუშავია. სამწვრთნელო კარიერა ჯერ კიდევ 1991 წელს, იაპონიის 20 წლამდე ნაკრებში დაიწყო, რასაც უკვე 23-წლამდელების გაწვრთნა მოჰყვა. 1998-2001 წლებში “კაშივას”, ხოლო 2002-2011 წლებში წარმატებულად მუშაობდა “გამბა ოსაკაში”. მერე იყო “ვისელ კობე” და “ნაგოია”.

ტიტულებს რაც შეეხება – ორჯერ მოიგო იაპონიის თასი (1999, 2007), ხოლო ერთხელ იაპონიის ჩემპიონის ტიტული (2005). ასევე ერთხელ იაპონიის სუპერთასი (2007), 2008 წელს კი, “გამბა ოსაკას” აზიის ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ფეხბურთელობისას, იაპონიის ნაკრებში 12-ჯერ ითამაშა და ერთი გოლის გატანა შეძლო.

იაპონია – ტიტულები

აზიის თასი (4): 1992, 2000, 2004, 2011

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117772