ფეხბურთი

0:15 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

უსიამოვნო სილა ლუქსემბურგისგან

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება წარუმატებლად დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ბოლო სპარინგში ლუქსემბურგის ნაკრებს “სტად ჟოზე ბართელზე” გაეჯიბრა და ვერაფერი გააწყო – 0:1.

თავიდან ის ვთქვათ, რომ ეს იყო ფაქტობრივად ექსპერიმენტალური შემადგენლობა. თუ რამხელა დანაკლისით შეხვედა აღნიშნულ თამაშს საქართველოს ნაკრები, ამაზე აღარ შევჩერდებით, ისედაც ყველაფერი ნათელია. თუმცა, მაინც საწყენია ლუქსემბურგთან მარცხი, რომელმაც შეიძლება ითქვას, მწარე სილა გაგვაწნა ერთა ლიგის ესოდენ მნიშვნელოვანი გათამაშების დაწყებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი ბოლო პერიოდში პროგრესის გზას ადგას (ფრე საფრანგეთთან, ბულგარეთთან და ოთხი დღის წინ სენეგალთან). და საერთოდაც, ზედიზედ მეხუთე წაუგებელი თამაში ჩაატარა.

თავის მხრივ, ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა საქართველოს ნაკრებმაც, რაც კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის დღევანდელ მარცხს.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება – ვაისმა მალტასთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. ოდენ გურამ კაშია, ვახტანგ ჭანტურიშვილი და გიორგი აბურჯანია მოხვდნენ ისევ ძირითად შემადგენლობაში. თუმცა, ცვლილელებმა შედეგი ვერ გამოიღეს. არადა, კარგად დაიწყო თამაში “ჯვაროსნებმა” და სტარტზევე შეეძლო გატანა, თანაც ორჯერ. ჯერ გიორგი ხარაიშვილმა დაარტყა სახიფათოდ, მერე დაახლოებით იგივე პოზიციიდან და სიტუაციიდან ჭანტურიშვილმა, მაგრამ ოდნავ არაზუსტი გამოდგა. აი, მერე კი ნელ-ნელა თამაში გათანაბრდა და სახიფათო მომენტები თითქმის აღარ იქმნებოდა. პირველი ტაიმიც უმეტესად ბრძოლაში გაილია.

მეორე ნახევარი კი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს. ორელინ იოახიმის სახიფათო დარტყმა გიორგი მაკარიძემ მოიგერია კუთხურზე. საპასუხოდ ქართველებს შეტევაში ბედის ძიება ძალზე უჭირდათ, შედეგი ვერც შეცვლებმა გამოიღო. უნდა აღინიშნოს ვაისის რამდენიმე ექპსერიმენტი – ჯაბა ჯიღაურმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, ხოლო დავით ხოჭოლავა თითქმის მთელი მეორე ნახევარი საყრდენ ნახევარმცველად ირჯებოდა და ვერ ვიტყვით, რომ ეს კარგი მიგნება გახლდათ. თუმცა, ერთიცაა – ვაისს ფაქტობრივად არჩევანი არ ჰქონია, რადგან ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლდა.

გოლი კი, რომლის გამოც ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა, თითქმის არაფრისგან შეიქმნა. 69-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმოში ჩააწოდეს, იქ არეულობაში ჭანტურიშვილმა ვერ მოახერხა მეტოქესთან ფიზიკური ორთაბრძოლის მოგება, ბურთი აქტიურ იოახიმს მიუვიდა – კაშიასა და დვალის ვარდნები დაგვიანებული აღმოჩნდა, ხოლო კარი ვერც მაკარიძემ გადარააჩინა.

დრო იყო, თანაც საკმაოდ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ლუქსემბურგმა თავი ჩინებულად დაიცვა და პრაქტიკულად სახიფათო მომენტიც ვეღარ შევქმენით. მეტიც, რიგ მომენტებში მასპინძლები ჩინებულად აკონტროლებდნენ ბურთს და დროც ჭკვიანურად გაჰყავდათ. ეგ კი არა, ბოლო წუთზე მაკარიძესთან მასპინძელი შემტევი პირისპირ დარჩა, თუმცა ვერ ივარგა. თამაშიც აქ დასრულდა.

დასრულდა მზადება ერთა ლიგისთვის. წინ კი, უმნიშვნელოვანესი მატჩია, 6 სექტემბერს, ასტანაში, ყაზახეთის ნაკრებთან. ბუნებრივია, ასეთი კონტიგენტით ფაქტობრივად უშანსოდ ვიქნებით, მაგრამ იქამდე ზუსტად 3 თვე გვაშორებს და იმედი დავიტოვოთ, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან. თუ დანაკლისი შეივსება, ვაისის გუნდს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს და ამაზე არავინ დაობს...

ლუქსემბურგი – საქართველო 1:0 (0:0)

“სტად ჟოზი ბართელი”

ლუქსემბურგი: მორისი (შონი 46); მაჰმუტოვიჩი (მალგე 71), ჟერსონი, მარტინსი, და მოტა (კარლსონი 86) ვ. ტილი (ვენსანი 58), იანსი, იანიში, ტურპელი, იოახიმი (მუში 76), ო. ტილი (სკენდეროვიჩი 46)

მწვრთნელი: ლუკ ჰოლტცი

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე; ჯიღაური (გეგეჭკორი 89), ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი (შერგელაშვილი 79); კანკავა, აბურჯანია (კიტეიშვილი 56); ბერიძე (ლობჟანიძე 46), ხარაიშვილი (დვალი 56), ჭანტურიშვილი; კაჭარავა (ზივზივაძე 62)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლი: 1:0 იოახიმი (69)

მსაჯი: ივან გრიფიტი (უელსი)

Loading...
0.155351