ფეხბურთი

11:27 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: მექსიკური შარმი
მექსიკის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 9 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D და E ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე F ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - ამჯერად, მექსიკის ნაკრებზე ვისაუბროთ.

მონაწილეობა – 16

მექსიკის ეროვნული ნაკრებისთვის დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატი მე-16 იქნება. შესაბამისად, გამოდის, რომ “აცტეკებმა” ოდენ 5-ჯერ ვერ მოახერხეს ფინალურ ეტაპზე გასვლა (1934, 1938, 1974, 1982 და 1990 წლებში). ბოლოს, ასეთი შემთხვევა 28 წლის წინ დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მექსიკის ნაკრები უკვე ზედიზედ 6 მსოფლიოს ჩემპიონატია, რაც 1/8 ფინალურ ეტაპს აღწევს, მაგრამ პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე მარცხდება.

1994 წელს, მექსიკელები მერვედფინალში ბულგარეთთან (1:1) მატჩის შემდომ პენალტების სერიაში დამარცხდნენ (1:3), ხოლო ოთხი წლის თავზე, საფრანგეთში, გერმანიასთან განიცადა მარცხი. მექსიკა აქაც ახლოს იყო შემდეგ ეტაპთან, რადგან 75-ე წუთამდე იგებდა თამაშს, მაგრამ დარჩენილ დროში ორი უპასუხო გოლი გაუშვა (1:2). 2002 წელს, მექსიკა თანაკონტინენტელ აშშ-სთან ვერ გახდა ვერაფერს (0:2), ხოლო 2006 წელს არგენტინასთან გამოეთიშა ტურნირს. თუმცა, რიკარდო ლა ვოლპეს კრებულმა “ალბისელესტეს” მეტად მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ დამატებით დროში განიცადა მარცხი (1:2). მექსიკამ მერვედფინალში 2010 წელსაც ითამაშა და ისევ არგენტინასთან მოუწია თამაში, მაგრამ კვლავ ვერაფერი გააწყო – 1:3. ყველაზე დრამატული მერვედფინალური მატჩი კი ალბათ, მექსიკელთათვის ოთხი წლის წინ, ფორტალეზაში შედგა. “აცტეკელები” ფავორიტ ჰოლანდიას დოს სანტოსის გოლით უგებდნენ და 88-ე წუთამდე ინარჩუნდებდნენ, მაგრამ ვესლი სნეიდერმა წონასწორობა აღადგინა. თითქოს დამატებითი დრო უნდა დნაიშნულიყო, მაგრამამის ნაცვლად მექსიკის ნაკრებში კარში პენალტი დაინიშნა. მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე რობენმა ჰოლანდია გაიყვანა შემდეგ ეტაპზე. მოკლედ, ბოლო 6 გათამაშება და 6 მარცხი 1/8 ფინალში.

აღსანიშნავია, რომ იქამდე მექსიკა (ორ შემთხვევის გარდა, რაზეც ქვემოთ გიამბობთ) ჯგუფური ეტაპის დაძლევას ვერ ახერხებდა. 7 ცდა და შვიდივე წარუმატებელი (1930, 1950, 1954, 1958, 1962, 1966, 1978).

საუკეთესო შედეგი – მეოთხედფინალი (1970, 1986)

მექსიკის ნაკრების მაქსიმუმი აქამდე მეოთხედფინალი ყოფილა, რომელსაც ორჯერ უწია და ორჯერვე მაშინ,როდესაც ტურნირის მასპინძელი იყო. პირველად ეს 1970 წელს მოხდა. ჯგუფურ ეტაპზე მექსიკის ნაკრებმა პირველ ტურში საბჭოთა კავშირი ვერ დაამარცხა (0:0), მაგრამ დარჩენილი ორივე თამაში მოიგო, სალვადორთან (4:0) და ბელგიასთან (1:0). შესაბამისად, მეოთხედფინალში გავიდა. 1970 წლის 14 ივნისს, ტოლუკაში მექსიკამ სწრაფი გოლი გაუტანა მაშინ ევროპის მოქმედ ჩემპიონ იტალიას, მაგრამ იმ დღეს “სკუადრა აძურა” ბევრად ძლიერი გუნდი იყო და 4:1 გაიმარჯვა.

მექსიკამ ასევე 1/4 ფინალს 1986 წელს, სამშობლოში მეორედ ჩატარებულ ტურნირზე უწია. მასპინძლებმა ჯგუფში მას მერე იპირველეს, რაც ბელგიასა (2:1) და ერაყს (1:0) აჯობეს, ხოლო პარაგვაისთან ქულები გაიყვეს (1:1). მერვედფინალში მექსიკელებმა ბულგარეთი პრობლემების გარეშე დაამარცხეს ნეგრეტესა სერვინის გოლებით (2:0), ხოლო მეოთხედფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს. 120 წუთში გოლი არ გასულა, მაგრამ პენალტების სერია ევროპელებმა ბევრად დამაჯერებლად შეასრულეს – 4:1.

გზა რუსეთამდე

მექსიკის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება საკმაოდ ადვილად მოიპოვა. წინასწარ საკვალიფიკაციო ეტაპზე “აცტეკებმა” 6 მატჩიდან 16 ქულა გამოადნეს (ჰონდურასთან, კანადასთან, სალვადორთან) და პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, მთავარ საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლება მიიღო. შეიქმნა 6-გუნდიანი ერთი ჯგუფი, საიდანაც სამი საუკეთესო იღებდა მუნდიალის საგზურებს. მექსიკამ კოსტა რიკას, პანამას, ჰონდურასს, აშშ-სა და ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრებებს აჯობა. 21 ქულა მოიპოვა (10 მატჩი, 6 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება) და ჯგუფის გამარჯვებული გახდა. შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება დამსახურებულად მიიღო.

რუსეთში გასავლელი გზა

17 ივნისი, 2018, მოსკოვი. გერმანია – მექსიკა

მექსიკის ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი 17 ივნისს, მოსკოვიდან, მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან მატჩით დაიწყებს. მექსიკელებს გერმანიის ნაკრებთან საკმაოდ ცუდი მოგონებები აკავშირებს. თავად განსაჯეთ: 11 მატჩი, 1 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება. ეს ერთადერთი თამაში მექსიკამ 1985 წელს, სპარინგში მოიგო – 2:0.

საერთოდ კი, გუნდები ოფიციალურად 4-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ორჯერაც – კონფედერაციათა თასზე. 1986 წლის 26 ივნისს, მეოთხედფინალში მექსიკამ დიდი წინააღდეგობა გაუწია მრისხანე მეტოქეს, 120 წუთში არც წააგო, მაგრამ პენალტების სერიის ცუდად შესრულების გამო (1:4), ნახევარფინალს მიღმა დარჩა. 1998 წლის 229 ივნისს კი, გერმანიამ ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა მეტოქე – 2:1.

ბოლო ორი დაპირისპირება კი კონფედერაციათა თასზე შედგა. 2005 წლის 29 ივნისს, გერმანიაში, მასპინძელსა და სტუმარს შორის ლამაზი მატჩი შედგა, რომელშიც გამარჯვებული დამატებით დროში გაირკვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. ძირითად დროში გუნდებმა სამ-სამი გოლი გაიტანეს (პოდოლსკი, შვაინშტაიგერი, ჰუტი – ფონსეკა, ბორხეტის დუბლი). საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლები მექსიკამ 97-ე წუთზე მიხაელ ბალაკისგან გაშვებული გოლით დაკარგა. ამ გუნდთა გზები კი ბოლოს, ზუსტად ერთი წლის წინ, სოჭში გადაიკვეთა, კონფედერაციათა თასის 1/2 ფინალში: ალემანებმა ადვილად იმარჯვეს – 4:1 (გორეცკა დუბლი, ვერნერი, იუნესი – ფაბიანი).

23 ივნისი, 2018, როსტოვი. სამხრეთ კორეა – მექსიკა

მექსიკა მომდევნო მატჩს სამხრეთ კორეის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელსაც კარგად იცნობს. 14 მატჩი, 7 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება. პირველი დაპირიპისპიება 1980 წელს შედგა და აზიელებმა 1:0 მოიგეს, ხოლო ბოლო დაპირისპირება ოთხი წლის წინ გაიმართა და მექსიკამ ადვილად იმძლავრა – 4:0. ორივე მატჩი მეგობრულ ხასიათს ატარებდა. საერთოდ, ხსენებული 14 თამაშიდან 11 სწორედ ამხანაგური გახლდათ.

ახლა თქვენს ყურადღებად სამ ოფიციალურ მატჩზე შევაჩერებთ. 2002 წელს, ოქროს თასზე გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. იქამდე, 2001 წელს კონფედერაციათა თასზე აზიელებმა 2:1 მოიგეს, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება 20 წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შედგა, სადაც “აცტეკებმა” იმარჯვეს (3:1).

27 ივნისი, 2018, ეკატერინბურგი. მექსიკა – შვედეთი

ჯგუფური ეტაპი 27 ივნისს, შვედეთთან მატჩით დასრულდება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი გააჩნია: 2 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება. პირველი მატჩი 1958 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე შედგა და შვედეთმა 3:0 გაიმარჯვა. სხვათა შორის, ეს ერთადერთი შემთხვევაა აქამდე, როდესაც მათი გზები ოფიციალურ მატჩებში გადაიკვეთა.

მერე კი იყო 8 მატჩი და რვავე ამხანაგური ხასიათის. ამ საუკუნეში ორი შეხვედრა შედგა, 2005 წელს, გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს, ხოლო 2009 წელს ევროპელებმა 1:0 მოიგეს.

კონტიგენტი

მექსიკის ეროვნული ნაკრები საკმაოდ საინტერესო კონტიგენტით ყოველთვის გამოირჩეოდა და ახლაც ასეა. ხუან კარლოს ოსორიოს განკარგულებაში არიან, როგორც გამოცდილი და ახალგაზრდა, ისე ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში მოთამაშე ლეგიონერები. მეტწილად კი, მექსიკის შიდა ჩემპიონატში მოთამაშეები სჭარბობენ.

გამოვყოფთ რამდენიმე მათგანს – მეკარე გილერმო ოჩოა, რომელიც ლიეჟის “სტანდარტის” ღირსებას იცავდა. აქვე არიან, გამოცდილი მცველები ჰექტორ მორენო, მიგელ ლაიუნი, დიეგო რეიესი და რაღა თქმა უნდა, რაფა მარკესი – მექსიკური ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც მუნდიალის დასრულებისთაავე ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს.

შუა ხაზში უნდა გამოვყოთ კაპიტანი ანდრეს გუარდადო, ამასთან ექტორ ერერა, ხავიერ აკინო, მარკო ფაბიანი, ჯონათან და ჯოვანი დოს სანტოსები.

შეტევაც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება – ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო), კარლოს ველა ორიბე პერალტა, რაულ ხიმენესი. მოკლედ, მექსიკის ნაკრების შემადგენლობას დასაწუნი მართლაც არაფერი აქვს და დანარჩენი უშუალოდ, მწვანე მინდორზე გამოჩნდება.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

სიმართლე გითხრათ, მექსიკის ნაკრების მთავარი ვარსკვლავის გამორჩევა ძალზე გაგვიჭირდა. ვინაიდან, შემადგენლობას თვალი რომ შევავლოთ, საკმოდ ბევრ, მაღალი, მაგრამ თანაბარი დონის ფეხბურთელებს აღმოვაჩენთ. თუმცა, მაინც, ხავიერ ერნანდესზე, იგივე ჩიჩარიტოზე შეჩერდა არჩევანი.

30 წლის ფეხბურთელს მექსიკის ნაკრებში 101 მატჩში 49 გოლი აქვს გატანილი და არათუ დღევანდელი ფორმაციის, არამედ მექსიკის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია (სამი გოლით გადაასწრო ხარედ ბორხეტის). ჩიჩარიტოს დებიუტი 2009 წლის 30 სექტემბერს, კოლუმბიასთან მატჩში შედგა და იქედან მოყოლებული “აცტეკთა” მთავარი გოლეადორია. ეს იქნება ერნანდესისთვის რიგით მესამე მსოფლიოს ჩემპიონატი. 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლით შეეწია ეროვნულ გუნდს (საფრანგეთთან და არგენტინასთან), ხოლო 4 წლის წინ, ასევე 4 მატჩში ოდენ ერთხელ იხეირა – ხორვატიასთან. გარდა ამისა, 2013 და 2017 წლებში, კონფედერაციათა თასზე აქვს ნათამაშები. ბრაზილიაში 3 თამაში, 3 გოლი (დუბლი იაპონიასთან, გოლი იტალიასთან), ხოლო ერთი წლის წინ, რუსეთში, 4 მატჩი, 1 გოლი (პორტუგალიასთან). რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ ციკლს, ჩიჩარიტოს აქტივში 11 თამაში და 3 გოლია.

ახლა, საკლუბო კარიერაზეც ვთქვათ: 30 წლის მექსიკელს თავის დროზე “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალში” უთამაშია. 2015 წლიდან კი ლევერკუზენის “ბაიერის” ღირსებას იცავდა წარმატებით. საბოლოოდ, ერთი წლის წინ, ინგლისში დაბრუნდა, როდესაც “ვესტ ჰემის” მაისური მოირგო. ლონდონელთა შემადგენლობაში პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 8-ჯერ მოახერხა მეტოქეების დამწუხრება.

მოკლედ, ჩიჩარიტო მექსიკის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნამდვილადაა. შეტევაში მასზე მართლაც ბევრი რამ უნდა იყოს დამოკიდებული და რაც მთავარია, დასამტკიცებელი ჯერაც აქვს.

მწვრთნელი

მექსიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ხუან კარლოს ოსორიომ მიყვანა, რომელიც ამ ნაკრებში 2015 წლიდან მოყოლებული მუშაობს. 56 წლის კოლუმბიელი ერთ დროს, კერძოდ, 2001-2005 წლებში “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. შემდეგ კი, გეზი სამხრეთ ამერიკისკენ აიღო.

სხვა და სხვა დროს, “მილიონარიოსს”, “ჩიკაგო ფაირს”, “ნიუ-იორკ რედ ბულსს”, “ონსე კალდასს”, “პუებლას”, “ატლეტიკო ნასიონალსა” და “სან პაულუს” ავარჯიშებდა. სწორედ ბრაზილიური გუნდიდან გადაბარგდა მექსიკაში.

ტიტულებით ოსორიო ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რადგან ყველაფერი, რაც მოგებული აქვს, კოლუმბიას, “ონსე კალდასსა” და “ატლეტიკო ნასიონალს” უკავშირდება.

მისი კარიერა დიდად გამორჩეული არც ფეხბურთელობისას ყოფილა. “დეპორტივო პერეირას”, “ინტერნასიონალისა” და “ონსე კალდასის” შუა ხაზს ამაგრებდა.

მექსიკა – ტიტულები

კონფედერაციათა თასი (1): 1999

ოქროს თასი (10): 1965, 1971, 1977, 1993, 1996, 1998, 2003, 2009, 2011, 2015

კონკაკაფის თასი (1): 2015

0.110919