ფეხბურთი

11:42 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "სწორი გზით მივდივართ"

საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია მიიჩნევს, რომ "ჯვაროსნების" ბოლო პერიოდი დადებითია. როგორც "ვიტესის" კაპიტანმა თქვა, საქართველომ გამარჯვება დაიმსახურა და გუნდი სწორი გზით მიდის.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველომ მალტა სწორედ კაშიას ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

„როდესაც ათი კაცის შემადგენლობით დავრჩით მოედანზე, გავირთულეთ მდგომარეობა. რაც შეეხება პირველ ტაიმს, ძალიან დადებითად შევაფასებ, მითუმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშს, ვისაც დღეს შანსი მიეცა. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და ეს რა თქმა უნდა არის პოზიტიური, რადგან გუნდურობით იქმნება ასეთი მომენტები. მსგავსი თამაშები ძალიან კარგი გამოცდილებაა ახალგაზრდებისთვის, რადგან სადებიუტო თამაშებს ყოველთვის ახლავს ემოცია. კარგია, რომ ათი კაცითაც შევძელით გამარჯვება. დავიმსახურეთ ეს მოგება, მაგრამ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და უფრო თავდაჯერებულად მოგვეგო. ბოლო თამაშებს პოზიტიურად შევაფასებ, არც ერთი გოლი არ გაგვიშვია და ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ. ვფიქრობ სწორი გზით მივდივართ. მწვრთნელიც კმაყოფილია, ფეხბურთელებიც. შეიძლება დღევანდელი თამაშის ხარისხი უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს,რომ ჩვენ მოვიგეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. მითუმეტეს სეზონის ბოლოს არ არის იოლი სანაკრებო თამაშები, თან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ესეც გასათვალისწინებელია“, - განაცხადა კაშიამ ნამატჩევს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში, მალტა 1:0 დაამარცხა, ხოლო ახლა ლუქსემბურგში გადაინაცვლებს, სადაც ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრება. ეს მატჩი 5 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე შედგება.

0.118324