ავტოსპორტი

23:15 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულის“ 250-ე რბოლა რიკიარდომ მონაკოში მოიგო

ფორმულა 1-ის პილოტებისთვის მონაკოს დიდი პრიზის რბოლაში გამარჯვება, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევაა. დანიელ რიკიარდო ამ მიზანთან ორი წლის წინათ ძალიან ახლოს იყო, მაგრამ გუნდის შეცდომამ ამის შანსი წაართვა. მაშინაც და ახლაც, ავსტრალიელმა სტარტი პოულ პოზიციიდან აიღო. და ამჯერად, მიზანს მიაღწია!

თან ეს „რედ ბულის“ 250-ე რბოლაში მოხდა. რიკიარდომ სტარტზე იოლად შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია და მიუხედავად იმისა, რომ რბოლის 28-ე წრეზე, მის მანქანაზე, კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემა (MGU-K) გაჭირვეულდა, მაინც მეტოქეებისთვის დაწინაურების მცირე შანსიც არ მიუცია.

ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა სებასტიან ფეტელმა, რომელმაც უკან მოიტოვა მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი და უშუალო კონკურენტი ლუის ჰამილტონი და მასთან ჩამორჩენა სამი ქულით შეამცირა.

„შენ შესანიშნავად იმუშავე, ეს 2016 წლის რბოლის სამაგიეროა“ - რადიოთი ასე მიულოცა თავის პილოტს „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა, ვინც სწორედ ის ორი წლის წინანდელი რბოლა იგულისხმა.

არადა, შუა რბოლაში რიკიარდოს რადიო-საუბარი თავის გუნდთან იმას მოასწავებდა, რომ ის რბოლას კარგავდა. „არ ვიცი, რამდენი სიმძლავრე დავკარგე, მაგრამ ეს ცოტა არ იყო, რადგან მხოლოდ ექვს სიჩქარეს ვიყენებდი. ჩვენს მანქანებს რვა სიჩქარე აქვს, მაგრამ სიმძლავრის დანაკლისის გამო, მეექვსეს ზევით გადაცემები არ მჭირდებოდა. აქსელერატორს ვაწვებოდი, მაგრამ მხოლოდ ბრრრრ მესმოდა. ვიფიქრე, რომ გაჩერება მომიწევდა. რადიოში ვთქვი, რომ სიმძლავრე დავკარგე და მინდოდა, რამდენიმე წამით თვალები დამეხუჭა. კინაღამ ტირილი დავიწყე“, - ყვებოდა ნარბოლევს რიკიარდო, ვისაც ლიდერობის შენარჩუნაბაში ის გარემოებაც დაეხმარა, რომ ფეტელის „ფერარიზე“ საბურავები სწრაფად გაცვდა და გერმანელი ამის გამო შეტევას ვერ ბედავდა.

რბოლის დროს ერთი სერიოზული ინციდენტიც მოხდა: გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ, პირველივე მოსახვევისთვის დამუხრუჭებისას, მონაკოელი პიერ გასლი უკნიდან ახალზელანდიელ ბრენდონ ჰარტლის დაეჯახა, რომელიც ამ დროს ნელა მოძრაობდა და რატომღაც, ოპტიმალური ტრაექტორია ეკავა. ბედად, ორივე პილოტი ტრავმას გადაურჩა, თუმცა მათმა მანქანებმა ტრასაზე ნამსხვრევები დატოვეს, რის გამოც, რბოლა ცოტა ხნით, ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში გაგრძელდა.

მონაკოს დიდი პრიზი

მონტე კარლო. დისტანცია 260.286 კმ (3 337 მ, 78 წრე)

  1. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:42:54.807
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 7.336
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 17.013
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 18.127
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 18.822
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 23.667
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 24.331
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 24.839
  9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 25.317
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:09.013
  11. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:09.864
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:10.461
  13. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:14.823
  14. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  16. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1 წრე
  17. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  18. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 8 წრე
  19. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 8 წრე
  20. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 26 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:14.260 (მე-60 წრე, 161.772 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 110 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 96; 3. დანიელ რიკიარდო - 72; 4. ვალტერი ბოტასი - 68; 5. კიმი რაიკონენი - 60; 6. მაქს ფერსტაპენი - 35; 7. ფერნანდო ალონსო - 32; 8. ნიკო ჰულკენბერგი - 26; 9. კარლოს საინსი - 20; 10. კევინ მაგნუსენი - 19; 11. პიერ გასლი - 18; 12. სერხიო პერესი - 17; 13-14. ესტებან ოკონი და შარლ ლეკლერი - 9; 15. სტოფელ ვანდოორნი - 8; 16. ლანს სტროლი - 4; 17. მარკუს ერიკსონი - 2; 18. ბრენდონ ჰარტლი - 1; 19-20. რომენ გროჟანი და სერგეი სიროტკინი - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედეს AMG - 178 ქულა; 2. ფერარი - 156; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 107; 4. რენო - 46; 5. მაკლარენ-რენო - 40; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 26; 7-8. ტორო როსო-ჰონდა და ჰაას-ფერარი - 19; 9. ზაუბერ-ფერარი - 11; 10. უილიამს-მერსედესი - 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.242094