ფეხბურთი

3:16 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"შესანიშნავი იყო "რეალში" თამაში" - კრიშტიანუ "სამეფო კლუბს" ტოვებს?

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალს” ტოვებს? – პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა “ლივერპულთან” (3:1) ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბში” თამაში შესანიშნავი გახლდათ.

“ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ ამ წუთებით ვისიამოვნო. მომდევნო დღეებში გულშემატკივრებს ჩემი მხრიდან ყველა კითხვაზე ვუპასუხებ. “რეალში” თამაში შესანიშნავი იყო.

კლუბს ვემშვიდობები? – არა, უბრალოდ მინდა, რომ ამ მომენტით დავტკბე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რადგან ჩვენ ისტორია დავწერეთ. უახლოეს დღეებში ყველაფერი ნათელი გახდება. ვიმეორებ, ერთი კონკრეტული ფეხბურთელის მომავალი მნიშვნელოვანი არაა, რადგან კლუბი ისტორიაში შევიდა”, - განაცხადა ნამატჩევს რონალდუმ.

პორტუგალიელის ზემოხსენებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი:

“ყველას აქვს უფლება პირდაპირ ისაუბროს, მაგრამ ასეთ შესანიშნავ მომენტში უფრო მნიშვნელოვანია კლუბი. ბედნიერი ვარ, რომ კრიშტიანუმ ჩვენთან ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ ჩვენს გუნდში მოიგო. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ის “რეალში” დარჩება, რადგან კონტრაქტი კლუბთან აკავშირებს”, - დასძინა პერესმა.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ “რეალში” 2009 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადავიდა და “სამეფო კლუბის” ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. პორტუგალიელ შემტევს მადრიდელებთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მაგრამ, რას ნიშნავს რონალდუს ზემოხსენებული განცხადება, ეს ალბათ, ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

0.126183