ფეხბურთი

16:07 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი და პსჟ უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი საფეხბურთო კარიერას არ დაასრულებს და მომავალი სეზონიდან “პარი სენ ჟერმენში” ითამაშებს. Sky sport-ის ინფორმაციით, ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და ბუფონი დღეს ან ხვალ პსჟ-ს წარმომადგენლებს შეხვდება.

მხარებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, ხოლო ხელფასის სახით ვეტერანი იტალიელი 8 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, ოთხშაბათს დადასტურდება.

თავის მხრივ, პსჟ-ს მხრიდან ინტერესი უკვე დაადასტურეს “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ და პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ:

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გუნდს ექნება სურვილი ისეთი ფეხბურთელის შეძენის, როგორიც ბუფონია. თუმცა ჩვენი ძირითადი მეკარე ისევ არეოლა იქნება”, - აღნიშნა ალ-ხელაიფიმ.

ჯიჯი ბუფონმა უარი თქვა იტალიის ნაკრებში გამოსამშვიდობებელ მატჩზე. ამ ინფორმაციამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალესანდრო კოსტაკურტა დაამწუხრა:

“ვწუხვარ, რომ ბუფონს არ სურს იტალიის ნაკრებში გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარება ისე, როგორც “იუვენტუსიდან”. იტალიელ ხალხს საშუალება მიეცემოდა მისთვის მადლობა გადაეხადა იმისთვის, რაც “სკუადრა აძურაში” გააკეთა. თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას”, - განაცხადა კოსტაკურტამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა “იუვენტუსი” 17 წლიანი ეპოქის შემდეგ ორი დღის წინ ოფიციალურად დატოვა. ბუფონმა “ბებერი ქალბატონის” რიგებში 656 მატჩი ჩაატარა (კლუბის ისტორიაში მეორე შედეგი) და 21 ტიტული მოიგო (კლუბის ისტორიაში რეკორდი).

0.109314