ფეხბურთი

1:55 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს საბოლოო ვერდიქტი: "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა

იტალიის სერია A-ს 2017-2018 წლების სეზონი დასრულდა. ბოლო ტურის წინ ბევრი რამ იყო გასარკვევი და ბუნებრივია, რომ გაირკვა: “ინტერი” ჩემპიონთა ლიგაზე, “ატალანტა” ევროპა ლიგაზე, “კროტონე” სერია B-ში.

სანამ ტურის ცენტრალურ მატჩზე ვისაუბრებდეთ, იქამდე მოდით ცხრილის ქვედა ნაწილი მიმოვიხილოთ. “კალიარი”, “უდინეზე”, “სპალი”, “კიევო” თუ “კროტონე” – ერთ-ერთი უნდა გავარდნილიყო. ყველაზე რთულ სიტუაციაში კი ვალტერ ძენგას “კროტონე” იმყოფებოდა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაშიც არ ექნებოდა გარანტია (სხვა თამაშებზე იქნებოდა დამოკიდებული) იმისა, რომ ადგილს შეინარჩუნებდა. თანაც, “ნაპოლის” სტუმრობდა. ჰოდა, კალაბრიელთა სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა – “კროტონე” დამარცხდა და ზედიზედ ორი სეზონის შემდეგ ელიტას გამოეთხოვა. ისე, რომც მოეგოთ ძენგას შეგირდებს, მაინც გავარდებონდნენ, რადგან მისმა ოთხივე კონკურენტმა სამი ქულა მოიპოვა.

“სპალმა” საკუთარ მოედანზე უმოტივაციო “სამპდორიას” მოუგო – 3:1. “უდინეზემ” “ბოლონია” დატოვა უქულოდ (1:0), “კიევომ” უკვე გავარდნილ “ბენევენტოს” აჯობა ასევე 1:0, ხოლო “კალიარიმ” “ატალანტა” დაამარცხა ამავე ანგარიშით. მიუხედავად მარცხისა, ბერგამოელები ზედიზედ მეორედ გავიდნენ ევროპა ლიგაზე, თუმცა სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულეს და ახალი სეზონისთვის მზადების დაწყება სხვებზე ადრე მოუწევთ.

“მილანმა” მაჟორულ ნოტაზე დაასრულა სეზონი. მიუხედავად იმისა, რომ “ფიორენტინა” ჯოვანი სიმეონეს გოლით დაწინაურდა, მერე “როსონერიმ” აიწყვიტა და ალბათ წლის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. დუბლით გამოირჩა პატრიკ კუტრონე, ხოლო მას მხარი ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ნიკოლა კალინიჩმა და ჯაკომო ბონავენტურამ აუბეს – 5:1. ჯენარო გატუზოს გუნდმა სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

და ბოლოს, ტურის მთავარი მატჩი რომში გაიმართა. “ლაციომ” “ინტერს” უმასპინძლა და ეს შეხვედრა არკვევდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელს. რომაელებს ფრეც აძლევდათ ხელს, ხოლო მილანელებს ოდენ გამარჯვება. სიმონე ინძაგიმ სტეფან დე ვრეი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, რომელიც “ინტერის” წევრი გახდება მალე. და შესაძლოა, “ლაციალეს” თავკაცი ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობს კიდეც...

შეხვედრა რომაელთა იერიშებით დაიწყო და ანგარიშიც მალევე გაიხსნა. უნდა აღინიშნოს, რომ გოლის მომენტში იღბალი რომაელთა მხარეს იყო – ადამ მარუშიჩის დარტყმული კარისკენ არ მიდიოდა, მაგრამ გზად ივან პერიშიჩს სახეში მოხვდა და გოლი გავიდა. “ლაციოს” მეორე გოლის გატანაც შეეძლო, რაც ყველა კითხვას გასცემდა პასუხს. ყველაზე ახლოს ამასთან სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი იყო, მაგრამ მისი ჯარიმა ძელმა აისხლიტა. 28-ე წუთზე “ინტერმა” კუთხური ჩააწოდა, მასპინძელთა მცველებს ჩაეძინათ და დანილო დ’ამბროზიომ გაათანაბრა. “არწივები” მეკარეზე თავდასხმას ითხოვდნენ, მაგრამ გოლი ჩაითვალა. საერთოდ, პირველ ტაიმში “ლაციო” უკეთ თამაშობდა და 41-ე წუთზე ისევ დაწინაურდა. კონტრშეტევა დიდებულად წარმართა სენად ლულიჩმა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ დატოვა ფელიპე ანდერსონი და ტექნიკურმა ბრაზილიელმა სათანადოდ შეასრულა – 2:1.

ლუჩანო სპალეტის გუნდის მდგომარეობა ისევ დამძიმდა. მათ აუცილებლად უნდა მოეგოთ. საამისო პირი კი შეხვედრას ნამდვილად არ უჩანდა. “ლაციოს” ჩემპიონთა ლიგამდე საქმე მშვიდად მიჰყავდა, მაგრამ ბოლოსკენ ყველაფერი აირია ინძაგის გუნდისთვის. ჯერ იყო და მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა ვიდეორეფეის ჩარევის შედეგად გაუქმდა. 7 წუთში მეორედ მოუწია მთავარ მსაჯს “ინტერის” სასარგებლოდ პენალტის დანიშნვა. ამჯერად საეჭვო არაფერი იყო. სტეფან დე ვრეიმ მაურო იკარდი წააქცია და დაზარალებულმა გაიტანა – 2:2. სხვათა შორის, იკარდიმ 29-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში “ლაციოს” ფორვარდ ჩირო იმმობილეს გაუტოლდა. უბრალოდ იტალიელის მიღწევა ოდნავ უფრო ფასობს, რადგან 29 გოლი 33 მატჩში გაიტანა, ხოლო იკარდის ამისთვის 34 თამაშის ჩატარება დასჭირდა.

გოლიდან ერთ წუთში “ლაციოს” კაპიტან სენად ლულიჩს ნერვებმა უმტყუნა და სტუმართა ფეხბურთელს უმნიშვნელო ეპიზოდში ეუხეშა. მას ერთი ყვითელი უკვე ჰქონდა და გასახდელის გზას გაუყენეს. “ინტერისტების” გულებში იმედი გაჩნდა. დრო იყო, 10 წუთი...

ბევრი ლოდინი არ დასჭირვებიათ: 81-ე წუთზე “ინტერმა” ისევ კუთხური ჩააწოდა, მატიას ვესინომ კი იდეალურად ითამაშა თავით და “ნერაძური” ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. იქ, სადაც ბოლოს 2011-2012 წლების სეზონში თამაშობდა... “ლაციოს” კი ევროპა ლიგით მოუწევს დაკმაყოფილება. აქვე გეტყვით, რომ ორივე გუნდმა სეზონი 72-72 ქულით დაასრულეს, ბურთების უკეთესი ბალანსი "ლაციოს" გააჩნდა, მაგრამ იტალიაში მთავარი ურთიერთშეხვედრებია, ეს კი "ნერაძურის" სასარგებლოდ მეტყველებს - 2:2, 3:2.

მოკლედ, სერია A დასრულებულია. “იუვენტუსი” (ჩემპიონი), “ნაპოლი”, “რომა” და “ინტერი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ. “ლაციო”, “მილანი” და “ატალანტა” ევროპა ლიგაზე, ხოლო “ბენევენტო”, “ვერონა” და “კროტონე” გავარდნენ...

“ჯენოა” – “ტორინო” 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 იაგო ფალკე (30), 0:2 ბაზელი (58), 1:2 პანდევი (80)

“მილანი” – “ფიორენტინა” 5:1 (2:1)

გოლები: 0:1 სიმეონე (20), 1:1 ჩალჰანოღლუ (23), 2:1 კუტრონე (41), 3:1 კალინიჩი (49), 4:1 კუტრონე (59), 5:1 ბონავენტურა (76)

“კალიარი” – “ატალანტა” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჩეპიტელი (87)

“კიევო” – “ბენევენტო” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ინგლეზე (49)

“სპალი” – “სამპდორია” 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ანტენუჩი (4, პენ), 2:0 გრასი (50), 3:0 ანტენუჩი (52), 3:1 კოვნაცკი (65)

“ნაპოლი” – “კროტონე” 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 მილიკი (23), 2:0 კალეხონი (32), 2:1 ტუმინელო (90)

“უდინეზე” – “ბოლონია” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ფოფანა (30)

“ლაციო” – “ინტერი” 2:3 (2:1)

გოლები: 1:0 პერიშიჩი (9, ა.გ), 1:1 დ’ამბორზიო (29), 2:1 ფელიპე ანდერსონი (41), 2:2 იკარდი (78, პენ), 2:3 ვესინო (81)

“სასუოლო” – “რომა” 0:1 (0:1)

გოლი: პეგოლო (45. ა.გ)

თეგებისერია A
0.300205