ბლოგი

14:18 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სპორტული ოკუპაციის მძიმე შედეგები

ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ძალაზედ მკაფიოდ უდგათ სპორტში ჩართულობის და ამ მხარეებში სპორტის მასობრიობის პრობლემა. გარდა იმისა, რომ მოშლილია, ანდა მთლიანად განადგურებულია სპორტული ინფრასტრუქტურა, გამქრალია მთელი რიგი სპორტის სახეობები და ახალგაზრდას რაც არ უნდა დიდი სურვილი ქონდეს, მაინც ვერ დაკავდება სპორტის იმ სახეობით რაც მას უყვარს და მოსწონს, უმნიშვნელოვანესია ის პრობლემაც, რომ ამ რეგიონებიდან ახალგაზრდები ისედაც გარბიან.

ოკუპირებულ რეგიონებში ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას ხელს ასევე უშლის სპორტული კუთხით უპერსპექტივობაც. როგორც იცით, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები არ აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სპორტულ კლუბებს, ტურნირებს, კონკრეტულ ღონისძებებსა და თქვენ წარმოიდგინეთ კონკრეტულად სპორტსმენებსაც კი.

რა მოტივაცია და პერსპერტივა უნდა ქონდეს ვთქვათ მონდომებულ ცხინვალელ ახალგაზრდას, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიშობს? არაღიარებული სამხრეთ ოსეთის სახელით ის საერთაშორისო დიდ შეჯიბრებებზე ვერ გავა და მას რჩება მხოლოდ ორი გზა - ან მონაწილეობა უნდა მიიღოს არაღიარებულ ქვეყნებს შორის ჩატარებულ კომიკურ და აბსურდულ ტურნირებში (რომელიც არც არავინ იცის და არც არავის აინტერესებს) ან უარი უნდა თქვას თავის ქალაქში ცხოვრებაზე, მიიღოს სხვა ქვეყნის (სამწუხარდ როგორც ხშირად ხდება ხოლმე - რუსეთის) მოქალაქეობა და იმ ქვეყნის სახელით გავიდეს ტურნირებზე. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი შეძლებს და კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ სპორტსმენებს, რომლებსაც ცხადია მოსამზადებელი პირობები ყოველთვის მასზე უკეთესი ექნებოდათ.

ასეთმა მძიმე სურათმა და არასასურველმა ტენდენტიებმა გამოიწვია ის, რომ მართლაც ნიჭიერი და ტალანტით სავსე ახალგაზრდები სამუდამოდ ტოვებენ მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებს და სხვა ქვეყნების სახელით გამოდიან მთელი მსოფლიოს სტადიონებზე, არენებსა თუ ტატამებზე. ამის მაგალითად თუნდაც ბესლანში დაბადებული და ცხინვალში გაზრდილი ოსი ფეხბურთელის, ალან ძაგოევის ისტორია მეტყველებს, რომელიც დღეს მოსკოვის “ცესკაში“ და რუსეთის ნაკრებში თამაშობს (თუმცა მისი საუკეთესო წლები ალბათ უკვე წარსულში დარჩა) და ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, ალანი საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა და მას ალბათ “ახალ გუცაევსაც“ კი დაარქმევდნენ.

ძაგოევის მსგავსად ბევრ ნიჭიერ აფხაზ თუ ოს ახალგაზრდას არ გაუმართლა და არა და ვერ ეღირსათ საერთაშორისო აღიარება (თუნდაც ეს აღიარება რუსეთის ნაკრებში თამაშით იყოს მიღწეული). მეტიც - ამ ახალგაზრდების სპორტული ტალანტი უკვალოდ გაქრა და დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპორტის განვითარებას ვინ ჩივის, - “საუკეთესო“ სამსახურად რუსეთის ჯარში სამსახური ანდა კონტრაბანდისტობა ითვლება.

გარდა ამისა, სხვადასხვა არაოფიციალური მონაცემებით, ნარკომანიის კუთხით ცხინვალის რეგიონიცა და აფხაზეთის დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ტერიტორიებია და იქ ფაქტობრივად უკონტროლოდ იყიდება სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, რასაც როგორც ვიცით სამწუხაროდ ხშირად სწორედ ახალგაზრდები მოიხმარენ. ასეთ დროს და ასეთ ვითარებაში მომავალი სპორტსმენების აღზრდაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ.

0.112748