ფეხბურთი

23:43 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების მწვრთნელია

იტალიის ნაკრებს ამიერიდან რობერტო მანჩინი გაწვრთნის. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 53 წლის სპეციალისტს 15 მაისს მედიას წარუდგნენ. მხარეებს შორის კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

“იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ რობერტო მანჩინისთან შეთანხმება მიღწეულია და სამშაბათს, 15 მაისს ოფიციალურად წარვადგენთ კოვერჩანოს ბაზაზე”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

რობერტო მანჩინიმ სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს “ფიორენტინაში” დაიწყო და მალევე რომის “ლაციოში” უხმეს. დედაქალაქში წარმატებული მუშაობის შემდეგ მილანის “ინტერში” გადაბარგდა, სადაც საუკეთესო პერიოდი ედგა. შემდეგ ავარჯიშებდა “მანჩესტერ სიტის”, “გალათასარაის”, ისევ “ინტერს” და ბოლოს “ზენიტს”, სადაც კონტრაქტი სამი დღის წინ გაწყვიტა.

მანჩინის მწვრთნელის რანგში სამჯერ აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი, ოთხჯერ იტალიის თასი, ორჯერ იტალიის სუპერთასი, ერთხელ ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ინგლისის სუპერთასი და თურქეთის თასი.

რობერტო მანჩინი თავის დროზე იტალიის ნაკრების ფეხბურთელიც იყო და 1998 წელს ევროპის, ხოლო 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. “სკუადრა აძურას” მაისურით რობერტომ 1984-1994 წლებში 36 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული იყო უმწვრთნელოდ. მაშინ, ნაკრების თავკაცის პოსტი ჯამპიერო ვენტურას დაატოვებინეს, რომლის ხელმძღვანელობით აპენინელები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ. რობერტო მანჩინის დებიუტი 28 მაისს, საუდის არაბეთთან ამხანაგურ მატჩში შედგება.

0.145816