ფეხბურთი

4:37 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: თრილერი, სენსაცია და დამარცხებული “ბარსელონა” “სიუდად დე ვალენსიაზე”

“რეალთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდგომ, გულშემატკივარს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ “ბარსელონა” მიმდინარე ლა ლიგას წაუგებლად დაასრულებდა, თუმცა ფეხბურთის ხიბლიც ესაა – ნებისმიერ დროს შეიძლება, უძლიერეს გუნდს ფეხი დაუცდეს და ისეთ მეტოქესთან დამარცხდეს, რომელსაც ერთი შეხედვით ამის ძალზე მიზერული შანსი აქვს.

ფეხბურთის მოყვარული, რომელიც ამ თამაშს 56-ე წუთზე ჩართავდა, ალბათ პირველი რასაც გაიფიქრებდა, შეცდომაა და ანგარიში არასწორად წერიაო, მაგრამ ეს რეალურად მოხდა: ხსენებული დროისთვის “ლევანტე” მოქმედ ჩემპიონს 5:1 (!) ანადგურებდა, რაც ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელი რამ გახლდათ.

პირველივე ტაიმში დუბლით გამოირჩა ემანუელ ბოატენგი, ხოლო ტაიმის მიწურულს ფელიპე კოუტინიომ ლამაზი გოლით სხვაობა შეამცირა. მეორე ნახევრის საწყისი 10 წუთი კი “ბლაუგრანასთვის” ჯოჯოხეთური გამოდგა: 46-ე წუთზე ბარდიმ მშვენიერი დარტყმით კვლავ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, სამ წუთში ბოატენგმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ხოლო 56-ე წუთზე როხერის ჩინებული გადაცემა ბარდიმ შეირგო, დუბლი შეასრულა და ანგარიში 5:1 გახადა.

ამის შემდგომ, “ბარსელონაც” გააქტიურდა და 12 წუთში 3 ბურთი გაიტანა – კოუტინიომ კიდევ ორი გოლი შეაგდო, ხოლო ლუის სუარესმა 71-ე წუთზე პენალტი აქცია გოლად და ანგარიში 5:4 გახდა, მაგრამ წონასწორობის აღდგენა სტუმრებმა ვეღარ შეძლეს და პირველი მარცხი იწვნიეს.

დღის მეორე მატჩში კი “ესპანიოლმა” შინ ბოლო ადგილოსანი “მალაგა” გაანადგურა.

ესპანიოლი – მალაგა 4:1 (3:1)

გოლები: 1:0 ხ.მორენო (8), 2:0 ს.გარსია (27), 3:0 ბაპტიშტაო (30), 3:1 ადრიანი (39 პენ.), 4:1 პიატი (79 პენ.)

ლევანტე – ბარსელონა 5:4 (2:1)

გოლები: 1:0, 2:0, 4:1 ბოატენგი (9; 30; 49), 2:1, 5:2, 5:3 კოუტინიო (38; 59; 64), 3:1, 5:1 ბარდი (46; 56), 5:4 ლ.სუარესი (71 პენ.)

თეგებილა ლიგა
0.110932