კალათბურთი

10:23 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბოსტონ სელტიკსმა" ლებრონი და "კლივლენდი" მიწაზე დაუშვა (+VIDEO)

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კონფერენციის ფინალური სერია დაიწყო. კერძოდ, აღმოსავლეთ კონფერენციაში, სადაც ყველაზე ტიტულოვანმა “ბოსტონ სელტიკსმა” ფავორიტად შერაცხული “კლივლენდ კავალიერსი” მიიღო და კუდით ქვა ასროლინა...

დიახ, როდესაც “კავსის” რიგებში ლებრონ ჯეიმსს თამაში არ მისდის, იქ ვეღარც გუნდი ვარგობს და რა გასაკვირია, რომ “ბოსტონმა” მეტოქე დაამარცხა. თუმცა, დამარცხებასაც ხომ გააჩნია?! “სელტიკსი” “კავალიერსს” ყველაფერში აღემატებოდა და საბოლოდო 25-წულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

პირველი ტაიმის შემდეგ ყველაფერი გარკვეული იყო. მასპინძლები დიდ შესვენებაზე 26 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და სასწაულის აღარავის სჯეროდა. მიუხედავად იმისა, რომ “კლივლენდმა” მესამე მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარა და ჩამორჩენა 12 ქულით შეამცირა, სასწაული ნამდვილად არ შემდგარა. პირიქით, სხვაობა დასკვნით პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა და “ბოსტონი” სერიაში სრულიად დამსახურებულად დაწინაურდა.

“სელტიკსის” რიგებში დიდებული მატჩი ჩაატარეს ჯეილენ ბრაუნმა და მარკუს მორისმა. პირველმა მათგანმა 23 ქულა და 8 მოხსნა გაახერხა, ხოლო მორისი ერთადერთი გამოდგა, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა – 21 ქულა, 10 მოხსნა. გამორჩეული გახლდათ ასევე ალ ჰორფორდი, რომლის მოანაგარმა 20 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი შეადგინა, ხოლო ჯეისონ ტატუმი ამჯერზე 16 ქულას, 6 მოხსნასა და 3 პასს “დასჯერდა”.

“კავალიერსის” რიგებში კი კევინ ლავი გამოირჩა – 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი. “მეფე ლებრონის” აქტივში მხოლოდ და მხოლოდ 15 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი იყო. ჯეიმსმა თითქოს სამმაგ დუბლთან იტრიალა, მაგრამ მისგან ისეთი მატჩები გვახსოვს და მათ შორის, მიმდინარე პლეი-ოფში, რომ ეს ნადავლი დიდად ვერ ფასობს.

სერიის მეორე შეხვედრა 16 მაისს, ისევ ბოსტონში შედგება. იქამდე ერთი დღით ადრე კი, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიაც გაიხსნება, სადაც “ჰიუსტონ როკეტსი” გოლდენ სტეიტ უორიორზს” უმასპინძლებს.

“ბოსტონ სელტიკსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 108:83 (36:18, 25:17, 17:29, 30:19)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.501889